რკინა - უნიკალური მიკროელემენტი - კვირის პალიტრა

რკინა - უნიკალური მიკროელემენტი

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 3-4 გ რკინას, რომელიც თავისი მნიშვნელობით უნიკალური მიკროელემენტია. ის აუცილებელია სისხლის წარმოსაქმნელად, უიმისოდ არ მოხერხდება რთული ცილის, ჰემოგლობინის სინთეზი, რომელიც შედის ერითროციტების შემადგენლობაში და ჩვენს ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის მიტანას უზრუნველყოფს.

თუ ორგანიზმი განიცდის რკინის დეფიციტს, მაშინ ჰემოგლობინის დონე ეცემა და უჯრედები განიცდიან ჟანგბადის შიმშილს - "იხრჩობიან", რაც აისახება ჯანმრთელობაზე.

სიმპტომები: ანემიის დროს შეიძლება იგრძნოთ სისუსტე, უღონობა, გადაღლილობა, შრომისუნარიანობის შემცირება, თავბრუ, ხუთვა, სიცივის შეგრძნება, არცთუ იშვიათად - პირის კუთხეებში ჩნდება ნაპრალები, კანი აქერცლილია და ფერმკრთალი, ფრჩხილები მტვრევადი, ხშირად ცივდებით, თმა კარგავს ბრწყინვალებას და იწყებს ცვენას.

უმეტეს შემთხვევაში ამას იწვევს რაციონში რკინის ძირითადი წყაროს - ხორცის ნაკლებობა.

ქალბატონებში ანემია შეიძლება გამოიწვიოს ორსულობამ, კრიტიკულმა დღეებმა. მის პროვოცირებას ახდენს ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, დისბაქტერიოზი.

სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ დანიშნავს მკურნალობას, პროფილაქტიკის თვალსაზრისით კი მენიუ გაამრავალფეროვნეთ.

საშუალოდ, ქალებში რკინის დღეღამური ნორმაა 15 მგ-ია, ყველაზე მეტ რკინას შეიცავს ძროხის მჭლე ხორცი, კურდღლის, ინდაურის ხორცი, ღვიძლი. 100 გ ძროხის ღვიძლი შეიცავს თითქმის 7 მგ რკინას.

რკინის სხვა წყაროებია: კვერცხის გული, გამხმარი თეთრი სოკო, პარკოსანი, წიწიბურა, ისპანახი, კომბოსტო, თალგამი, ოხრახუში, კომში, შავი ქლიავი, გარგარი, ვაშლი. რკინის ათვისებას ხელს უწყობს ჩ ვიტამინით მდიდარი პროდუქტი, მაგალითად, ფორთოხალი. ნუ გაგიტაცებთ ჩაი და ყავა. ტანინი, რომელსაც ეს სასმელები შეიცავს, ხელს უშლის რკინის სრულფასოვნად ათვისებას.