მამაკაცური პრობლემები - კვირის პალიტრა

მამაკაცური პრობლემები

მამაკაცური პრობლემები ძალიან მრავალწახნაგოვანი საკითხია, რომელიც პირდაპირ კავშირშია გენეტიკასთან, სოციუმთან… და ნამდვილად არის პრობლემა, რადგან სქესობრივი დისკომფორტის გამო, პროსტატიტის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ, ძალიან ახალგაზრდა, 20-35 წლის მამაკაცებიც გვაკითხავენ, - მეუბნება უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ქოჩიაშვილი.

მამაკაცთა ჩივილი ორი ტიპისაა: უშვილობა და იმპოტენცია. თავის მხრივ, ეს ორი რამ, ერთმანეთთან არ არის  დაკავშირებული, რადგან სტერილურობა, ანუ უშვილობა, სულაც არ ნიშნავს, რომ მამაკაცს დაბალი პოტენცია აქვს.

მამაკაცებს ყველაზე ხშირად ქვემო საშარდე ტრაქტის ინფექციები აწუხებთ. ეს არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომელსაც რამდენიმე "პატრონი" ჰყავს: სექსოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი და უროლოგი.

ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც ქრონიკულად, წლობით მკურნალობენ პროსტატიტს, სხვადასხვა ინფექციას, რაც ნიშნავს, რომ ან დიაგნოზი  სწორად არ არის დასმული, ან პაციენტი არ იცავს და არ ემორჩილება მკურნალობის მოთხოვნებს. მარტივი ჭეშმარიტებაა: როდესაც სქესობრივი გზით გადადის ინფექცია, თუ პარტნიორმაც არ იმკურნალა, შედეგი არ დადგება. როგორც წესი, ამ მხრივ ქალბატონები გაცილებით მოწესრიგებული არიან, მაგრამ ვერ იყოლიებენ პარტნიორს მკურნალობაზე და მათი გასაჭირი ქრონიკული ხდება, მამაკაცი კი, რომელსაც ვეუბნები, რომ აქვს ტრიხამონი ან რაღაც სხვა ინფექცია, მიდის თავის პარტნიორთან, საუკეთესო შემთხვევაში ცოლთან და მას ახსნა-განმარტებას სთხოვს ისე, რომ საკუთარი ქმედებების ანალიზი ნაკლებად აინტერესებს. მოკლედ, ავადმყოფობა ავადმყოფობად რჩება და ამას ცოლ-ქმარს ან პარტნიორებს შორის დაძაბულობაც ემატება. გავრცელებული მოსაზრება, რომ ინფექციები წყლით გადადის, არ არის მართალი.…ეს დაავადებები გადადის მხოლოდ სქესობრივი გზით, თუკი ლორწოვანი დაზიანებულია.

ყველაფერი მარტივად გვარდება, როდესაც პარტნიორებს ერთმანეთის სჯერათ და  არ ატყუებენ ურთიერთს. ყოფილა შემთხვევები, როცა სამკურნალო დანიშნულება მამაკაცს მიაქვს თავისთვის და თავისი ცოლისთვის, თან კიდევ ასეთ ორ დანიშნულებას მთხოვს.…მეც ვაძლევ, მაგრამ იმის იქით კიდევ ვინ დგას, იმათ როგორღა ვუშველო? ჰოდა, ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეში. მახსოვს, ერთი პაციენტი გვყავდა, რომელიც ბოლოს ლამის დავაბით საწოლზე - ერთ კვირაში ქორწილი ჰქონდა, სამკურნალო გახლდათ, ქორწილამდე კი ისევ იმ ძველ პარტნიორთან მიდიოდა.…ამიტომ სამჯერ გაუმეორდა ერთი და იგივე ინფექცია. ამის მერე თქმა, ინფექციები არ იკურნებაო, მგონი, გადაჭარბებულია.

