რა იწვევს მხედველობის დარღვევას
24-06-2013
რა იწვევს მხედველობის დარღვევას
მედიცინის განვითარებასთან ერთად ჩვენი ეპოქა დაავადებათა გაახალგაზრდავებით არის გამორჩეული. მათ შორის დღეისათვის დისკომფორტი თვალის გახშირებულმა დაავადებებმაც შეგვიქმნა: ურთულესი ნანოტექნოლოგიები თუ მძიმე ყოველდღიური სამუშაოები, რომელიც თვალის განსაკუთრებულ დაძაბვას მოითხოვს, ძალზე მოქმედებს მხედველობაზე. მედიცინის უახლეს მიღწევებს ნამდვილად შეუძლია შეაჩეროს თვალის დაავადებები, თუმცა თანამედროვე მედიცინაც ვერაფერს გახდება, თუ არ გავითვალისწინეთ, რომ უპირველესად, არა მედიცინის, არამედ საკუთარი კეთილგონიერების იმედი უნდა გვქონდეს და ჯანმრთელობას დროულად მივხედოთ.
ამ და სხვა საკითხებზე ოფთალმოლოგი, პროფესორი დავით შენგელია გვესაუბრება.


- ბატონო დავით, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა თვალის იმ ანომალიების შესახებ, რომლებიც ბავშვობაში იწყება და დროული ჩარევით აღმოიფხვრება?

- თუ მშობელი დაკვირვებულია, მისთვის სულაც არ არის რთული, მიხვდეს, რომ მის შვილს დასათვალიერებლად საგანი ან წასაკითხად წიგნი - თვალებთან დაუშვებლად ახლოს მიაქვს; ან ვთქვათ, ტელევიზორს პირდაპირ
კი არ უყურებს, არამედ თითქოს გვერდიდან, ან თვალებს უცნაურად ჭუტავს. ადრეულ ასაკში წარმოშობილ ანომალიებს განეკუთვნება მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი.…
მიოპია შეიძლება იყოს როგორც შეძენილი, ასევე თანდაყოლილიც და მისი მკურნალობა სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასტიგმატიზმისას პაციენტი უჩივის როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე მხედველობის გაძნელებას. მის სამკურნალოდაც სათვალე ან კონტაქტური კორექცია გამოიყენება.

- ყველაზე ხშირად თვალის რომელი დაავადებების გამო მიმართავენ ექიმებს პაციენტები?
- დღეს ოფთალმოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი კერატოკონიუნქტივიტი, ანუ "მშრალი თვალის" სინდრომია. თუმცა, საბედნიეროდ, ეს დაავადება  არ იწვევს მხედველობის სრულ დაკარგვას ან თუნდაც  დაქვეითებას.

"მშრალი თვალის" სინდრომისას, არასაკმარისი დატენიანების გამო თვალიდან ნაკლებად ჩამოირეცხება და გამოიდევნება უცხო სხეულები, ირღვევა რქოვანას კვების პროცესი, უარესდება მხედველობა, იშლება ცრემლის დამცველობითი ფუნქცია, რაც შესაძლოა, თვალების ინფექციურ-ანთებითი პროცესის მიზეზი გახდეს.
"მშრალი თვალის" სინდრომის გამომწვევ მიზეზთა შორის უპირველესია კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, კონტაქტური ლინზების ტარება; ჰაერის კონდიცირება; მზის ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყლისა და სხვადასხვა ქიმიური ნაერთების ზემოქმედება.  "მშრალი თვალის" სინდრომის დროს ადამიანს ეწყება თვალის შეწითლება ქავილის გარეშე; სხვადასხვა ტკივილის შეგრძნება თვალის არეში, განსაკუთრებით თვალის ხამხამის დროს; მხედველობის სიმახვილის პერიოდული დაქვეითება და დასვენების შემდგომი გაუმჯობესება; მცირე რაოდენობით ლორწოვანი გამონადენი. ამ დროს ინიშნება პროცედურები, რომლებიც გამოყოფილი ცრემლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მერე კი სპეციალური პრეპარატები, წვეთები, რომლებიც თვალს მუდმივად დაატენიანებენ.

- საკმაოდ გავრცელებულ დაავადებად ითვლება კატარაქტაც.
- დიახ, მაგრამ კატარაქტის განვითარება ადამიანის დაბრმავებას არ ნიშნავს. მას თვალის ბროლის გამჭვირვალობის დაქვეითება იწვევს.
ყველაზე ხშირად გვხვდება ასაკობრივი კატარაქტები, თუმცა არსებობს თანდაყოლილიც. ორივე შემთხვევაში ხდება თვალიდან შემღვრეული ბროლის მოცილება და მის ნაცვლად ხელოვნურის ჩადგმა, რაც მხედველობის გარდაუვალ გაუმჯობესებას იწვევს.

- რას იტყვით თვალის ერთი-ერთი საშიში დაავადების, გლაუკომის შესახებ?
- გლაუკომა მხედველობის ნერვის ატროფიაა, რასაც იწვევს უპირატესად თვალშიდა წნევის მომატება. გლაუკომისას დაკარგული მხედველობის აღდგენა, სამწუხაროდ, აღარ შეიძლება, მაგრამ როცა პაციენტი თვალშიდა წნევის დარღვევის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ მაინც მიმართავს ექიმს, შესაძლებელია სიბრმავის თავიდან აცილება. გლაუკომის მედიკამენტური მკურნალობა ასევე ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. ამასთანავე, გლაუკომის შედეგების თავიდან ასაცილებლად ეფექტიანია ქირურგიული ჩარევა.

გლაუკომა გენეტიკური დაავადებაა, - თუკი თქვენს რომელიმე ახლო ნათესავს ჰქონდა გლაუკომა, რეკომენდებულია, მინიმუმ წელიწადში ერთხელ გაიაროთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
თვალისთვის ძალზე საშიშია თვალის ცენტრალური ვენის თრომბოზი. ამ პათოლოგიისას ერთადერთ სწორ ეფექტს დროული ქირურგიული ჩარევა იძლევა.

პ.ს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების სასწაულები თვალის მკურნალობასაც შეეხო. ღეროვანი უჯრედებით ახალი ორგანოს შექმნა თვალის მკურნალობასაც ეხება.. ხელოვნური ბადურის გადანერგვის ოპერაცია კი უკვე გაკეთდა ამერიკაში. ხელოვნური ბადურა აქ სრულიად უსინათლო ადამიანებს გადაუნერგეს. ეს არის მიკროჩიპი, ე.წ. ხელოვნური თვალი, რომელიც თვალის ბადურის გარსს უერთდება. ამას უდიდესი შედეგები მოჰყვა, - სულ რამდენიმე დღეში უსინათლო პაციენტებმა დაიწყეს ჯერ ოთახში საგნების გარჩევა, შემდეგ კი მაგიდაზე. ბოლოს, მათ შვიდი ფერი დაინახეს.
ზურაბ
14 ივნისი 2015 10:41
საქართველოში თუ კეთდება ხელოვნური ბადურის გადანერგვა?

რედაქტორის რჩევით