"ჰელმინთებით დასნებოვნებამ, შესაძლოა, გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს"
05-08-2013
"ჰელმინთებით დასნებოვნებამ, შესაძლოა, გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს"
დაავადებები, რომლებითაც ადამიანს პარაზიტული ჭიები, ჰელმინთები ემუქრებიან, არც ისე უხიფათოა. თუმცა შეიძლება ექიმებმა დიაგნოზის დასმის დროს მათზე ეჭვი სულ ბოლოს მიიტანონ. რა არის ჰელმინთი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი-ეპიდემიოლოგი მერაბ იოსავა:

- ჰელმინთები მრავალუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ცხოვრებენ (არსებობს სხვა ცოცხალი ორგანიზმების პარაზიტებიც) და ეს მათი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. არსებობს ადამიანის ჰელმინთების 250 სახეობა, რომელიც ორ კატეგორიად იყოფა - მრგვალ და ბრტყელ ჭიებად.
მათგან ყველაზე გავრცელებულია ე.წ. გეოჰელმინთები, რომლებსაც მიეკუთვნება მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი ასკარიდა.

- როგორც ვიცი, ასკარიდა საკმაოდ გრძელი ჭიაა, თუმცა, ორგანიზმში კომფორტულად მოთავსება არ უჭირს.
- ასეა 2,5-3 თვის განმავლობაში მდედრი ჭია აღწევს 24-44 სანტიმეტრს. მათ კუდის მსგავსი დაბოლოებაც კი აქვთ. მდედრი ასკარიდა ადამიანის ნაწლავში ყოველდღიურად
240 000  კვერცხს დებს.  ასკარიდით კლასიკური დასნებოვნების გზა ასეთია, - ორგანიზმში ასკარიდის კვერცხი ხვდება, საიდანაც ასკარიდის პატარა ჭია, ლარვა იჩეკება. შემდგომ ეს უკანასკნელი კბილების მსგავსი წანაზარდებით აღწევს ნაწლავის კედლებსა და ვენებში და იქ კვერცხებს დებს. გამოჩეკილი ლარვები კი ხვდებიან კარის ვენაში და მისი საშუალებით - ღვიძლში. ქვემო ღრუ ვენის საშუალებით ლარვები ხვდებიან გულში და სისხლის მიმოქცევის მცირე სისტემით სასუნთქ სისტემაში. ტრაქეიდან ლარვები ხვდებიან პირის ღრუში, რაც ძირითადად ღამით ხდება; ლარვების ნახევარი ნერწყვით გამოიყოფა და ჰაერზე იღუპება, ნახევარი კი გადაიყლაპება და ისევ ნაწლავში ხვდება.

ადამიანის ორგანიზმში ასკარიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი წელია. თუმცა,  განმეორებადი ინფიცირების შემთხვევაში, ინვაზია შეიძლება წლობით გაგრძელდეს. მიგრაციული ციკლის განმავლობაში ასკარიდები აღწევენ ქსოვილებში და აზიანებენ ჯირკვლებსა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ასკარიდოზით ავადდება 1,2 მლრდ ადამიანი. ამას მოსდევს ანკილოსტომიდოზით დაავადებული 900 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ტრიქოცეფალოზით 700 მლნ-მდე ავადდება. რასაკვირველია, რეგიონების მიხედვით დაავადებულთა რიცხვი განსხვავდება. მაგალითად, აფრიკის თითოეული მკვიდრი დაავადებულია საშუალოდ ორზე მეტი სახეობის ჰელმინთით, აზიისა და ლათინური ამერიკის მცხოვრები ერთზე მეტი, ხოლო ევროპაში ყოველ მესამეს აქვს გადატანილი ჰელმინთებით გამოწვეული დაავადებები.

