საშიში სიმპტომი
01-07-2013
საშიში სიმპტომი
მუცლის ტკივილი მრავალსახოვანი სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სრულიად უვნებელი (მაგალითად, მსუბუქი კუჭის აშლილობა), ასევე ძალიან სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომაც ტკივილგამაყუჩებლის ყლაპვა და მოთმინებით მოლოდინი, რომ ტკივილი თავისთავად გაივლის, საშიშია. გაგაცნობთ მუცლის ტკივილის ლოკალიზაციის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ, დროულად მიაქციოთ ყურადღება ამ საშიშ მდგომარეობას.

გულის კოვზთან მწვავე, უეცარი ტკივილი - კუჭის მიზეზია. ამას იწვევს ძალიან საშიში მდგომარეობა - პერფორაცია (გახვრეტა) კუჭის კედლებისა და სისხლდენა. პერფორაციის დროს ტკივილს ადარებენ
ხანჯლით მიყენებულ ტკივილს, ამ დროს მუცელი ფიცარივით მაგრდება და სულ მცირე შეხება ან სხეულის მდებარეობის შეცვლაც კი იწვევს მკვეთრ, გაუსაძლის ტკივილს. კუჭიდან სისხლდენის დროს კანი თეთრდება, ძლიერდება გულისცემა, მკვეთრად ეცემა წნევა (ზოგჯერ გულის წასვლამდე), იწყება სისხლიანი პირღებინება.
პირველი დახმარება. საჭიროა სასწრაფოდ სამედიცინო ჩარევა! "სასწრაფოს" მოსვლამდე
ავადმყოფს სჭირდება სრული სიმშვიდე, წამლები არ მისცეთ, კუჭიდან სისხლდენის დროს მტკივნეულ ადგილზე უნდა დაადოთ რამე ცივი.

მარჯვენა ფერდქვეშ მწვავე ტკივილს შეიძლება იწვევდეს მწვავე ქოლეცისტიტი ან ნაღვლის სადინარების დაცობა. პირველ შემთხვევაში ტკივილი რამდენიმე ხნის შემდეგ ცოტათი იკლებს. განმეორების შემთხვევაში ავადმყოფს პერიოდულად აწუხებს მკვეთრი მჩხვლეტი ტკივილი - ნაღვლის ჭვალი, პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, პირში სიმწარის გემო.

პირველი დახმარება: ავადმყოფი უნდა ჩააწვინოთ ლოგინში, მიეცით     "ნოშპა" ან სხვა სპაზმის მომხსნელი (მაგრამ არა ანალგეტიკი!) საშუალება. აუცილებლად გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება".
მარცხენა ფერდქვეშ ძლიერი ტკივილის მიზეზია მწვავე პანკრეატიტი - კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი დაავადება. შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი და თან სდევს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, რომელსაც შვება არ მოაქვს.

პირველი დახმარება: პანკრეატიტის შეტევისთანავე გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება". ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს სჭირდება სიმშვიდე, შეიძლება მისცეთ სპაზმების მომხსნელი ("ნოშპა", "ბარალგინი", "პაპავერინი" და სხვ.) საშუალებები, მუცელზე დაადეთ ყინული. არ მისცეთ ანალგეტიკები, არ გამოურეცხოთ კუჭი.
ჭიპის არეში უეცარი ტკივილი დაკავშირებულია ნაწლავების პათოლოგიასთან. მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავების პერფორაცია, კუჭის მგავსად, ახასიათებს ხანჯლისებური ტკივილი და მაგარი მუცელი, გაუვალობა, მუცლის შებერილობა, ასიმეტრიული მუცელი. ენტეროკოლიტის სიმპტომებია ნაწლავებში ჭვალი, კუჭის აშლილობა, პირღებინება. თუ ტკივილი ლოკალიზდება მხოლოდ ჭიპთან, ე.ი. საქმე გვაქვს ჭიპის თიაქართან.
პირველი დახმარება: ექიმის მოსვლამდე რეკომენდებულია სიმშვიდე და სპაზმების მომხსნელი საშუალებების მიღება.

საზარდულის არეში ხშირად მწვავე ტკივილის მიზეზია აპენდიციტი. ახასიათებს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, დიარეა, მაღალი ტემპერატურა, უმადობა, სისუსტე...
პირველი დახმარება: პირველი სიმპტომებისთანავე აუცილებლად გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება". ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს არ მისცეთ საკვები, სითხე და წამლები. მარჯვენა გვერდზე შეიძლება დაადოთ ყინულიან ცივ წყალში დასველებული პირსახოცი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით