დიაგნოზი წვეთი სისხლის მიხედვით - კვირის პალიტრა

დიაგნოზი წვეთი სისხლის მიხედვით

დიაგნოზის დასმამდე ექიმი, უპირველესად, პაციენტს სთხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას და ელოდება პასუხს. სისხლის ლაბორატორიული კვლევა ექიმს აწვდის დამატებით ინფორმაციას დაავადების განვითარების შესახებ და ეხმარება დიაგნოზის სწორად დასმაში.

სისხლის ბიოქიმიური ანალიზით ექიმს შეუძლია გაარკვიოს, თუ როგორ მუშაობს ღვიძლი, თირკმლები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობა. მისი დახმარებით განსაზღვრავენ გლუკოზის, ქოლესტერინის, ცილების, ბილირუბინის, რკინის, კალციუმისა და სხვა მაჩვენებლების დონეს. წითელი, ცხელი, ოდნავ წებოვანი სისხლი შემადგენლობით არაერთგვაროვანია. მისი თხევადი ნაწილი - პლაზმა, შეიცავს უწვრილეს ელემენტებს: ერითროციტებს, ლეიკოციტებს და  თრომბოციტებს. სულ მცირე ცვლილებების მაჩვენებლების მიხედვით ექიმს შეუძლია წინასწარ დიაგნოზის დასმა და დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენა.

ერითროციტები სისხლს აძლევენ ხასხასა ალისფერს და მასში არსებული ჰემოგლობინის დახმარებით ქსოვილებში ცვლიან ნახშირორჟანგს ჟანგბადზე. ჰემოგლობინის დონის შემცირება (ნორმაა 120-160 გ ლიტრზე) იწვევს სისხლნაკლებობას. ცნობისთვის: ფიზიოლოგიური მიზეზების გამო ქალბატონებს ჰემოგლობინი ყოველთვის უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.

ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, სისუსტე და აჩქარებული გულისცემა, ექიმი უნიშნავს რკინის შემცველ პრეპარატებს და ვიტამინებს, ასევე ურჩევს ავადმყოფს, მიიღოს რკინის შემცველი პროდუქტი: ღვიძლი, შავი ქლიავი, ლობიო, წიწიბურა, ჭარხალი, ვაშლი.

ლეიკოციტები - სისხლის თეთრი ბურთულები (ნორმა 4-9 მლრდ  1 ლიტრზე) იცავს ჩვენს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისაგან. მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ცილების შემცველი საკვების ბოროტად გამოყენების, ემოციური და ფიზიკური დატვირთვის დროს. ხანგრძლივად ლეიკოციტების დონის გაზრდა, ნიშანია ანთებითი პროცესისა.

თრომბოციტები (ნორმა 180-320 მლრდ 1 ლიტრზე) პასუხს აგებს სისხლის შესქელებაზე. ეს პატარა სხეულაკები, აბსორბციის წყალობით, ერთმანეთს ეწებება. მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს: ქალებში კრიტიკულ დღეებში, ცხოვრების წესის, საკვების ინდივიდუალურობის მიხედვით. სისხლში თრომბოციტების მომატება მიანიშნებს  გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს. ხოლო სისხლის გათხელება (ე.ი. თრომბოციტების სიმცირე) მიანიშნებს იმუნიტეტის პრობლემებზე. ცნობილია, რომ ცუდი ეკოლოგია, სტრესები და ქრონიკული დაავადებები წამლავენ ჩვენს სისხლს ყველანაირი ტოქსინებით. ამიტომ, დღეს მიღებულია სისხლის გაწმენდა როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკის მიზნით. ამისთვის იყენებენ პლაზმაფერეზსა და ჰემოსორბციას, რომლის შემდეგაც აქტიურდება დამცველი ძალები და ახალგაზრდავდება ორგანიზმი.