- ეს ტენდენცია იზრდება თუ მცირდება?
- სამწუხაროდ, იზრდება. საქართველოში აღწერილია 25 სახეობის ჰელმინთი, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ბავშვებში და უდიდეს ზიანს აყენებს მათ. საქმე იქამდე მიდის, რომ ჰელმინთებით დასნებოვნებამ შესაძლოა ბავშვების ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს. არადა, ჰელმინთები ძალზე ადვილად გადადის ბავშვებში - პარაზიტის კვერცხებით დაბინძურებული ხელებით, საკვებით, ბავშვთა დაწესებულებებში - სათამაშოებით, ოჯახში სახმარი ნივთებით და სხვა. არსებობს ინვაზიის მტვრისმიერი გზაც - ენტერობიოზის კვერცხები იმდენად მსუბუქია, შესაძლოა, ადამიანს მტვერთან ერთად გადაეყლაპოს.

ჰელმინთები და მათი ტოქსინები ალერგენებს წარმოადგენენ და ისეთ ალერგიულ დაავადებებს იწვევენ, როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი, ბრონქული ასთმა და ა.შ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჰელმინთოზის დროს ორგანიზმის ალერგიული რეაქცია დაავადების მწვავე ფაზაში ვლინდება, ანუ უკვე იმ დროს, როცა ჭიებით დასნებოვნებას მძიმე ფორმა აქვს, ეს კი ძალიან ცუდია, რადგანაც უკვე არა მხოლოდ მიზეზთან გვიხდება ბრძოლა, არამედ მის შედეგთანაც. ალერგიის დროს ბავშვის კანზე არა მხოლოდ სხვადასხვა ლოკალიზაციის გამონაყარი ჩნდება, არამედ ლიმფადენოპათიით, ჰიპერეოზინოფილიით, მიალგიით, ართრალგიით. პულმონარული და აბდომინალური სინდრომებით, ჰეპატოსპლენომეგალიით (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). ჰელმინთოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ საკმაოდ მძიმე დაავადებები - ეოზინოფილური პნევმონია, მენინგოენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი, ჩ ჰეპატიტი, ალერგიული მიოკარდიტი და ჰემოსტაზის სისტემის დარღვევები, ახანგრძლივებენ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს და სხვა ინფექციურ პათოლოგიებს. დამტკიცებულია, რომ ენტერობიოზი აქვეითებს ბავშვებში პროფილაქტიკური აცრების ეფექტიანობას, თრგუნავს დიფთერიის და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის შემდგომ იმუნიტეტს და ფაქტობრივად ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ტეტანუსის მიმართ. ასევე პარაზიტების ინვაზიის შედეგად 4-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება დისბაქტერიოზი, ვინაიდან მნიშვნელოვნად ქვეითდება კუჭის სეკრეცია.

- მეტს აღარ ჩამოგათვლევინებთ, რადგან მძიმე ნუსხაა. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჰელმინთოზი აქვს?

- რასაკვირველია, არსებობს ზოგადი მონაცემები, რომელთა მიხედვით შეიძლება ჰელმინთოზზე ეჭვის აღება და რომელთა შემჩნევის შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს ექიმს. ეს ჩვენებებია: ტკივილი მუცლის არეში, ხშირი გულისრევა, ღებინება, მადის შეცვლა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ძილის პროცესის დარღვევა, ძილში კბილების კრაჭუნი; ალერგიული დაავადებები; ქავილი; სისხლში ეოზინოფილების რიცხვის მატება. ყველა დედას უნდა ახსოვდეს, რომ თუ ექიმს დროულად მიმართავს, მის პატარას არცთუ სახუმარო დიაგნოზისაგან დაიცავს. რაც შეეხება პროფილაქტიკას: მშობლებმა საგულდაგულოდ უნდა გარეცხონ მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. მოერიდონ ღია წყალსატევებიდან წყლის დალევას ან დაბინძურებაზე ეჭვის შემთხვევაში მიიღონ გადადუღებული სახით. აუცილებელია შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰელმინთებზე მკურნალობა. ოჯახის რომელიმე წევრის დასნებოვნების შემთხვევაში კი ოჯახის თითოეულ წევრს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით