როგორ ავირიდოთ თავიდან კარიესი?
20-05-2013
როგორ ავირიდოთ თავიდან კარიესი?
კბილზე არა მხოლოდ მომხიბვლელობა, ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული

სადავო არ არის, ადამიანს კბილები ალამაზებს. მაგრამ, გარდა ამისა, კბილების სიჯანსაღეზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაც არის დამოკიდებული - სწორედ კბილების დახმარებით ხდება საკვების გადამუშავებისა და მონელების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის დარღვევასაც მოჰყვება ორგანიზმის პათოლოგიურ ცვლილებათა განვითარება. დღესდღეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის 95%-ს აღენიშნება პაროდონტის დაავადებები, რაც კარიესთან ერთად კბილების ნაადრევი დაკარგვის მთავარი მიზეზია. ამ მნიშვნელოვან თემაზე ექიმ- სტომატოლოგი ნანა გოგოტიშვილი გვესაუბრება:

- კბილი კალციუმის
შემცველი მკვრივი ნივთიერებაა, რომლის ზედაპირი წარმოიქმნება ემალითა და დენტინით. დენტინი ემალზე ბევრად რბილია. კბილის შიგნითა რბილი ნივთიერება - პულპა კი შეიცავს უამრავ სისხლძარღვსა და ნერვულ დაბოლოებას, კვებავს და იცავს კბილს. როცა ეს ბალანსი ირღვევა, იწყება კარიესი, ანუ მიკრობების ზემოქმედებით გამოწვეული კბილის დაშლა.

კარიესის თავიდან აცილებისათვის
დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. ცილების, ვიტამინების, მინერალური მარილების, ფტორისა და სხვადასხვა მიკროელემენტის არასაკმარისი მიწოდება აჩქარებს კარიესის განვითარებას. ბაქტერიებს კბილების დაზიანებაში "ეხმარება" შაქარი და სხვა ნივთიერებები. მეცნიერები ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მემკვიდრეობითობას, კბილების ჩანასახების განვითარებისა და ამოჭრის პერიოდში ძვალ-კბილოვანი სისტემის მდგომარეობას.

- როგორ ავიშოროთ თავიდან კარიესი?

- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სწორი კვება, პირის ღრუს ჰიგიენა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. ამ დაავადების თავიდან აცილებაში დიდ როლს თამაშობს პირის ღრუს სავლებები და საღეჭი რეზინი, რომლებიც ხელს უწყობენ ნადების მოცილებას, ხელს უშლიან ჟანგვით პროცესებსა და ბაქტერიების მოქმედებას. კბილებს არ უყვარს ხშირი წახემსება, ვინაიდან საკვების შემადგენელი ნახშირწყლები კარგი საკვები არეა მოკროორგანიზმებისათვის. სასურველია, ტკბილეულის შემცირება, განსაკუთრებით კვებას შორის შუალედებში. შაქარი ხელს უწყობს პირის ღრუში მიკრობების გამრავლებასა და მჟავიანობის მომატებას. თუკი არ შეგიძლიათ უარი თქვათ ტკბილეულზე, უმჯობესია შაქრის შემცვლელი პროდუქტების მიღება, მაგალითად, სახარინისა, და თუ ტკბილეულის მიღების შემდეგ კბილების გაწმენდის საშუალება არ არის, წყალი მაინც გამოივლეთ.

საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვიტამინებს, ცილოვან ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ამ უკანასკნელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი, რომელსაც შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები. კალციუმის დღიური მოთხოვნილება 1 000 მგ-ია, ხოლო ხორცისა და თევზის შემცველობა საკვებში ყოველდღიურად უნდა იყოს არანაკლებ 100 გ-ისა.
ცალკე აღსანიშნავია მცირეწლოვანი ბავშვების კვება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სითხე, წყლის გარდა, რომელსაც ვასხამთ ბავშვის საკვებად ბოთლში (სხვადასხვა რძე, ბავშვთა კვების ნარევები, ხილის წვენები), ამა თუ იმ რაოდენობით შეიცავენ შაქარს. სასურველი არ არის მივცეთ ბავშვებს ასეთი სითხეებით სავსე საწოვრიანი ბოთლი ხანგრძლივად. არსებობს ე.წ. "საწოვარას კარიესი", რომელიც ხასიათდება სკოლამდელ ასაკში ზედა წინა კბილების კარიესული დაზიანებით. ის ხშირად ემართებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც ადრეულ ასაკში ღამის განმავლობაში ძუძუთი რამდენიმეჯერ კვებავდნენ. სასურველია, პატარის პირის ღრუ სტომატოლოგმა დაათვალიეროს პირველი სარძევე კბილის ამოჭრიდან 6 თვის განმავლობაში, არა უგვიანეს 12 თვის ასაკამდე.