იმპოტენციას ძალიან ბევრი სხვა დაავადება იწვევს, იგივე პროსტატიტი, ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც ძალზე აქტუალურია 45-50 წლის მამაკაცებს შორის. ეს ის თემაა, რომელზეც მამაკაცები საუბარსაც გაურბიან და ამიტომ ექიმთანაც იშვიათად მიდიან,  ურჩევნიათ, ავადმყოფობა, რომლის მორჩენაც სრულიად რეალურია, ცხოვრებისეულ ტრაგედიად გადააქციონ, ოღონდ გაუმხელელი დატოვონ. არადა,   სრულიად ჯანმრთელი კაცისთვისაც კი სავალდებულოა 45-50 წლის ასაკში მიაკითხოს ექიმს და ჩაიტაროს სისხლის ანალიზი პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე, რომელიც არის პროსტატის კიბოს მარკერი. ამ ასაკში პროსტატის ფუნქციები ყველა შემთხვევაში იცვლება, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაავადებულია, მაგრამ ეს ცვლილებები სწორად რომ წარიმართოს და დაავადებად არ იქცეს, ექიმის მეთვალყურეობა  სჭირდება ან არც სჭირდება, მაგრამ ეს ექიმმა უნდა გითხრათ და არა გაწბილებულმა პარტნიორმა.

ამ ასაკში უყურადღებოდ დატოვებული ბაქტერიების თემაც აქტუალური ხდება, რაკიღა ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე საშარდე ტრაქტში ცირკულირებენ და პროსტატიტს იწვევენ. თუკი ამას არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებაც დაემატა, ე.წ. შეგუბებით პროსტატიტსაც დავიმატებთ. ამის შემდეგ კი საჭირო ხდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც არ არის მარტო უროლოგთან დაკავშირებული. ხშირად ამ პათოლოგიის მკურნალობაში ნევროლოგებიც არიან ჩართული.

ტრაგედია იწყება იქ, სადაც იმპოტენციის პრობლემა ფსიქოგენური ხდება. ვთქვათ, ჩემთან მოვიდა მამაკაცი და დავიწყეთ მკურნალობა. აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც მის ანალიზებში ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს უბრუნდება, მაგრამ მას ისევ აქვს პოტენციის პრობლემა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - პრობლემა ფსიქოგენურია, და როგორც უნდა ვარწმუნო, რომ ჯანმრთელია, არაფერი გამოსდის.

ახლახან ევროპულ ჰაიდლაინში ახალი თავი გამოჩნდა და მას ქვემო საშარდე ტრაქტის გაურკვეველი ეტიოლოგიის სინდრომი, მენჯის ტკივილის სინდრომი დაარქვეს.…როდესაც სათაურად "გაურკვეველი" გამოაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ამ დაავადების წარმოშობის მიზეზი გაუგებარია. ერთი მხრივ, გვაქვს მენჯის ტკივილის სინდრომი, რომელიც ფსიქოლოგიური დაავადებაა - ადრე მას პროსტატიტს ვეძახდით და მის გვერდით გვაქვს ბაქტერიული პროსტატიტები, რომლებიც იკურნება. თუმცა, ის "გაურკვეველიც" იკურნება, როდესაც მამაკაცს ისე გაუმართლებს, რომ მის გვერდით ჭკვიანი პარტნიორია. ჩემი პრაქტიკიდან ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩემმა მექალთანე პაციენტმა საყვარელი ქალი შეირთო ცოლად და ორ კვირაში იმპოტენტად იქცა.…ბოლოს, გავარკვიეთ მიზეზი:…ადრე საკუთარ ოფისში ცუღლუტობდა და ფართო ცოლქმრულმა სარეცელმა დათრგუნა. მერე ჭკუა ეყო, განდობოდა ცოლს, რომელსაც ამ ამბავზე მხოლოდ გაეღიმა.…ჰოდა, უდგათ ახლა საძინებელში იმ ოფისიდან გადმოტანილი სავარძლები…სიმბოლურად...…

დეა ცუცქირიძე