"ყველა მძიმე პაციენტის შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაგვიანებულ მკურნალობასთან" - კვირის პალიტრა

"ყველა მძიმე პაციენტის შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაგვიანებულ მკურნალობასთან"

ვირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცია...

H1N1 ვირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცია. პაციენტი ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 27 წლის რამაზ ბეჟანიძე რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ხუთი პაციენტი. სამი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. კიდევ ერთი, ახალგაზრდა ქალი, ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. რამდენიმე დღის წინ, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, დედის მდგომარეობა კი გართულდა და აუცილებელი გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ექიმები ყველა გართულებულ შემთხვევას მკურნალობის დაგვიანებით ხსნიან. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტებმა უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.

მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში ღორის გრიპით ინფიცირების სულ 40 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1500 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ექიმთა განმარტებით, საქართველო ჯერჯერობით ისევ H1N1 ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება. იმისათვის, რომ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია გამოცხადდეს, 100 ათას მოსახლეზე, 1100 კაცს უნდა შეხვდეს ახალი გრიპის ვირუსი. ჩვენს შემთხვევაში კი, 100 ათას მოსახლეზე Hინფიცირებული მხოლოდ 850 პაციენტი აღირიცხა. მარტივი მათემატიკური გაანგარიშებაც კი ცხადყოფს, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - სამწუხაროდ, ვამბობდით კიდეც, რომ როდესაც დაავადების შემთხვევათა რიცხვი ათასებს გადააჭარბებს, ზოგი შემთხვევა შესაძლოა დამძიმდეს. ასეც მოხდა, გვაქვს ექვსი გართულებული შემთხვევა. საბედნიეროდ, ამ ექვსიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისში იმყოფება, მცირედით გაუმჯობესდა. სამწუხაროდ, ერთი მძიმე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. დანარჩენი სამის მდგომარეობა, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, კრიტიკულია.

- მათ შორის ფეხმძიმე ქალიც იყო, არა?

- დიახ, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ დედა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

- ბავშვი მუცლადყოფნისას დედისგან ვირუსით არ დაავადდა?

- გრიპი დედას შეხვდა და არა ნაყოფს. სწორედ ამ მიზეზით, დროულად გაკეთდა საკეისრო კვეთა. ყველა მძიმე პაციენტის შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაგვიანებულ მკურნალობასთან. თავის დროზე გამოვაცხადეთ, რომ ანალიზის ჩატარებას ღორის გრიპის გამოსავლენად, პაციენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ანალიზი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ვფლობდეთ ინფორმაციას და არა იმისთვის, რომ ექიმმა დიაგნოზი დასვას, ავადმყოფი კი უარს აცხადებდეს მკურნალობის დაწყებაზე, ვიდრე ანალიზის პასუხი არ ეცოდინება. სამწუხაროდ, ამ ექვსი მძიმე პაციენტიდან, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ელოდებოდნენ ანალიზის პასუხს და უარს ამბობდნენ მკურნალობის დაწყებაზე.

- რა დრო სჭირდება ანალიზის პასუხის მიღებას?

- ტექნოლოგიურად ამისათვის სამი დღეა საჭირო. მერწმუნეთ, ამ მძიმე შემთხვევებიდან, ორ პაციენტს ხელწერილი აქვთ დაწერილი, რომ ექიმთან პირველი მიმართვის შემდეგ უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.

- დაავადებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ალბათ მძიმე შემთხვევებიც მოიმატებს...

- 40 ათასმა ჩვენმა თანამემამულემ ეს გრიპი უკვე გადაიტანა და თან ყოველგვარი გართულების გარეშე. მაგრამ, რაც უფრო მეტი გადაიტანს ამ ახალ გრიპს, გაიზრდება გართულებული შემთხვევების ალბათობაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვთხოვთ ყველას, რომ გრიპის ნიშნების გამოვლენისას მიმართონ ექიმს.

- თუ ქვეყანა რეალურად იმყოფება ეპიდემიის ზღვარზე, პრევენციის თვალსაზრისით, რატომ არ ცხადდება კარანტინი საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში?

- ჩვენთან ამ გრიპის გავრცელება ახლა დაიწყო. ათასობით ავადმყოფიდან ვიღაც დამძიმდება, ვიღაც არა. ახლა მთავარია თქვენი მხარდაჭერა, რომ მოქალაქეებმა სწორად და დროულად მიმართონ კლინიკებს. ვიღაცის მდგომარეობა აუცილებლად დამძიმდება და სწორედ ის შემთხვევა არ უნდა გამოგვრჩეს. უმრავლესობა ამ გრიპს გართულებათა გარეშე გადაიტანს და ამას დაადასტურებენ ისინი, ვისაც უკვე შეხვდა და განიკურნა კიდეც ამ ვირუსისგან. მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. თუმცა სანუგეშოდ ისიც უნდა ითქვას, რომ წელს პირველი წელია, როდესაც ქვეყანაში გვაქვს საჭირო რაოდენობის გრიპის სამკურნალო პრეპარატები.

- მძიმე პაციენტებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც ხომ არ არიან?

- ერთი ბავშვი იყო მძიმედ იაშვილის კლინიკაში, მაგრამ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.