მთელი დღე რომ შეინარჩუნოთ ენერგია - კვირის პალიტრა

მთელი დღე რომ შეინარჩუნოთ ენერგია

გაითვალისწინეთ თქვენი ბიორიტმი.

რა თქმა უნდა, სამუშაო გრაფიკის აწყობა თქვენი ბიორიტმის გათვალისწინებით რთულია, მაგრამ კორექტივის შეტანა მაინც შეიძლება. თუ გაითვალისწინებთ ორგანიზმის თავისებურებას, საქმის კეთებაც გაგიადვილდებათ. დღე დაგეგმეთ ისე, რომ რთული საქმეები შეასრულოთ თქვენი აქტიურობის საათებში, დანარჩენი კი შემდეგ.

შეეცადეთ, გამოიძინოთ.

გვიან დაძინება თქვენი მუდმივი დაღლილობის ერთ-ერთი მიზეზია. ორგანიზმს არ ჰყოფნის დრო ენერგიის აღსადგენად. იმედი, რომ დასვენების დღეებში გამოიძინებთ, თავის მოტყუებაა. ასე უფრო ამოვარდებით რეჟიმიდან. ამიტომ, გირჩევთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ 7-8 საათი იძინოთ.

დაისვენეთ.

დასვენების დღეები გაატარეთ ნათესავებთან, მეგობრებთან და ეცადეთ, არ იფიქროთ სამსახურზე. მოდუნების საუკეთესო საშუალებაა მედიტაცია, მაგრამ თავდაპირველად წაიკითხეთ წიგნები ეზოტერიკის შესახებ ან ჩაეწერეთ სპეციალურ კურსებზე. მედიტაცია თუ არ მოგწონთ, მაშინ ისწავლეთ სიჩუმის მოსმენა, ეს დაგამშვიდებთ. არ იურთიერთოთ წუწუნა და უკმაყოფილო ადამიანებთან, რათა არ გადმოგედოთ ცხოვრებისადმი მათი ნეგატიური დამოკიდებულება.

ყოველდღე 0,5 საათით დაკავდით სპორტიYთ - ეს შეიძლება იყოს გასეირნება. ფიზიკური დატვირთვის დროს უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა და თავს იგრძნობთ მხნედ და ენერგიულად.

გადახედეთ მენიუს.

მუნიუში მეტი ადგილი დაუთმეთ ცილებს, რომელიც ეხმარება სისხლში გლუკოზის მუდმივი დონის შენარჩუნებას. სხვათა შორის, "ენერგეტიკულ" პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, იოგურტი და კაკალი, მაგრამ ეს პროდუქტი უნდა მიირთვათ განსაზღვრულ საათებში. მოუწესრიგებელი წახემსება იწვევს ნაყროვანებას და ძილს.

არ დაივიწყოთ შესვენება.

თუ დღე დატვირთული გაქვთ, აუცილებელია ხანმოკლე შესვენება. განმარტოვდით, დახუჭეთ თვალები, ნელა ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, გაიხსენეთ საყვარელი ადამიანები. ამ დროს მოეშვებით და შეამცირებთ სტრესს, მოგეხსნებათ კუნთების დაჭიმულობა... და დამშვიდდებით.

მუდმივად დაღლილობას გრძნობთ?

ჩაიტარეთ გამოკვლევა. დარწმუნდით, რომ ქრონიკული დაღლილობა ჯანმრთელობის მდგომარეობით არ არის გამოწვეული. ხშირად ასეთ დაღლილობას მივიჩნევთ ჩვეულებრივ მოვლენად, სინამდვილეში შეიძლება იყოს სერიოზული სიმპტომი. ამიტომ ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტს.

გამხნევდით არომატებით.

სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას არომატული ზეთები. სამუშაო განწყობას შეგიქმნით ლიმონი და მანდარინი. არომათერაპია ნებისმიერ დროს, სამსახურშიც კი შეიძლება ჩაიტაროთ.

საღამოს, სამსახურის შემდეგ...

ნუ "დაისვენებთ" ტელევიზორის წინ, მიიღეთ თბილი შხაპი, შემდეგ ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა. წყალი გაგამხნევებთ, გაგახალისებთ, რიტმული მუსიკა კი გუნება-განწყობილებას გაგიუმჯობესებთ. ძილის წინ დალიეთ ბალახეულის ჩაი, წაიკითხეთ წიგნი და დილით გაიღვიძებთ მხნედ და ხალისით.