მზის სხივები არცთუ უსაფრთხოა - კვირის პალიტრა

მზის სხივები არცთუ უსაფრთხოა

მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ კანის დაბერების ნიშნების 80% 20 წლამდე გარუჯვის შედეგია. კოსმეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ კანის დაბერებასთან ბრძოლა, რომელიც წლების განმავლობაში მზის მწველი სხივებისგან "იწვოდა", ადვილი არ არის. ამიტომ, გვირჩევენ წინასწარ მოვამზადოთ კანი მზესთან ურთიერთობისთვის და ნუ დავუშვებთ გავრცელებულ შეცდომებს.

მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან ჩვენი ბუნებრივი შინაგანი დამცველია მელანინი. ის შეიცავს ორ ამინომჟავას: ტიროზინსა და ტრიფტოფენს. თუ რაციონში გავზრდით მათი უხვად შემცველი პროდუქტების რაოდენობას (ყველი, ლობიო, ღვიძლი, თევზი, ბანანი და სხვ.) კანი თანაბრად გაირუჯება. შვებულებამდე 2-3 კვირით ადრე ეს პროდუქტები უნდა შევიტანოთ რაციონში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ F, PP, E ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი. აფთიაქშიც შეგიძლიათ შეიძინოთ პრობიოტიკებიანი ვიტამინების კომპლექსი, რომელიც დაიცავს კანს მზის სხივებისგან. ასევე არარეკომენდებულია ზაფხულში პილინგი, რადგან ის ათხელებს კანს და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზის სხივებისგან დაცვას, თორემ ვერ გავექცევით პიგმენტაციას (ხალები გაჩნდება. სხვათა შორის, ის შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი ლაზერული პროცედურების შემდეგ). ასე რომ, შვებულების წინ უარი თქვით ყოველგვარ პილინგზე, სახის გაწმენდაზე. კოსმეტოლოგს მხოლოდ შემოდგომაზე ესტუმრეთ.

სპეციალისტები გვირჩევენ, თავი შეიკავოთ სოლარიუმისგან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წელს დაადგინა, რომ სოლარიუმი მიეკუთვნება მაღალ კანცეროგენურ რისკს. უწინარესად, არ უნდა დაგვავიწყდეს მელანინის წარმოქმნის რისკი, მეორე - კანს ნუ მივაყენებთ დამატებით სტრესს - მას ზღვაზე ელოდება საკმაო სტრესი. ასევე გვირჩევენ, თავი შევიკავოთ კოლაგენარიუმისგან - ის იგივე სოლარიუმია, სადაც კანზე უსვამენ შრატს, რომელიც დამატებით ხელს უწყობს კანის "შებოლვას".