ღვიის სასწაულები - კვირის პალიტრა

ღვიის სასწაულები

ძველად მარადმწვანე ღვია მიაჩნდათ მარადიული სიცოცხლის ელექსირად. მეტიც, ადამიანებს სჯეროდათ, რომ ეს მცენარე იცავს საცხოვრებელსა და მის ტოტებს კარზე კიდებდნენ. წიწვოვან მცენარეთა შორის გაუსნებოვნების თვისებით ღვიას სწორი არ მოეძებნება. ძველად, საშიში ეპიდემიის დროს, ანთებდნენ ღვიის კოცონს. რასაც მოგვიანებით სპეციალისტებმა ასეთი ახსნა მოუძებნეს: ერთი ძირი ღვია თავის გარშემო 30 მ რადიუსით ადეზინფიცირებს ჰაერს, ასეთ ძლიერ ფიტონციდურ და ბაქტერიოციდულ თვისებებს სძენს მას რთული შემადგენლობის ეთეროვანი ზეთი. ჩრდილოამერიკელი ინდიელები ტუბერკულოზით დაავადებულებს ასახლებდნენ ღვიით დაბურულ ადგილებში და ისინი სწრაფად იკურნებოდნენ. ღვიის სურნელება ასტიმულირებს ნერვული სისტემის მუშაობას, ხსნის თავის ტკივილს, სტრესებს, შველის უძილობას.

ღვიის პრეპარატებს აქვთ ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი მოქმედება, ასევე - ვიტამინური, ზოგადგამაჯანსაღებელი, ამოსახველებელი, ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული და შარდმდენი თვისებები.

ალერგიის დროს: - 1 ს/კ დაქუცმაცებულ ღვიის ნორჩ ღეროებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 4-5 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით სრულ გამოჯანმრთელებამდე.

სახსრების ტკივილისა და პოდაგრის დროს: - თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული დაფნის ფოთლის, ღვიის წიწვების, კარაქის ნარევით დაიზილეთ მტკივნეული სახსრები.

ხველებისა და ბრონქიტის დროს: - 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლი ღვიის წიწვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 5-7 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ და ნახარშით გაიკეთეთ ინჰალაცია.

გახსოვდეთ! ღვიის პრეპარატების მიღება არარეკომენდებულია ორსულებისთვის, თირკმლებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით, გასტრიტითა და კოლიტით დაავადებულთათვის.

ცხიმიანი სახის კანის ნიღაბი

- 2 ს/კ დაქუცმაცებულ ღვიის წიწვს და 1 ს/კ არყის ხის კვირტებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და კარგად გაწურეთ. თბილ ნაყენში დასველებული მარლა 20 წუთი დაიფინეთ სახეზე. ასეთი ნიღაბი ასუფთავებს კანს მუწუკებისგან, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას, კანს აძლევს ჯანმრთელ და დასვენებულ იერს. კურსი - დღეგამოშვებით 5-7 ნიღაბი.