გაგაწვალათ ხველებამ? - კვირის პალიტრა

გაგაწვალათ ხველებამ?

გაცივებისა და მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების შემდეგ ყველაზე დაუპატიჟებელი სტუმარია ბრონქიტი - ბრონქების ლორწოვანას კედლების ანთება.

ხანგრძლივი ხველება, მაღალი ტემპერატურა, მკერდში ტკივილი და საერთო სისუსტე მიგვანიშნებს, რომ ბრონქებს შველა სჭირდება. ბრონქიტის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ხელს უშლის არა მარტო ბრონქების ნორმალურ მუშაობას, არამედ ფილტვებისაც. სუსტი ფილტვები კი ხშირად მიზეზი ხდება ასთმის, პნევმონიისა და ტუბერკულოზის.

გაცივებისას, თუ ხველას თან სდევს გაუმჭვირვალე ლორწოს გამოყოფა და ეს 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, ტემპერატურა დაბალია, გიჭირს სუნთქვა - აუცილებლად უნდა გაესინჯოთ თერაპევტს.

დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმი დანიშნავს ფიტოწამლებს, ინჰალაციას და მცენარეთა ნახარშებს.

ამოსახველებელი თვისებები აქვს ძირტკბილას, ვირისტერფას, ტუხტს, სამფერა იას, მრავალძარღვას, კულმუხოს, წყლის იელს, ფიჭვის კვირტებს. როდესაც ტემპერატურა დარეგულირდება, შეიძლება მკურნალობაში ჩაირთოს მდგოვის საფენები, სპეციალური მალამოები.

7-8 დღის მკურნალობის შემდეგ ბრონქებიდან გამოიდევნება ყველა ინფექცია, ქრება შეშუპება და ავადმყოფობა უკან იხევს.

ბრონქიტის მძიმე ფორმების დროს ექიმი ავადმყოფს უნიშნავს ანტიბიოტიკებს (ანტიბიოტიკებით მკურნალობა თვითნებურად არ შეიძლება!).

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხალხურ რეცეპტს:

1. გულამოღებულ შავ ბოლოკში ჩაასხით თაფლი. 4-5 საათის შემდეგ მიიღეთ თითო ს/კ წვენი ყოველ საათში ერთხელ.

2. 0,5 ჩ/ჭ რძეს დაამატეთ ქურქუმა, იმბირი (კოჭა), დარიჩინი და ადუღეთ. მიიღეთ 2-ჯერ დღეში და აუცილებლად ძილის წინ.

3. ძილის წინ მდოგვიან (1 ლ-ზე 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი) ცხელ აბაზანაში ჩააწყვეთ ფეხები. ნელ-ნელა დაამატეთ ცხელი წყალი.