- რაც შეეხება პაროდონტის დაავადებებს?

- სამწუხაროდ, ამ სახელით ცნობილი დიდი ჯგუფი ღრძილების რამდენიმე დაავადებას შეიცავს. ამის მიზეზად ითვლება ღრძილების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, რომელიც შორსწასულ შემთხვევებში იწვევს ღრძილების ატროფიას და კბილების დაკარგვას. სამწუხაროდ, დღეისათვის ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ამ დაავადებათა ეფექტიანი განკურნება, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები ღრძილის ნაწილობრივად აღდგენის საშუალებას იძლევა. პაროდონტოზის დროს კარგია ღრძილების მასაჟი, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ღრძილების სისხლის მიმოქცევა. კბილების მომატებული მგრძნობელობის, ყრუ ტკივილისა და ქავილის დროს ტარდება შესაბამისი სიმპტომატური თერაპია. პაროდონტიტის დროს ზოგჯერ გამოიყენება ქირურგიული მკურნალობა, რომელთა მიზანია, კბილებიდან ღრძილის ჯიბეში ღრმად ჩასული ქვების მოცილება. პაროდონტიტის მკურნალობა ადრეულად უნდა დაიწყოს, თორემ ჯიბე გაღრმავდება, იშლება კბილის მიმაგრების ადგილი და ამოვარდება.

- სტომატოლოგები ყველაზე მეტად რომელ ნივთიერებებს მიიჩნევენ კბილებისათვის აუცილებლად?

- ყოველი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისათვის, ასევე საჭიროა კბილებისათვისაც. თუმცა, კალციუმის და ფტორის ნაკლებობის დროს წარმოუდგენელია, ადამიანს ჯანსაღი კბილები ჰქონდეს. ფტორი ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტრუქტურის აღდგენას, ზრდის კბილის წინააღმდეგობის უნარს კარიესის მიმართ. ხელს უშლის ბაქტერიის მიერ შაქრის გადამუშავების პროცესს. შესაბამისად, ამცირებს კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ მჟავების გამოყოფას და კარიესულ პროცესებს. ამ მხრივ ბევრად სასარგებლოა ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა, ვინაიდან ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში ფტორი არ შედის.

კალციუმი უხვად შედის რძის პროდუქტებში, თევზში, ხორცსა და ჩირებში...
დღეისათვის ბაზარზე უხვადაა იაფფასიანი და უხარისხო პროდუქცია. ხარისხიანი კბილის ჯაგრისი იაფი არ არის, მაგრამ ეკონომია ამ შემთხვევაში ძვირი გვიჯდება. უხარისხო ჯაგრისით კბილის გაწმენდა ხშირად არაეფექტიანია, გარდა ამისა, ამას შეიძლება მოჰყვეს ემალის დაზიანება, ღრძილებიდან სისხლდენა, კბილის ქვის გაჩენა. ამიტომაც არის სასურველი ხარისხიანი ჯაგრისის შეძენა, რომლითაც კბილები დღეში ორჯერ უნდა იწმინდებოდეს.  რბილი და ძალზე რბილი ჯაგრისები უნდა იხმარონ მათ, ვისაც აქვს ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან, საშუალო სიმაგრის ჯაგრისს ირჩევენ ისინი, რომელთაც უჭირთ მათ შორის ზუსტი არჩევანის გაკეთება. უხეში ჯაგრისის საშუალებით ხდება ღრძილების მძლავრი მასაჟი, ამიტომაც ასეთი ჯაგრისი შეუძლია იხმაროს მან, ვინც დარწმუნებულია თავისი ღრძილების სიმაგრეში.
nini
13 ივნისი 2013 08:06
არცერტი სტომატოლოგი არ გვირჩევს რო აფტიაქში შევიდზინოტ ფტორი და კალცი რომელიც კბილებისტვის უმნისჰვნელოვანესია,რა საკვებიც არ უნდა მიიღო აზრი არ აქვს

რედაქტორის რჩევით