არყის ხის სიკეთე - კვირის პალიტრა

არყის ხის სიკეთე

არყის ხის კვირტები, ყვავილები, ფოთლები, ქერქი და წვენი ანთებსაწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებებისაა.

არყის ხის ბუნებრივი წვენი შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზასა და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას, რომელსაც კარგად ითვისებს ორგანიზმი. ის ხელს უწყობს გაჯანსაღებას, უმკლავდება ავიტამინოზსა და აუმჯობესებს სახის კანს. წვენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადების, პოდაგრის, ართრიტისა და შეშუპების დროს, როგორც მსუბუქი შარდმდენი. არყის ხის წვენს უკუჩვენებები არა აქვს, მაგრამ შარდ-კენჭოვანი დაავადების, კუჭის წყლულისა და გასტრიტისას (მაღალი მჟავიანობით), უმჯობესია, რჩევისთვის მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ფიტოთერაპიაში არყის კვირტებს მიიჩნევენ ერთ-ერთ საუკეთესო ანთებსაწინააღმდეგო საშუალებად, მათ აქვთ ზოგადგამაჯანსაღებელი, ნაღველმდენი და შარდმდენი ეფექტი.

არყის ხის ქერქში ბევრი ბეტულინია - სასწაულმოქმედი ფისოვანი ნივთიერება, რომელიც იცავს ღვიძლს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ანთებას, აქვეითებს სისხლში ლიპიდების დონეს, სპობს ორგანიზმის დაბერების ხელისშემწყობ თავისუფალ რადიკალებს. ქერქი საუკეთესო ანტისეპტიკია, კურნავს იარებს, აქრობს ჩირქგროვას. ნახარში აჩერებს სისხლდენას და ხველებას. მისგან ამზადებენ აქტივირებულ ნახშირს.

დაიხსომეთ: არყის ხის თერაპია არარეკომენდებულია კოლიტის, ქრონიკული დიზენტერიის, თირკმლების დაავადებისას, ანტიბიოტიკებით მკურნალობისა და ორსულობის დროს.