ჯირკვალი, რომელიც ორგანიზმს მართავს? - კვირის პალიტრა

ჯირკვალი, რომელიც ორგანიზმს მართავს?

უეცრად აღმოაჩინეთ, რომ კარგი მადის მიუხედავად წონაში იკლებთ, ანდა უმიზეზოდ იმატებთ? შეიძლება გუნების სწრაფი ცვალებადობა და ჭარბი ოფლიანობაც დაგჩემდათ, მაშინ მედიცინაში ასე თუ ისე გარკვეული ნებისმიერი ადამიანიც გეტყვით, ექიმს უნდა გაესინჯოთ, ჩიყვი არ გქონდესო. ამ დაავადების შესახებ გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი ნათელა ნადარეიშვილი.

- ჩიყვის ტერმინში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევის შედეგად განვითარებული დაავადებები იგულისხმება. მათი უმრავლესობის საფუძველი იოდის დეფიციტია. ეს სასიცოცხლო ელემენტი ადამიანის ორგანიზმს ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება, მაგრამ როცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა. სწორედ ასეთი მდგომარეობის საფუძველზე აღმოცენდება ის დაავადებები, რომლებიც, როგორც ამბობენ, "ორგანიზმს ანგრევს". იმის მიხედვით, თუ რა ნიშნებით ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის მოშლა - თირეოიდული ჰორმონების სიჭარბითა თუ ნაკლებობით - ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, სუსტდება გულის ცემა, თავს იჩენს ბრადიკარდია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ყაბზობა, იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ანემია. ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია. ხდება წონაში კლება, ან მატება; იწყება ტაქიკარდია, მომატებული ნერვული აშლილობა, ოფლიანობა, მენსტრუალური ციკლის მოშლილობა, თვითნებური აბორტი, შინაგანი ცახცახი, უმიზეზო ფორიაქი... ფეხმძიმობის პერიოდში იოდდეფიციტურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის არასრულფასოვანი განვითარება ან თვითნებური აბორტი. ამიტომაც აუცილებელია, მომავალმა დედებმა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა დაფეხმძიმებამდე გამოიკვლიონ. ეს უსიამოვნო ჩამონათვალი კი ექიმთან დროული მისვლით აგვშორდება - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სწორი ფუნქციონირება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი.

- წყალში ან ჰაერში არსებული იოდის მარაგი ორგანიზმისთვის არაფერს ნიშნავს?

- წყლიდან ან ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. მინერალურ წყლებში კი ეს ელემენტი შედარებით მეტია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, თევზი. ბევრია იოდი თევზის ქონშიც. იოდს შეიცავს ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი. ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) კი იოდი უმნიშვნელო რაოდენობითაა. საბედნიეროდ, დღეისათვის მედიცინას აქვს საშუალება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა ისე გააუვნებლოს, ადამიანმა თავი ჯანმრთელად იგრძნოს.

- სამწუხაროდ, არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევები...

- ეს მეტად აქტუალური პრობლემაა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ჩიყვის ენდემურ კერად ითვლება. სამწუხაროდ, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის უშუალო მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჩამოყალიბებას. ესენია: მემკვიდრეობითობა, იოდის დეფიციტი, მაიონიზებელი რადიაციის გავლენა, ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგიები, მაგალითად, ჯირკვლის ადენომა, მრავალკვანძოვანი ჩიყვი, კისტა და ა.შ. ისევე, როგორც სხვა ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეც ორგვარია: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. სიცოცხლისათვის ეს საშიში რისკი რომ არ დაფიქსირდეს, ფარისებრი ჯირკვლის კვანძები ადრევე უნდა გამოვავლინოთ. საბედნიეროდ, ამ კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა და თერაპია, რაც ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს, ავთვისებიანი გადაგვარების შემთხვევაშიც კი, პაციენტის სრული განკურნებით მთავრდება.

- თამაშობს თუ არა როლს მემკვიდრეობითობა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაში?

- თამაშობს, ისევე როგორც სხვა დაავადებებში. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება. ამიტომაც ხშირია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ოჯახური შემთხვევები. გარდა მემკვიდრეობითი ფაქტორებისა, ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე გარემოში ცხოვრობენ, ხშირად ერთნაირად განიცდიან იოდის დეფიციტის, რადიაციული ფონისა ან არასრულფასოვანი კვების შედეგების გავლენას, რაც ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს. მკურნალობის შედეგების კვლევა კი, დაავადების ფონის გათვალისწინებით, დაახლოებით 6-12 თვეში ერთხელ არის სასურველი. და ერთიც: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს დაუშვებელია იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა და თვითპროფილაქტიკა. ამ პრეპარატების არასწორი მიღება შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა დავაზუსტოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. იოდშემცველი საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას.