უროლოგიური დაავადებები გაახალგაზრდავდა
06-05-2013
უროლოგიური დაავადებები გაახალგაზრდავდა
უროლოგიური დაავადებებიც, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადება, რომელსაც ადრე მოხუცებულობის ტვირთად ვთვლიდით, გაახალგაზრდავდა,…ამიტომაც, მამაკაცებო, შენიშნეთ შარდში სისხლი? ქალბატონებო, დააცემინეთ და იგრძენით, რომ შარდი გაგეპარათ? ნუ იფიქრებთ, რომ ეს შემთხვევითობაა, - გაფრთხილებთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უროლოგი ბატონი დავით ქოჩიაშვილი:

- უროლოგიას კაცების გინეკოლოგიასაც ეძახიან, მაგრამ ეს დამოკიდებულება, როგორც ჩანს, გადასახედია, რადგან გახშირდა დაავადებები, რომლებიც კაცების "საკუთრებად" ითვლებოდა, მაგრამ ახლა ქალებშიც ხშირად გვხვდება. ამის  სამწუხარო მაგალითები შარდის ბუშტის და თირკმლის სიმსივნეებია.
საგულისხმოა, რომ სხვა დაავადებების მხარდამხარ, უროლოგიური დაავადებებიც გაახალგაზრდავდა. ახლახან 24 წლის ბიჭს გავუკეთეთ შარდის ბუშტის სიმსივნის ოპერაცია.

მინიშნებები

პროსტატის, თირკმლის კიბოს შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მკვეთრად გამოხატული, შემაწუხებელი ნიშნები არ არსებობს, მაგრამ არის მინიშნება, რომელსაც 100 პაციენტიდან არც ერთი არ აქცევს ყურადღებას. ამას სამედიცინო ენაზე უსიმპტომო
მაკროგემატურია ჰქვია, ანუ შარდში შეიძლება გამოჩნდეს მცირე რაოდენობით სისხლი. ფსიქოლოგიური შოკიდან გამომდინარე, ამ ფაქტის აღმომჩენი ადამიანი ელოდება, რომ შარდში ისევ აღმოაჩენს სისხლს, მაგრამ მეორე შემთხვევა შესაძლებელია არც განმეორდეს და რაკიღა ის  გაქრება, პაციენტი თავს დამშვიდების უფლებას მისცემს… იმ დრომდე, სანამ ექიმი შორს წასული ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზს დაუსვამს.…

როგორ დავიცვათ თავი

გვყავს პაციენტები, რომლებსაც სიმსივნური დაავადებების შიში ექცათ დაავადებად და ამიტომ საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ. მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც  ზედმეტი შიშისა და ღელვის გარეშე, წელიწადში ერთხელ იკეთებდეს გამოკვლევას.…სამწუხაროდ, ჩვენამდე ონკოლოგიური ავადმყოფების უდიდესი ნაწილი, დაგვიანებით მოდის. არადა, თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის კიბო,…თუკი მას პირველ სტადიაში აღმოვაჩენთ, იკურნება!  რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის სამინისტროს ეგიდით, პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევების აქცია ჩავატარეთ. 1 500 მამაკაცი მოვიდა. აქედან 25-ს დაუდგინდა დაავადება და ისინი საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდნენ. ახლა იმ 25 პაციენტიდან 23 ჯანმრთელია, რადგან დროული დახმარება აღმოვუჩინეთ. ამას რომ გიყვებით, არ იფიქროთ, მავიწყდება, ეს კონტროლი როგორ ხარჯებთან არის დაკავშირებული… და რისი შესაძლებლობა აქვს ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ სხვა თავდაცვა, გარდა კონტროლისა, არ არსებობს.

ქალური პრობლემები

ქალური პრობლემები (თუ არ არის ბავშვობის პათოლოგია), ხშირად სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად იწყება. ხშირია დეფლორაციული ცისტიტი, რომელიც პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ ემართებათ.

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. თუმცა გვაქვს მეორადი ცისტიტებიც, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის შარდის ბუშტის ანთება, მაგრამ მენჯის ღრუში რომელიღაც ორგანოს პათოლოგიურმა გადაგვარებამ მოგვცა ცისტიტის კლინიკა. ვთქვათ, გადიდებულმა საშვილოსნომ, კვანძებმა, რომლებმაც დაიკავეს შარდის ბუშტის არეალი, დააწვნენ მას და ამიტომ ქალი ხშირად შარდავს. იმისი დადგენა, რა ტიპის ცისტიტთან გვაქვს საქმე, არცთუ რთულია, მკურნალობაც შესაძლებელია. პრობლემის სიხშირეს ქალის ანატომია და ტოპოგრაფია აჩენს, რომელიც ისე არის მოწყობილი, რომ ძალიან ადვილად ხდება ქვემო საშარდე ტრაქტის დაინფიცირება - ურეთრა, ანუ შარდსადინარი ხვრელი მოკლეა და დიამეტრით უფრო დიდი, ვიდრე მამაკაცის. ამ ინფექციების 80%-ის გამომწვევი ნაწლავის ჩხირი კი მარტივად მიდის  შარდის ბუშტამდე, ამიტომაც არის ცისტიტის შემთხვევები მამაკაცებზე უფრო ხშირად ქალებთან. დიახ, ცისტიტს ინფექცია იწვევს და არა გაცივება. გაცივდი და ამიტომ იგრძენი დისკომფორტი? ეს ნიშნავს, რომ გაცივებას ბაქტერიის შეჭრა დაემთხვა. ფეხები გაგეყინა და ცუდად ხარ? თუ ასეა, როცა გათბები ეს მოვლენებიც უნდა გაქრეს, მაგრამ თუ ეს მოვლენები გახანგრძლივდა, ექიმს უნდა მიაკითხოთ.
პრევენცია 

ბევრი "ჭკვიანი" ქალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს, რომლებიც შემდეგნაირად ფორმულირდება: არ უნდა მიეკაროს კაცს, უნდა დაიცვას დიეტა, რადგან ცხარე-მჟავე-მწარემ შეიძლება გააღიზიანოს შარდის ბუშტის ლორწოვანი და გააჩინოს ცისტიტის მოვლენები. უარი უნდა თქვას ყავაზე, ჩაიზე, ალკოჰოლზე, ცივ საკვებზე  და არ უნდა გაცივდეს, ანუ 40-გრადუსიან სიცხეშიც ფეხზე წინდაამოცმულმა უნდა იაროს. არადა რეცეპტი მარტივია - ნუ ითმენენ ტკივილებს, იცხოვრონ ლაღად, შიშის და ვარაუდების გარეშე, ექიმს დროულად მიაკითხონ, იმეგობრონ ჯანმრთელ პარტნიორთან…და ნუ მოაკვლევინებენ თავს იმას, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვერავინ ხედავს - ბაქტერიებს.

შარდის შეუკავებლობა

არსებობს სხვადასხვაგვარი შეუკავებლობა. ვთქვათ, შეუკავებლობა, რომელიც დაკავშირებულია სტრესთან: ეს არ გახლავთ სოციალური ან ფსიქოლოგიური სტრესები; მედიცინა სტრესად ამ შემთხვევაში დაცემინებას, დახველებას, უხერხულ მოძრაობას მოიხსენიებს, რომლის დროსაც  ქალი ამბობს, რომ გაეპარა.… მეორე ტიპის შეუკავებლობაც გვაქვს - პარადოქსალური შეუკავებლობა, ანუ პაციენტი მუდმივად ვერ იკავებს შარდს... ეს ყველაფერი დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან. მაგალითად, ე.წ. პროლაბსთან, ანუ ორგანოს გამოვარდნასთან. ანატომიურად, შარდის ბუშტი დაფიქსირებულია. მას აქვს იოგები, კუნთოვანი აპარატი. ამის მოდუნებას კი თან სდევს სპინქტერის ტონუსის დაქვეითება და იწყება შარდის შეუკავებლობა.
რა იწვევს მოდუნებას? წონაში მკვეთრად კლება, ზედიზედ რამდენიმეჯერ მშობიარობა, გინეკოლოგიურ პრობლემები.  სიმსუქნე პირდაპირი ჩვენება არ არის, თუკი დარღვეული არ გახლავთ სპინქტერი. გვხვდება ასეთი შემთხვევები ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც. ხშირად ეს ჰორმონული დისბალანსია, ანუ მენოპაუზის შემდეგ ქალის ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ეს აპარატიც დუნდება.

თავდაცვა
როდესაც ამ ჩივილით ჩვენთან მოდის ქალი, პირველ რიგში ვურჩევთ, რომ ჯერ გინეკოლოგთან მივიდეს, შემდეგ მდგომარეობის შეფასებისდა მიხედვით, ვნიშნავთ ოპერაციულ ჩარევას, პრევენციულ მეთოდად კი ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც უამრავი სხვა დაავადების შესაჩერებლად, ვარჯიში, ცხოვრების ჯანსაღი წესი გვრჩება.…რჩევა: ქალი უნდა იყოს ლაღი, ძალიან მოსიყვარულე, ამ დროს გამოიყოფა ბევრი დადებითი ჰორმონი, რომელიც აძლევს საშუალებას მოწესრიგდეს ის შინაგანი სეკრეციის ორგანოები, რომლებიც აიძულებენ ორგანიზმს ნორმალურად იფუნქციონიროს.

დეა ცუცქირიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით