ლეიშმანიოზი - მძიმე დაავადება პატარა მწერისაგან - კვირის პალიტრა

ლეიშმანიოზი - მძიმე დაავადება პატარა მწერისაგან

"დაინფიცირებული მოსკიტი კბენისას ადამიანსა და ცხოველსაც აავადებს"

სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ამ მძიმე დაავადების ამოცნობა იმდენად ვერ ხერხდებოდა, რომ ზოგიერთ პაციენტს ლეიკემიის დიაგნოზსაც უსვამდნენ. ლეიშმანიოზი ბოლო წლებამდე უცხო და იშვიათ დაავადებად ითვლებოდა და მისი გამოცნობა მხოლოდ ძალზე გამოცდილ სპეციალისტებს შეეძლოთ.

რა არის ლეიშმანიოზი და თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ დაავადებასთან, გვესაუბრება ექიმი-ეპიდემიოლოგი მერაბ იოსავა:

- ამ მძიმე დაავადებას მცირე ზომის მწერები - ფლებოტომუსის გვარის მდედრი მოსკიტები  ავრცელებენ. ისინი "ბუდიდან" შორს არ დაფრინავენ, მაგრამ გამრავლებისათვის საჭირო პირობებს ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრღნელების სოროებში, ნაგვის გროვებში ეძებენ, სადაც თავად ინფიცირდებიან დაავადებული ცხოველის სისხლწოვის დროს, რაც კვერცხის განსავითარებლად სჭირდებათ.  დაინფიცირებული მოსკიტი კი კბენისას ადამიანსა და ცხოველსაც აავადებს.

ადამიანს ლეიშმანიოზის სამი ტიპის დაავადება უვითარდება - კანის, კან-ლორწოვანების და შინაგანი ორგანოების, ანუ ვისცერული ლეიშმანიოზი. ვისცერული ლეიშმანიოზის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1913 წელს არის აღწერილი და, სავარაუდოდ, ეს იყო პირველი ცნობა ამ დაავადებაზე მთელი კავკასიის რეგიონში.

- რამ გამოიწვია ეს?

- გაიზარდა ლეიშმანიოზის ძირითადი რეზერვუარი, ანუ ძაღლების რაოდენობა, საიდანაც მოსკიტებს ეს დაავადება ადამიანებზე გადააქვთ. ვერც გლობალური დათბობის პრობლემებს გამოვრიცხავთ, რამაც ამ დაავადების გადამტანების - მწერების გამრავლება გამოიწვია. დაავადების დიდი ნაწილი ჩვენს დედაქალაქზე მოდის, სადაც წინა წლებში გამოკვეთილი იყო სამი ძირითადი კერა - მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი, ანუ ის მთისპირა და ტყისპირა რაიონები, სადაც მაწანწალა ძაღლები აფარებენ თავს. ბოლო წლებში დაავადებამ გავრცელება თბილისის ყველა რაიონში დაიწყო.

- რა ასაკში გვხვდება ლეიშმანიოზი უფრო ხშირად და როგორია მისი მიმდინარეობა?

- ძირითადად ეს დაავადება მათ უვითარდებათ, ვისაც იმუნური მყარი სტატუსი არ აქვს, ამიტომ სამწუხაროდ, ის უფრო ხშირად 5 წლამდე ბავშვებში გვხვდება. თუმცა მოზრდილებშიც არის მისი გავრცელების შემთხვევები.

საქართველოში გავრცელებულია ლეიშმანიოზის ორი ფორმა - შინაგანი ორგანოების, ანუ ვისცერული და კანის ლეიშმანიოზი. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ელენთა.

კანის ლეიშმანიოზის დროს ნაკბენის ადგილას ვითარდება 2-3 მილიმეტრი დიამეტრის მქონე კვანძი. კვანძი ნელ-ნელა იზრდება და რამდენიმე თვის შემდეგ იფარება ქერქით, რომლის ქვეშაც ჩნდება წყლული. წყლულის შეხორცება ხანგრძლივად მიმდინარეობს.

დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის ფორმაზე. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს დაავადების გამოვლენის პერიოდი მერყეობს 20 დღიდან 10 თვემდე. საქართველოში გავრცელებული კანის ლეიშმანიოზი მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით ვისცერულ ლეიშმანიოზზე, რადგან თუ მკურნალობა დროზე არ ჩატარდა, ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ზოგჯერ დაავადება ისე ვითარდება, რომ პირველად ადამიანმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს. ამას მოჰყვება ზოგადი სისუსტე,  მადის დაქვეითება, ტალღისებური ცხელების ეპიზოდები, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურა  400ც -მდეც კი ადის; ღვიძლის და ელენთის გადიდება ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, ელენთა თანდათანობით ზომაში იმატებს და დაავადების პიკისთვის შესაძლოა, მცირე მენჯს მიაღწიოს. იზრდება ღვიძლი და ლიმფური კვანძებიც... ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში. ავადმყოფს აქვს სპეციფიკური შესახედაობა - კიდურები უწვრილდება და მუცელი უდიდდება. კანი მშრალია, მიწისფერი. საბედნიეროდ, ამ მძიმე ჩამონათვალის მიუხედავად, სწორი და დროული მკურნალობისას შედეგი ძალზე ეფექტიანია.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, ან მის წინააღმდეგ როგორ ვიბრძოლოთ?

- პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში გავრცელებული ლეიშმანიოზი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა ბავშვები შებინდებისას (მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე) არ უნდა გაიყვანონ სასეირნოდ ქუჩაში, მოარიდონ ბავშვები მწერებს. ამისათვის ფანჯრებზე ბადის გაკვრაა საჭირო, სხეულის ღია ადგილებზე შეიძლება რეპელენტების (დამაფრთხობლების) გამოყენება, რომლებიც დიეთილმეტატოლუამიდს შეიცავენ (10%-იანი ბავშვებისათვის), თუმცა 2 წლამდე ასაკში მათი გამოყენებისაგან თავი უნდა შევიკავოთ.

საჭიროა ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, რაც გულისხმობს ინფიცირებული ცხოველების - ძაღლების გამოვლენას. თბილისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შინაურ ძაღლებში ლეიშმანიოზი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მაწანწალებში. ამიტომ ძაღლების პატრონები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მიუდგნენ ცხოველის ჯანმრთელობას.

ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლები შემდეგი ნიშნებით შეგვიძლია ვიცნოთ: მათ უვითარდებათ წყლულები თავსა და სხეულზე, ექერცლებათ კანი (განსაკუთრებით თვალების გარშემო), უვითარდებათ კერატიტი და კონიუნქტივიტი. ადრეულ სტადიაზე ძაღლის ცხვირსა და ლაშებზე შეიძლება გაჩნდეს დეპიგმენტაციის უბნები და პაპულები. ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილით მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დავადების კლინიკა წაშლილია. აღინიშნება უსიმპტომო მტარებლობაც.

სამწუხაროდ, ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლების მკურნალობის ეფექტიანი საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ ეპიდემიოლოგიური საშიშროების გამო ავადმყოფ ძაღლს უნდა ჩაუტარდეს ევთანაზია.

ისე, როგორც ყველა დაავადებისას, ლეიშმანიოზზე ეჭვის შემთხვევაშიც აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ ექიმს - ეს კი გართულებისა და მძიმე შედეგის თავიდან აცილების გარანტიაა.