მარწყვი - გემრიელიც და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

მარწყვი - გემრიელიც და სასარგებლოც

ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარე მარწყვი გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოც არის. მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინით, თუთიით, ფოსფორით, ფოლიუმის, ვაშლის, ლიმონის, ქინის მჟავებით, ეთერზეთებით, C, E და B ჯგუფის ვიტამინებით. მისი ფოთლები და ფესურები მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.

სამკურნალოდ იყენებენ ნაყოფს, ფოთლებსა და ფესურებსაც. ნაყოფი დიეტური პროდუქტია, სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, ჰიპერტონიის დროს, აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მუშაობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, აძლიერებს მადას, წმენდს შინაგან ორგანოებს, იცავს ორგანიზმს ნაწლავური ინფექციებისგან, ვირუსული გრიპისგან, ათეროსკლეროზისაგან, ხელს უშლის დაბერების პროცესს.

მარწყვის ხმელი ნაყოფის ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე, ციებ-ცხელების, თირკმლისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს.

ვიტამინებით მდიდარ ფოთლებში უფრო ბევრია რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ვიდრე ნაყოფში. ამიტომ მისი ნაყენი საუკეთესო საშუალებაა გაცივების დროს, აქვს ღვიძლისა და თირკმლების გამწმენდი თვისება, ანელებს გულის რიტმს, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს. მარწყვი იცავს ადამიანს დეპრესიისაგან, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

მარწყვის ჭამა სასურველი არ არის ალერგიით, კუჭის წყლულით ან გასტრიტით დაავადებულთათვის, მისი თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, ამიტომაც მარწყვით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

მარწყვისაგან შეიძლება მოამზადოთ ნაყინი, ნამცხვარი, მურაბა, ჯემი, ჟელე, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კოქტეილები. გამოიყენოთ სალათებში.

გთავაზობთ მარწყვით სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს:

ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ქოლეცისტიტისა და კოლიტის დროს; 50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ.

თავის ტკივილის დასაამებლად მიირთვით 50-100 გ კენკრა და ტკივილი უთუოდ გაგივლით.

თუ ანგინამ შემოგიტიათ, ხმელ მარწყვს დაასხით ადუღებული წყალი, გააცივეთ და დალიეთ, ხოლო ფოთლების ნაყენი გამოივლეთ ყელში.

ელენთის, ღვიძლის, გინეკოლოგიური დაავადებების დროს 2ჩ /კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1/4 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, შემდგომ გაწურეთ და დალიეთ.

ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად წაისვით მარწყვის ახალგამოწურული წვენი და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ 2-3-ჯერ თვეში, მაგრამ თუ ალერგიული ხართ, ჯობს მარწყვის ნიღაბზე უარი თქვათ.