"ჩვენ საკმაოდ ეფექტური პროექტი დავიწყეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ საკმაოდ ეფექტური პროექტი დავიწყეთ"

"გეგმურ მომსახურებაზე წელიწადში მოქალაქეს 15 ათასი ლარის გამოყენება შეეძლება"

პირველი ივლისის შემდეგ, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, სოციალური მომსახურების სააგენტოებს ხალხი მიაწყდა. პირველად იგრძნეს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებზე ზრუნვა დაიწყო. პროგრამა ამუშავებულია, მაგრამ შეძლებს კი სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ მასშტაბური პროექტების თანმხლებ დაბრკოლებებს?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ გვესაუბრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო:

- როგორც იქნა ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ვის შეეხება ახალი პროექტი?

- საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამით სახელმწიფო ყველა მოქალაქეზე ზრუნავს. თუ დღემდე ეს იყო მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის, ახლა უკვე ზრუნვა დავიწყეთ საქართველოს მთელ მოსახლეობაზე. პირველი ეტაპი, რომელიც 28 თებერვლიდან პირველ ივლისამდე გაგრძელდა, მოიცავდა მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობების მართვას და ოჯახის ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობას.

პირველი ივლისიდან პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დაემატა ამბულატორიულ ნაწილში არა მხოლოდ ოჯახის ექიმის, არამედ სხვა სპეციალისტების კონსულტაციებიც. გაიზარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შესაძლებლობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფასოდ ჩატარდება გეგმური ქირურგიული ოპერაციები.

- როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, სად უნდა მივიდეს რეგისტრაციისთვის და რა საბუთებით?

- მოქალაქეებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუძლიათ აირჩიონ ის დაწესებულება, რომელიც მოსწონთ. რეგისტრაცია იქნება გამარტივებული, - მოქალაქემ, რომელიც ჩართულია ამ პროგრამაში, კონსულტაციისთვის უნდა მიაკითხოს ოჯახის ექიმს. პაციენტს დამატებით სპეციალისტის კონსულტაცია ან კვლევა თუ დასჭირდება, ოჯახის ექიმი ფორმა #100-ს გასცემს. პაციენტი პირადობის მოწმობით და ფორმა #100-ით უნდა მივიდეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

- თუ მოქალაქე დარეგისტრირდა რეგიონის რომელიმე კლინიკაში, მაგრამ მას სხვა ქალაქშიც უწევს ყოფნა, შეუძლია სხვა კლინიკით სარგებლობაც?

- თუ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდა გადაუდებელი ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურება, შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ დაწესებულებას მიმართოს. გეგმური მომსახურებისთვის მხოლოდ იმ პოლიკლინიკას უნდა მიაკითხოს, სადაც რეგისტრირებულია. თუ პაციენტი ერთ კლინიკაში დარეგისტრირდება, ორი თვის განმავლობაში სხვა კლინიკაში ვერ გადავა.

- რამდენ პროცენტს უფინანსებს პაციენტს სახელმწიფო და რამდენის გადახდა მოუწევს მოქალაქეს?

- გადაუდებელი მდგომარეობის დროს, სახელმწიფო დააფინანსებს 100 პროცენტს, ხოლო გეგმური სერვისები ფინანსდება 70 პროცენტით. გადაუდებელი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ერთ შემთხვევაზე 15 ათას ლარს დახარჯავს, გეგმურ მომსახურებაზე წელიწადში მოქალაქეს 15 ათასი ლარის გამოყენება შეეძლება.

ადრე გეგმური ოპერაციების ვადები 4-6 თვემდე დაცდას ითვალისწინებდა, ახლა პაციენტი მომსახურებას მაქსიმუმ ორ თვეში მიიღებს.

- როგორც ცნობილია, ვინც პროგრამის ამოქმედებამდე იყო დაზღვეული კერძო კომპანიებში ვერ მიიღებს ახალ პროგრამაში მონაწილეობას.

- თუ მოქალაქე არ არის კმაყოფილი კორპორაციული დაზღვევით, შეუძლია დატოვოს ის, მაგრამ სრულად ვერ ჩაერთვება ახალ პროგრამაში. ასეთ შემთხვევაში პაციენტი მიიღებს მხოლოდ ურგენტულ–გადაუდებელ პაკეტს. ორ თვეში ერთხელ გავაკეთებთ განახლებებს ისე, რომ ახალ პროგრამაში ნაკადების გადმოსვლამ არ გამოიწვიოს სისტემის არევა. ორი ან სამი თვის შემდეგ ვგეგმავთ მესამე ეტაპის დაწყებას. გვინდა გავაკეთოთ კიდევ ერთი გადაფასება და ვფიქრობთ, კიდევ მეტ მოქალაქეს ჩავრთავთ პროგრამაში.

- პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ასაკობრივი ზღვარი არსებობს?

- ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ასაკობრივი ზღვარი გაგვეტარებინა, თუმცა ასე გამოვიდა. დავიკავეთ ნიშა - ექვსი წლიდან საპენსიო ასაკამდე. ამას გამოაკლდნენ ისინი, ვინც უკვე სარგებლობენ დაზღვევით: სოციალურად დაუცველები, პედაგოგები და სტუდენტები.

- კერძო სადაზღვევეო კომპანიები როგორ შეხვდნენ სახელმწიფოს ახალ პროგრამას?

- კერძო სადაზღვევეო კომპანიებს ამ პროექტის დაწყებამდე პრობლემები ჰქონდათ. გასულ წლებში მათ დაეკისრათ დამატებითი ინფრასტრუქტურული ვალდებულებები, რამაც უმრავლესობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის არც კერძო და არც სახელმწიფო პროექტების განხორციელებას.

- საქართველოში მოუგვარებელ პრობლემად რჩება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების საკითხი. ახალ მთავრობას აქვს გეგმა ამ პრობლემის დასაძლევად?

- გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატაროთ. არ ვიქნებით შემოფარგლულები მხოლოდ საქართველოში მკურნალობით, თუმცა ჩვენ საკმაოდ ეფექტური პროექტი დავიწყეთ და ამ პროექტის ფარგლებში, უახლოეს თვეებში უკვე გვექნება შესაძლებლობა ასეთი ბავშვების მკურნალობა სრულად მოხერხდეს საქართველოში.

უტა ბიწაძე