ფლორა გულის სამსახურში - კვირის პალიტრა

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "ძრავის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ არა მარტო მედიკამენტები, არამედ სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების ამოუწურავი წყაროა. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

ლავანდა ტონუსს მატებს და ამშვიდებს, რაც განსაკუთრებით ფასეულია აჩქარებული გულისცემის დროს. ლავანდის ზეთის არომასაჟი და აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას.

ყვავტყემალი ამაგრებს კაპილარებს, აქვეითებს წნევას, აფერხებს სისხლის შედედებას, რითაც ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას. ჭამეთ ახალი კენკრა და სვით გამხმარი კენკრის ჩაი.

ლიმონი შეიცავს წნევის დამწევ ფლავონოიდებს, ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ჩაისა და ყავაში ლიმონის პატარა ნაჭრის ჩაგდება.

ყურძნის წვენი და მარცვლები შეიცავს გლუკოზას, რომელიც ენერგეტიკულად კვებავს არითმიისა და გულის უკმარისობის დროს ორგანოებს. ყურძნით მკურნალობა აუმჯობესებს სისხლის ფორმულას.

ბარამბოს შუა საუკუნეებში უნიშნავდნენ ექიმები ავადმყოფებს გულის გასამაგრებლად, გულისცემის შესანელებლად და სისხლის წნევის დასაწევად. ეს მცენარე ხსნის სტრესს, გულის დიდ მტერს! 3 ს/კ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 10 წუთი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ბარამბოს ნახარში შეგიძლიათ დაამატოთ აბაზანას. არომალამპა ბარამბოს ზეთი მშვიდი ძილის გარანტია.

კუნელს "გულის პურს" უწოდებენ. ის ამაგრებს გულის კუნთებს და არეგულირებს მის რიტმს, აუმჯობესებს სისხლით გულის მომარაგებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას, ჭამეთ ახალი კენკრა, სვით ყვავილების, ნაყოფისა და ფოთლების ჩაი.

კატაბალახა ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას. გულის ყველა მცენარეული საშუალება შეიცავს ამ მცენარის კომპონენტებს - ყვავილებს, ფესვებსა და ფესურას.

კალიუმი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, რითაც ხელს უწყობს გულს ნორმალურად მუშაობაში და ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. კალიუმით მდიდარია ბანანი, კაკალი, პარკოსანი, გარგარი, ატამი, შავი ქლიავი, კაკაო. გულს ასევე სჭირდება ჩ  ვიტამინი. მას შეიცავს ვაშლი, ციტრუსები,  ასკილი, ქაცვი და მოცხარი.

შეურიეთ ერთმანეთს 3 ლიმონი, 200-200 გ შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარი, ნიგოზი, 100-100 გ კუნელისა და ასკილის ნაყოფი, გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 250 გ თაფლი და მიიღეთ 1ს/კ ნაერთი უზმოზე. ეს გემრიელი ნუგბარი ამაგრებს გულის კუნთებს (შეინახეთ მაცივარში)