ალერგია არც ისე მარტივად დასაძლევია
10-06-2013
ალერგია არც ისე მარტივად დასაძლევია
თუ ზაფხულში პაწაწკინტელა მწერმა ისე დაგასივათ, რომ ექიმმა ძლივს მოგაბრუნათ, ცხადია, მას შემდეგ ნებისმიერი მწერისა შეგეშინდებათ - ალერგია საშინელი რამ არის, მაგრამ ალერგიის დროულად მკურნალობა შეიძლება. ისე კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი სახის ალერგია არც ისე მარტივად დასაძლევია და ექიმის მეთვალყურეობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივმართეთ სასაუბროდ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მურმან კიკვიძეს:

- ალერგია ადამიანის იმუნიტეტის იმ მდგომარეობას ასახავს, როცა იმუნური სისტემა განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს გარემო ფაქტორებზე. ანუ ეს იმუნიტეტის პათოლოგიური
მდგომარეობაა, თუმცა იმ იმუნოდაავადებებისგან განსხვავებით, როდესაც იმუნური სისტემის ფუნქციონირება დათრგუნვილია (იმუნოდეფიციტები) ან გაუკუღმართებულია (ავტოიმუნური დაავადებები) ალერგიისას იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურობს.

ალერგიული დაავადებები უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც ზედმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდებო
და, ნაკლებად ჰქონდა კონტაქტი თანატოლებთან, ბუნებასთან, ინფექციებთან, ხშირად იღებდა ანტიბიოტიკებს...
მნიშვნელოვანია ალერგიული დაავადებების მიმართ გენეტიკური განწყობაც და შესაძლოა, სხვა, ჯერ კიდევ უცნობი ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს ალერგოზების ჩამოყალიბებას. ასევე დგინდება, რომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში შიდა გარემო (საცხოვრებელი სახლები და ოფისები) გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გარე. შენობების ჰერმეტიზაციამ სახლების ორგანული და არაორგანული მტვრითა და ნაწილაკებით გაჯერება გამოიწვია. ეს ყველაფერი კი ადამიანის იმუნურ სისტემას უტევს.

- რა სახის ალერგიები გვხვდება?

- ეს შეიძლება იყოს კვებითი ალერგია, კანის ალერგია, სასუნთქი სისტემის ალერგოზი, ალერგია მწერის ნაკბენის მიმართ, წამლისმიერი ალერგიები... არის შემთხვევები, როდესაც ალერგიული გამოვლინებები სხვა, პირველად დაავადებებს უკავშირდება. მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება შესაძლოა ასოცირებული იყოს ვირუსულ ინფექციებთან, ჩიყვთან, დიაბეტთან, კუჭის წყლულთან, ავთვისებიან დაავადებებთან.
არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიაც. მაგალითად, ალერგია სითბოზე, სიცივეზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, წყალზე, მექანიკურ გაღიზიანებაზე, მზის სხივებზე. სხვადასხვა ასაკისთვისაც სხვადასხვა ალერგიის გამოვლინებაა დამახასიათებელი, - კვებითი ალერგია განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ; 5 წლიდან ბავშვებში უპირატესად ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები გვხვდება; 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კი უმთავრესად დერმატული.

არსებობს გასტროენტერული ალერგიებიც, რომლებსაც უფროსებში გასტროენტეროლოგიური დარღვევები ახასიათებს, ბავშვთა ასაკში კი შეიძლება გამოიხატოს სტომატიტით, კოლიკით, - მუცლის მუდმივი ტკივილით, ფაღარათით, ყაბზობით, სისხლიანი განავლითაც კი.

კანის ალერგიებიდან ძალზე გავრცელებულია ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ ატოპურ დერმატიტში გადაიზრდება, მერე კი ნეიროდერმიტში და მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია.
სასუნთქი გზების ალერგიებიდან, როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში საკმაოდ ხშირია მცენარის მტვრის ალერგიები, რომლებიც ცემინებით, რინოკონიუნქტივიტით, ზედა სასუნთქი გზების მუდმივი სიმპტომატიკით ვლინდება. სასუნთქ ალერგოზებს შორის ერთ-ერთი წამყვანია ბრონქული ასთმა.

ძალზე ხშირია კონტაქტური ალერგიაც - კონტაქტური დერმატიტი შეიძლება ნებისმიერი ადგილობრივად შეხებადი პრეპარატის, პარფიუმერიული საშუალებების, ტანსაცმლის მიმართ განვითარდეს და მეტად რთული სამკურნალოც გახდეს. საკმაოდ რთულად ვითარდება რეზინის ნაწარმით გამოწვეული ალერგიებიც. სხვათა შორის, ლატექსისგან მრავალი სამედიცინო აქსესუარი მზადდება, ამიტომ ლატექსური ალერგია მედიცინის სერიოზული პრობლემაა.

- რა შანსი აქვს დღევანდელ მედიცინას დამნაშავე ალერგენის ამოსაცნობად?
- ის დიაგნოსტიკური ტესტები, რომელთაც მსოფლიოში იყენებენ, მათ შორის იმუნოლოგიური ტესტები და კანის სინჯები, არ გვაძლევს დამნაშავე ალერგენების 100%-იანი სიზუსტით გამოვლენის საშუალებას, განსაკუთრებით კვებითი და მედიკამენტური ალერგიებისას. მაგალითად, კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება პროვოკაციული სინჯი საკვებით. ამ სინჯებს შორის საუკეთესოა ბრმა მეთოდი, როდესაც პაციენტი იღებს სპეციალურ კაფსულებში მოთავსებულ საკვებს, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტის გამოსარიცხავად, არც მან და არც ექიმმა არ იციან, რა პროდუქტია ეს. მხოლოდ ამგვარად შეიძლება დამნაშავე საკვების მაღალი სიზუსტით გამოვლენა.
ალერგიის კვლევა რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიცინა მას ვერ კურნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გახშირებული ალერგიების ფონზე დედამიწაზე მუდმივად იქნებოდა დაავადებული მილიონი ადამიანი, რომელთაც არაფერი შველით.

- არსებობს თუ არა ალერგიები ტანსაცმლის ან საკვების ფერზე.
- თქმულება ფერთან დაკავშირებულ ალერგიებზე მოდის იმ წლებიდან, როცა საკვებში შედიოდა ნარინჯისფერი ნივთიერება ტარტაზინი. ეს ნივთიერება თავად იწვევდა ალერგიას. ადამიანს შეუძლია თამამად მიირთვას ნებისმიერი ხილი და თუ რომელიმე ალერგიას გამოიწვევს, ესე იგი, ეს ამ ხილის ფერის კი არა, თავად ამ ხილის მიზეზია.

- არაერთხელ გვსმენია ანაფილაქსიური შოკის შესახებ. როცა ადამიანს მწერი კბენს და ამ დროს ელვის სისწრაფით შუპდება, უშუპდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი და ზოგჯერ ეს ლეტალურადაც სრულდება. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?
- ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს კანქვეშ 0.1%-იანი ადრენალინის ჰიდროქლორიდი. ადრენალინი კეთდება კანქვეშ ან კანში, მოზრდილებისთვის - 0.2-0.5 მლ, ბავშვებისთვის - 0.01 მლ კგ წონაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არა უმეტეს 0.3 მლ-ისა. სტეროიდული პრეპარატებიდან ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ დექსამეტაზონი, რომელსაც ძლიერი შეშუპების საწინააღმდეგო თვისება აქვს.
ანტიჰისტამინური პრეპარატებიდან დასაშვებია დიმედროლის გამოყენება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით