ფორმა რომ შეინარჩუნოთ - კვირის პალიტრა

ფორმა რომ შეინარჩუნოთ

ალბათ იცით, რომ კვების პირამიდის ქვედა, მეორე საფეხური ბოსტნეულსა და ხილს უკავია. ამიტომაც, თუ გსურთ ფორმა შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გინდათ - სხვათა შორის, რეკომენდებულია დღეში 3-5 ულუფა - 500 გ. თუმცა თქვენ ალბათ უფრო მოგწონთ ტკბილი და ცხიმიანი საკვები, რომლებიც პირამიდის ზედა საფეხურზეა მოთავსებული. დიეტოლოგები კი გვირჩევენ, რომ სასურველია, ძირითად საკვებს ყოველთვის დავამატოთ ხილი და ბოსტნეული და მათ ხარჯზე თანდათანობით შევამციროთ ძირითადი საკვების რაოდენობა, დასვენების დღეებში კი მივირთვათ მხოლოდ მზესუმზირის, ზეითუნის ზეთით, გოგრით ან "ცოცხალი" იოგურტით შენელებული ახალი ხილისა და ბოსტნეულის სალათები. გარდა ამისა, გთავაზობთ საზაფხულო დიეტებს:

- ხუთდღიანი დიეტა საშუალებას იძლევა, სწრაფად დაიკლოთ რამდენიმე კგ, რაც ხელს შეუწყობს უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ საბანაო კოსტიუმში. ამასთან დიეტა არ მოგბეზრდებათ, რადგან ყოველდღე საკვები სხვადასხვანაირია.

1-ლი დღე - საუზმე: ახალი ხილისა და კენკრის რძიან-თაფლიანი კოქტეილი სადილი: კიტრისა და კეფირის "აკროშკა". ვახშამი: ხაჭო მწვანილითა და ჭიქა კეფირით (1%).

მე-2 დღე - საუზმე: ახალი ხილითა და კენკრით შეზავებული წყალში მოხარშული შვრიის ბურბუშელას ფაფა. სადილი: მსხლისა და ატმის 2-3 ნაჭრით, გარგარით, კენკრითა და ყველით შეკაზმული მწვანილის სალათა. ვახშამი: კენკრიანი "ცოცხალი" იოგურტი.

მე-3 დღე - საუზმე: კენკრითა და ვაშლით შენელებული შვრიის ფაფა. შვრიის კისელი. სადილი: ყაბაყისა და შვრიის ბურბუშელას ოლადები ჩილის სოუსით. ვახშამი: შვრიის ბურბუშელა რძით.

მე-4 დღე - საუზმე: უხეშად დაფქული ხორბლის პურის პატარა ნაჭერი ყველითა და 2 ნაჭერი პომიდვრით, უშაქრო ჩაი. სადილი: ბოსტნეულის (ბადრიჯნის, ყაბაყის, პომიდვრისა და ტკბილი წიწაკის) რაგუ. ვახშამი: იოგურტდამატებული ახალი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა.

მე-5 დღე - საუზმე: გახეხილი ვაშლითა და დარიჩინით შეზავებული რძეში მოხარშული ბრინჯის ფაფა. სადილი: სტაფილოთი, მწვანე ხახვითა და მუხუდოთი შენელებული მოხარშული ბრინჯი. ვახშამი: ბრინჯიანი თევზის ფილე, მწვანილით შეზავებული ჭიქა კეფირი (1%).

- ზღვის პროდუქტების დიეტაში უნდა გაითვალისწინოთ: უცხიმო თევზი, ზღვის კომბოსტო, კრევეტები, კიბორჩხალები, მოლუსკები, მიდიები. დღიური ნორმა გაყავით 4-5 მიღებაზე, ყოველი ულუფის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 გ-ს. მარილი და სანელებელი არ დაამატოთ. შეგიძლიათ დალიოთ წყალი. გახსოვდეთ, ყველაფერი უნდა მოამზადოთ ორთქლზე ან გრილზე. დიეტის ხანგრძლივობა 2 კვირაა.