წითელათი მშობიარეებიც დაავადდნენ
06-05-2013
წითელათი მშობიარეებიც დაავადდნენ
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამშობიარო ნაწილის მელოგინეთა განყოფილებაში წითელას ეპიდემიის საფრთხე შეიქმნა. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ მელოგინეთა განყოფილებაში წითელათი ინფიცირებული ფეხმძიმეები მიჰყავთ, მედპერსონალიც ამ ვირუსით დაავადდა. "მელოგინეთა განყოფილებაში, ფაქტობრივად, ეპიდემიაა. ან  დროებით უნდა დაიხუროს ეს განყოფილება, ან რაიმე სანიტარიული ღონისძიება უნდა ჩატარდეს", - თქვა წყარომ. მისივე ცნობით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა მხოლოდ იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც სამსახურში იმყოფებო
და.

რა ხდება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და მიაღწია თუ არა კრიტიკულ ზღვარს წითელათი დაავადებულთა რიცხვმა, ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ  პაატა იმნაძეს ვკითხეთ:

- თბილისში ნამდვილად არის ეპიდაფეთქება, რასაც ვერ ვიტყვით  რეგიონებზე. დაავადებულები არიან  ძირითადად 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდები.  ცხადია, მელოგინეთა შორისაც გამოჩნდნენ ინფიცირებულები. მათი სხვადასხვა საავადმყოფოში
მიღება არასწორი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა, გამოგვეყო ადგილი ღუდუშაურის კლინიკის მელოგინეთა განყოფილებაში. იქ მიგვყავს ყველა მელოგინე, ვისაც კი წითელა აღმოაჩნდება. ექიმებს შორისაც არიან დაავადებულები, მაგრამ მინდა გავიმეორო: ბავშვებისთვის, წითელათი დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისა და ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის აცრა უფასოა. საჭიროა მხოლოდ გულისხმიერება და აცრის ჩატარება. რაც შეეხება იმას, რომ "წყარო" შეშფოთებულია წითელათი დაავადებული მელოგინეების ღუდუშაურის კლინიკაში მიყვანით, ამის საპასუხოდ გეტყვით: აბა, რა ვქნათ, დახმარება აღარ აღმოვუჩინოთ ინფიცირებულ მშობიარეებს?

- ასეთი მშობიარე რამდენიმე ათეულია?

- ათეული ნამდვილად არ არის...

- როგორ გრძნობენ თავს ისინი და ახალშობილები, მათ სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრება?
- ჯერჯერობით ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

- ხომ არ დადგა დრო, რომ ეპიდემია გამოცხადდეს და სასწავლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდეს?
-  სკოლებში სწავლის შეწყვეტა არ გვჭირდება, რადგან წითელა ბავშვებში არ გავრცელებულა, ძირითადად, წითელათი დაავადდნენ ადამიანები, რომელთა ასაკობრივ ჯგუფს სწავლა სკოლაშიც და უმაღლესშიც დამთავრებული აქვს.

P.S. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ბოლო ინფორმაციით (2 მაისის მდგომარეობით), საქართველოში სულ 2 668 კაცი დაავადდა წითელათი, აქედან 1 779 თბილისშია. წითელას რთული მიმდინარეობის გამო მხოლოდ 835 პაციენტს მოუხდა ჰოსპიტალიზაცია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით