ვჭამოთ თუ არა პური?
17-06-2013
ვჭამოთ თუ არა პური?
საკვებით გამოწვეულ პრობლემებზე, ქატოზე ატეხილ აჟიოტაჟსა და სიმსუქნის მთავარ "დამნაშავეზე", პურზე სასაუბროდ გასტროენტეროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გელა სულაბერიძეს ვესაუბრებით.

დაავადებები, რომლებიც არაჯანსაღ საკვებს უკავშირდება

...ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე დასაფიქრებლად ამ დაავადებების ჩამოთვლაც საკმარისია: გულის დაავადებები (სტენოკარდია, ინფარქტი), სისხლძარღვთა დაავადებები (ათეროსკლეროზი, ინსულტი), შაქრიანი დიაბეტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ონკოლოგიური დაავადებები და სხვ. არ მინდა  მკითხველი შევაშფოთო, მაგრამ თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განიხილება ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და სიმსუქნის კავშირი სიმსივნესთან, რაც ასევე არაჯანსაღ
საკვებს უკავშირდება. აკრძალვების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვცდილობ მძიმე ავადმყოფებსაც კი მაქსიმალურად გავუფართოო კვების რაციონი, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ზომიერება - მედიცინაში მთავარი და აღიარებული პრიორიტეტი, აუცილებელი პირობაა ჯანმრთელობისთვის. მედიცინამ გადამდები დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ეპიდემიის მიზეზი ინფექცია
იქნება თუ არასწორი კვება? სიმსუქნე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეპიდემიად არის აღიარებული, ხოლო წონის ოპტიმიზაცია მიჩნეულია მრავალი დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად.

აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ჯანსაღი კვება და დიეტა. დიეტას სხვაგვარად დიეტოთერაპია ჰქვია და ბუნებრივია, მას ექიმი უნდა მართავდეს.

კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება რომ არ გამოიწვიოს

პურზე უფრო სრულფასოვანი საკვები კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. პური ადამიანისთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტი, მაგრამ მხოლოდ კარგი პური.  კარგი პური არ ნიშნავს თეთრ, ფუმფულა პურს. მოგეხსენებათ, თეთრი პური თეთრი ფქვილისგან მზადდება, რომელიც გაფცქვნილი ხორბლის დაფქვით მიიღება და ძირითადად სახამებელსა და ცილებს შეიცავს. ხორბალი სრულყოფილი პროდუქტია და მისი ასეთი დანაწევრება სასურველი არ არის. მით უმეტეს, რომ ქერქის მოცილებით იგი კარგავს მასის 25-30%-ს, რომელიც მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით, მიკროელემენტებით, მცენარეული ბოჭკოებით, რომლის ნაკლებობასაც თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობა განიცდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქერქი კარგად უნდა დამუშავდეს, რომ კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. საბედნიეროდ, დღეს ეს შესაძლებელია. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ყოველდღიური მოხმარებისთვის სასურველია რუხი პური გამოვიყენოთ, ოღონდ რუხ ფერს ემულგატორი და საღებავი არ უნდა აძლევდეს და კლასიკური მეთოდით უნდა იყოს დამზადებული.

გავხდეთ თუ არა ქატოს დიეტით?

ქატო შემადგენლობისა და დაბალკალორიულობის გამო საფუძვლიანად იწვევს დიდ ინტერესს, მაგრამ უხეშია და მისი დაუმუშავებელი სახით მიღება აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, იწვევს სეკრეციის და მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის არასასურველ სტიმულაციას, მუცლის ბერვას. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს მეცნიერი მედიკოსების მიერ მოწოდებული, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული სხვა პროდუქტები, მათ შორის პურიც, რომლებსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები და შეუზღუდავი რაოდენობით და ვადით შეუძლიათ მიიღონ როგორც ჯანმრთელმა, ისე ავადმყოფმა ადამიანებმა. ქატოს მიღება შეზღუდულია ჯანმრთელთათვის, რიგი დაავადებების დროს კი უკუჩვენებას იძლევა. ამ ორი პროდუქტის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება გახდა ქატოზე ატეხილი თბილისური აჟიოტაჟისა და გაუგებრობის მიზეზი, რომელიც დღემდე გრძელდება და არასასურველ შედეგებსაც იწვევს. ასეთი შედეგების თავიდან აცილებას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ დიეტის დაცვა მეტად საპასუხისმგებლო პროცესია, და ეს უკვე ექიმის პრეროგატივა გახლავთ. სხვა რამაა ჯანსაღი საკვების და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, რომელშიც საზოგადოების ფართო ფენებიც შეიძლება ჩაერთონ.

იმედი

თუ ჯანმრთელობა გვინდა, უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ საკვებზე, რაც ასე ძალიან გვიყვარს, რადგან ცივილიზაციის თანმხლები, არაგადამდები დაავადებები უფრო ხშირად იმ ქვეყნებში გვხვდება, რომლის მოსახლეობა მაღალკალორიულ, რაფინირებული ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარ და მცენარეული ბოჭკოებით ღარიბ საკვებს იყენებს. არავითარ შემთხვევაში არც ტორტის ზომიერი ნაჭერი და არც ცხელი თონის პური თქვენი ჯანმრთელობისთვის  საშიში არ იქნება, თუკი მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევთ, სისტემატიურად კი ბუნებრივი, ტრადიციული, ჯანსაღი პროდუქტებით იკვებებით.

დეა ცუცქირიძე
სოფო
21 ივნისი 2013 09:50
დღესდღეობით როგორც ვიცით უმეტესობამ საზოგადოებისა პური და თან თეთრი უამრავი დანამატებით კეთდება რაც იწვევს წონის მატენას.პურის გარესე კი როგორც ვიცით შეუძლებელია თავის გატანა.რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ პურიც მივიღოთ და წონაშიც არ მოვიმატოთ.
tea tavberidze
18 ივნისი 2013 21:20
ბატონო გელა, ნუთუ არსებობს ისეთი პური რომლის შეუზღუდავად მიღება არ გაგავასუქებს??? გვითხარით თუ ღმერთი გწამთ რომელია და სად იყიდება,თორემ ქრონიკული დიეტებით სამწუხაროდ საქართველოში მსმენია, რომ რამდენიმე ქალბატონი გარდაიცვალა კიდეც...
tamuna
17 ივნისი 2013 15:57
ბატონი გელა ამბობს,რომ საქართველოში არსებობს მეცნიერი მედიკოსების მიერ მოწოდებული, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული სხვა პროდუქტები, მათ შორის პურიც, რომლებსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები და შეუზღუდავი რაოდენობით და ვადით შეუძლიათ მიიღონ როგორც ჯანმრთელმა, ისე ავადმყოფმა ადამიანებმა. და სხვების მსგავსად თავს იკავებს ამ პროდუქტების დასახელებისგან რომ რეკლამაში არ ჩაეთვალოს. როგორ შეიძლება gavigoT რომელ პროდუქტებზე საუბრობს? ძალიან მაინტერესებს იქნებ ამ ამ პროდუქტებზე დაწეროთ რამე. ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებთ და მათ შორის მეც

რედაქტორის რჩევით