ზაფხულის უსიამოვნებები
15-07-2013
ზაფხულის უსიამოვნებები
ზაფხულში გავრცელებული უსიამოვნებებია: მზის და სითბური დარტყმა, მოწამვლა და წნევის აწევა. მზის დარტყმას იწვევს დიდხანს მზეზე ყოფნა, უჰაერობა, უქარო ამინდი, მაძღრისობა, პლაჟზე ალკოჰოლიანი სასმლის სმა... მისი ტიპური ნიშნებია: სახის გაწითლება, პირღებინება, თავის გახურება, გონის დაკარგვა (ამ დროს სხეული ცივია).

სითბურ დარტყმას იწვევს ყველაფერი, რაც არღვევს ოფლის გამოყოფას და ხელს უშლის მის აორთქლებას: მაღალი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა, ფიზიკური მუშაობა ჰაერგაუმტარი ტანსაცმლით, გადაღლილობა, ორგანიზმის გაუწყლოება, ხანგრძლივად მზეზე ყოფნა. სითბური დარტყმის სიმპტომებია
- სისუსტე, მოთენთილობა, თავის ტკივილი, თავბრუ, სახის გაწითლება, მომატებული ტემპერატურა.

ორივე შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, თავი შეაფარეთ ჩრდილს, ტანი და თავი დაისველეთ ცივი წყლით და დალიეთ რაც შეიძლება მეტი გრილი წყალი. თუ სიცხეში თქვენი მეზობელი გახდა ცუდად, გადაიყვანეთ ჩრდილში, გაუხსენით საყელო, ტანსაცმელი და დააწვინეთ ზურგზე, თავი
ოდნავ აუწიეთ. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაალევინეთ ცივი წყალი, ხელებზე, ფეხებსა და თავზე დაადეთ სველი ცივი კომპრესი.
ექსტრემალურ შემთხვევაში, თუ ადამიანი გონდაკარგულია, არ სუნთქავს, კანი გაულურჯდა, პულსი არ ისინჯება, ექიმის მოსვლამდე სწრაფად ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი (რა თქმა უნდა, თუ იცით).

საერთოდ, ამ ზაფხულის უსიამოვნებებისაგან რომ თავი დაიცვათ, სიცხეში მიიღეთ ბევრი წყალი, რომელიც აგრილებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ოფლის გამოყოფას. ჩაიცვით ბამბის ან სელის ქსოვილის თეთრი ტანსაცმელი, თავზე დაიხურეთ. შეეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ მზეზე, ნარუჯის მიღება უკეთესია დილის 7 საათიდან 10 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ.

ზაფხულში არასასურველ და არაჰიგიენურ პირობებში მოხვედრილი საკვები სწრაფად ბინძურდება ბაქტერიებითა და მიკრობებით. მათი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მწვავე ნაწლავური ინფექცია. ყველაზე საშიშია სალმონელოზი, დიზენტერია და ვირუსული ინფექციები.

საკვებით მოწამვლის დროს უპირველესად უნდა გასუფთავდეს კუჭი. მიიღეთ აქტივირებული ნახშირი (ყოველ 10 კგ-ზე - 1 აბი), ბევრი წყალი, განსაკუთრებით ეფექტიანია რეჰიდრონი.
თუ ორი დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, არ გაქრა მუცლის ტკივილი, მოიმატა ტემპერატურამ, არ შეწყდა პირღებინება და დიარეა, შარდი გამუქდა, გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება". თუ ავად გახდა ბავშვი ან მოხუცებული, ნუ დაელოდებით მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაშინვე ექიმს მიმართეთ.
დაიხსომეთ: ჭამის წინ ხელები დაიბანეთ საპნით, ან გაიწმინდეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცით, კარგად გარეცხეთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული, არ ჭამოთ ვადაგასული პროდუქტი, ცუდად შემწვარი ხორცი და თევზი, სვით მხოლოდ ანადუღარი და ბოთლებში ჩამოსხმული წყალი. არ იყიდოთ დაჭრილი ხილი და სხვა პროდუქტი, არ დატოვოთ მზა საკვები და რძის პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე.

ზაფხულში მაღალწნევიანებს შეიძლება წნევა მკვეთრად აეწიოთ, გამოიწვიოს ჰიპერტონიული კრიზი. მას ახასიათებს თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, თვალების წინ ჩნდება პატარა, შავი წერტილები, პირღებინება, ხუთვა, სახის გაწითლება, ხელ-ფეხის კანკალი.

უპირველეს ყოვლისა, შეუქმენით ადამიანს მშვიდი გარემო, მიეცით წნევის დამწევი წამალი და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. გულის ტკივილის დროს მიეცით ვალიდოლი ან ნიტროგლიცერინი (ენის ქვეშ), ექიმის მოსვლამდე მდოგვის საფენები დაადეთ კისერზე და ფეხები ჩააწყობინეთ ცხელ წყალში.
გახსოვდეთ! ჰიპერტონიკებმა აუცილებლად უნდა გააკონტროლონ წნევა, სიცხეში არ იარონ 11 საათიდან 15 საათამდე, თავი აარიდონ ფიზიკურ შრომას. შეზღუდონ: ცხიმიანი, მარილიანი და მწარე საკვები, სიგარეტი და ალკოჰოლი, ჩაი და ყავა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით