როგორ დავიცვათ თავი მალარიისგან - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი მალარიისგან

წვიმიან ზაფხულს კოღოს გამრავლება მოჰყვა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მწერის ნაკბენს ზოგჯერ მწვავე ალერგიაც სდევს. მოსახლეობა დაფრთხა - მომრავლებულმა კოღომ შეიძლება მალარია გაავრცელოსო. თუ რა არის მალარია და რამდენად არის მისი რეციდივი მოსალოდნელი, ამის თაობაზე გვესაუბრება მალარიის, სხვა ტრანსმისიულ და პარაზიტულ დაავადებათა პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი, ენტომოლოგი ნატო დოლიძე:

- მალარია ინფექციური დაავადებაა, რომლის გადამტანი მალარიული კოღოა. ამ დაავადებას ცხელებითი შეტევები, ელენთისა და ღვიძლის გადიდება ახასიათებს. არსებობს სამდღიანი, ოთხდღიანი და სუბტროპიკული მალარია (8-16 დღე გრძელდება). შეტევები შეიძლება განვითარდეს დღის ნებისმიერ საათებში, თუმცა ყველაზე ხშირია დილით ან შუადღისას. შეტევა შემცივნებით იწყება და გრძელდება დაახლოებით 1-2 საათს, შემდეგ ტემპერატურა 40-41 გრადუსამდე მატულობს და ამ დონეზე რჩება 4-5 საათი. შეტევის განვითარების პიკზე ავადმყოფს აწუხებს წყურვილის შეგრძნება; სახე ჰიპერემიული აქვს, კანი - ცხელი, ტუჩების ლორწოვანი გარსი კი - მშრალი. შესაძლოა დაეწყოს გულისრევა და ღებინება. ტემპერატურის დაქვეითების კვალად ძლიერი ოფლიანობა იწყება; რამდენიმედღიანი ასეთი შეტევების შემდეგ ავადმყოფის კანი მოყვითალო ხდება და სისხლში ცვლილებები ფიქსირდება.

- და ამ დაავადების გადამტანი კოღო ჩვენშიც ბინადრობს?

- ბინადრობს. მალარია გადააქვს ანოფელესის გვარის კოღოებს. საქართველოში ამ გვარის 8 სახეობაა გავრცელებული. სხვათა შორის, მალარიის გადამტანი კოღოების ამოცნობა არასპეციალისტსაც შეუძლია - ამ კოღოებს ჭერზე დაკიდება უყვართ. ისინი წყალში დებენ კვერცხებს, საამისოდ დამდგარი ან მდორე წყლის ნებისმიერ რეზერვუარს იყენებენ. ამ კოღოების მასობრივი გამოფრენა იწყება აპრილ-მაისში და გრძელდება სექტემბერ-ოქტომბრის ჩათვლით. კვერცხების მომწიფებისათვის დედალი კოღო საჭიროებს სისხლს, ამიტომ კვერცხდების ციკლი პირდაპირაა დამოკიდებული სისხლის წოვასთან. სისხლწოვის აქტიურობის პერიოდი კი მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე აქვს.

განსაკუთრებით თავს ესხმის ბავშვებს, რადგან მათ ნაზი კანი აქვთ და კოღოს ჩხვლეტა უადვილდება. ასევე ეტანება მათ, ვისაც ჭარბი ოფლდენა აქვთ, რადგანაც ოფლის სუნი იზიდავს. კოღოს ორგანიზმში სისხლთან ერთად ხვდება პარაზიტიც, რომელიც აქ სასიცოცხლო ციკლის გარკვეულ ეტაპს გაივლის და მწერის სანერწყვე ჯირკვალში ხვდება. კოღო, სისხლის გადამუშავების შემდეგ, დებს კვერცხებს და კვლავ იწყებს მსხვერპლის ძიებას. დიდი ალბათობით თავს ჯანმრთელ ადამიანს დაესხმება. სისხლწოვის დასაწყისში კოღოს მსხვერპლის კანში ანტიკოაგულანტების შემცველი ნერწყვი შეჰყავს, რაც სისხლის შედედებას აფერხებს. სწორედ ეს იწვევს ნაკბენის ადგილის შეწითლებას, შეშუპებას და ქავილს.

თითოეული მალარიის შემთხვევა იმდენად მძიმეა და ზოგადად, მთელ მსოფლიოში მასთან ბრძოლა ისეთი აქტუალურია, რომ შექმნილია მასთან მებრძოლი არაერთი ორგანიზაცია.

- არსებობს თუ არა მალარიისგან დაცვის გზები?

- უპირველესი გზაა დაჭაობებული ადგილების დამუშავება და დაჭაობების მიზეზების აღკვეთა, რაც ძალზე დიდ სახსრებს მოითხოვს. სასურველია, ასეთ ადგილებში დარგონ ისეთი მცენარეები, რომლებიც წყალს დიდი რაოდენობით აორთქლებს, Mმცირე ზომის გუბურები ამოაშრონ ქვიშით. სხვათა შორის, კოღოს საწინააღმდეგოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალებაა თევზი გამბუზიის გამრავლება. ეს პატარა, 3,5-7,5 სმ ზომის თევზი მშვენივრად ეგუება ნებისმიერი ტიპის წყალსატევს, არის ნაყოფიერი და გაუმაძღარი - შეუძლია დიდი რაოდენობის კოღოს მატლი და ჭუპრი გაანადგუროს. ამ თვისებების გამო მას ფართოდ იყენებენ მალარიის კოღოს საწინააღმდეგოდ.

ეფექტიანია მწერების საწინააღმდეგო მალამოები (თუმცა ისინი არ არის რეკომენდებული 3-5 წლამდე ბავშვებისათვის) და ელექტროფუმიგატორი. ეს სპეციალური მოწყობილობა დენის წყაროს უერთდება და ახურებს ინსექტიციდებით გაჟღენთილ ფირფიტას. ამ დროს კი გამოიყოფა მწერებისთვის ტოქსიკური აირები. ეფექტიანად მუშაობს ულტრაბგერითი კოღოების საწინააღმდეგო მოწყობილობაც - ხმას, რომელიც ადამიანის სმენისთვის მიუწვდომელია, დიდი ძალა აქვს კოღოების დასაფრთხობად. შესაძლებელია ხალხური საშუალებების გამოყენებაც, მაგალითად, ფანჯრების სიახლოვეს მდგარი პომიდვრის სუნი საიმედოდ იცავს ადამიანს ამ აბეზარი მწერებისგან. კოღოებს არც მიხაკისა და ევკალიპტის სუნი უყვართ - ფანჯრები გაწმინდეთ ამ მცენარეების ზეთში დასველებული ბამბით, შეგიძლიათ, ზეთი სხეულის შიშველ ადგილებზეც წაისვათ. კოღოებს აფრთხობს კატაბალახას, კაკლის ახალმოწყვეტილი ფოთოლი. არ უყვართ ციტრუსის ნაყოფი: მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, ასევე, მათგან დამზადებული ეთერზეთებიც.

ყველაზე უვნებელი და ეფექტიანია ფანჯრებზე დამცავი ბადის გაკეYთება, მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს კი აუცილებლად ბადე უნდა ჩამოეფაროს.