კარგად ვარ, რატომ უნდა დავლიო წამალი?! - კვირის პალიტრა

კარგად ვარ, რატომ უნდა დავლიო წამალი?!

"არტერიული წნევის აწევის თითოეული ეპიზოდი სამიზნე ორგანოების მილიონობით უჯრედის სიკვდილით მთავრდება. საბედნიეროდ, ორგანიზმს რეგენერაციის უნარი აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობაც არ გახლავთ უსაზღვრო".

ვესაუბრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორს კახა ჭელიძეს.

- ბატონო კახა, რამდენად ზუსტია ფრაზა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებას გამოხატავს ამ პრობლემის მიმართ - "წნევა მაქვს, კარდიოლოგს უნდა მივაკითხო". სინამდვილეში, ვინ არის ჩვენი წნევის ექიმი?

- არტერიული წნევა კარდიოლოგიური პათოლოგიაა, თუმცა იგი მხოლოდ კარდიოლოგის საზრუნავი არ გახლავთ, ამიტომ პაციენტმა, რომელსაც სისხლის მომატებული წნევა აქვს, თავდაპირველად თერაპევტს უნდა მიაკითხოს.

- რას ვიღებთ მასთან ვიზიტის შემდეგ?

- მიმართულებას მკურნალობის დასაწყებად. ის განსაზღვრავს, თავად Uუმკურნალოს, თუ კარდიოლოგი ჩააბას წნევასთან საბრძოლველად.

არტერიული ჰიპერტენზია იყოფა პირველად, ანუ ესენციურ და მეორეულ ჰიპერტენზიებად. ამ უკანასკნელს საფუძვლად შეიძლება ედოს თირკმლის დაავადებები, თირკმლის არტერიების შევიწროება, ცენტრალური ნერვული სისტემის,  ენდოკრინული ანდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. მეორეული ჰიპერტენზიის შემთხვევაში სისხლის წნევის მატების მიზეზის მოგვარებისას, წნევის პრობლემაც იხსნება, მაგრამ საუბედუროდ, ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევაში მიზეზის დადგენა არ ხერხდება.

თუკი პაციენტი ექიმს მიჰყვება, არის შესაძლებლობა, დავადგინოთ, წნევის მატება პირველად ხასიათს ატარებს, თუ სხვა დაავადებითაა განპირობებული.

- თუკი პაციენტს პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუსვეს, მთელი სიცოცხლე სასჯელივით, ყოველდღიურად მოუწევს წამლის მიღება?

- ესენციური, ანუ პირველადი ჰიპერტენზია თავადაა დაავადება, რომელიც, სამწუხაროდ, სურდოს მსგავსად, თავისით, ერთ-ორ კვირაში არ გვტოვებს და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. სასჯელი კი თვითონ წნევაა და არა ის ერთი ან ორი აბი, რომელიც განუსაზღვრელი ვადით უნდა მიიღოთ.

მკურნალობა ექიმისა და პაციენტის მოქმედებების ერთობლიობაა.… არ შეიძლება პაციენტმა ექიმის დანიშნულება აფთიაქში ფარმაცევტის კეთილი რჩევით”თვითნებურად შეცვალოს.

პაციენტს გამოკვლევების შემდეგ ვეუბნები, რომ არტერიული ჰიპერტენზია აქვს, ვუხსნი, რომ ეს პრობლემა განუსაზღვრელი ვადის პრობლემაა და ამიტომ, პრეპარატებიც და ჯანსაღი ცხოვრების წესიც განუსაზღვრელი ვადით სჭირდება. პაციენტი  ერთ კვირაში მირეკავს,… - კარგად ვარ, წამლების სმა დავამთავრე, კიდევ გავაგრძელო? ვეუბნები, გააგრძელეთ\-მეთქი. ერთ კვირაში ისევ მირეკავს - კიდევ გავაგრძელოო?.. უარესი მაშინ ხდება,  როცა აღარც რეკავს და აღარც მოდის. საბოლოოდ, მას უმძიმეს მდგომარეობაში უწევს დაბრუნება.…როცა  ვეკითხები, -  წამალს სვამდი-მეთქი, კითხვას მიბრუნებს - არა, კარგად ვიყავი და რატომ უნდა დამელია წამლებიო.

- ალბათ გაქვთ შემთხვევები, როდესაც პაციენტები წნევის ცვალებადობას ამინდს აბრალებენ.

- ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმი კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. შესაძლებელია, რომ ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ, ქარიანმა, წვიმიანმა თუ ზედმეტად მზიანმა დღემ წნევის ცვლილებებიც გამოიწვიოს, მაგრამ ერთხელ წნევის მომატება, ერთხელ ცუდად ყოფნა არ გახლავთ არტერიული ჰიპერტენზია. ჰიპერტენზია არის წნევის სტაბილური მატება, რომელსაც ახლავს სამიზნე ორგანოების: თავის ტვინის (ინსულტის სახით), გულის (ინფარქტის სახით), თირკმელების (ნეფროსკლეროზის სახით), თვალის ბადურისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება. აი, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია და არა წნევის ეპიზოდური, გარდამავალი მატება.

- თუ არსებობს ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი რეგულარულად მომატებული წნევა ამ ხუთ სამიზნე ორგანოს დააზიანებს?

- სამიზნე ორგანოების დაზიანების სიჩქარე და სიმძიმე დამოკიდებულია ბევრ გარემოებასა და თანმხლებ რისკ-ფაქტორზე: ვთქვათ, მწეველია თუ არა პაციენტი, აქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. მაგალითად, მწეველობა წნევასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა რისკს 5-6 ჯერ ზრდის, ლიპიდური ცვლის მოშლა - 9-ჯერ, მაგრამ გართულებების ვადის ზუსტი ვარაუდი შეუძლებელია. პაციენტმა ასეთი “ფეთქებადი კომბინაციით”შესაძლებელია დიდხანს იცოცხლოს და სულ სხვა მიზეზით გარდაიცვალოს. არტერიული ჰიპერტენზია იზოლირებულად ან სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად, ადრე თუ გვიან დააზიანებს სამიზნე ორგანოებს, მაგრამ ზუსტად როდის, ამის თქმა შეუძლებელია. ერთი კი დანამდვილებით უნდა ვთქვათ - თითოეული წნევის აწევის ეპიზოდი სამიზნე ორგანოების მილიონობით უჯრედის სიკვდილით მთავრდება. საბედნიეროდ, ორგანიზმს რეგენერაციის უნარი აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობაც არ გახლავთ უსაზღვრო.

დეა ცუცქირიძე