გემრიელი "დუეტი" - კვირის პალიტრა

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და ლამაზი აღნაგობისა, საჭირო არ არის დიეტის დაცვა, უნდა იცოდეთ, რა საკვები რასთან ერთად მიიღოთ.

სწორად რომ ვიკვებოთ, საკმარისი არ არის, მაცივარი გავავსოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტით, საჭიროა მათი ერთმანეთთან შერწყმა, რათა ორგანიზმმა სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით აითვისოს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები.

მაგალითად, არასასურველია, ერთდროულად მჟავე ხილის (ციტრუსები, ქლიავი, პომიდორი) და სახამებლიანი პროდუქტის (ხორბალი, გოგრა, ყაბაყი) ჭამა. მჟავები სპობენ სახამებლის გადამმუშავებელ ნივთიერებებს.

არარეკომენდებულია ცილების ცილებთან ერთად მიღება. მაგალითად, ხორცი კვერცხთან ერთად, რძე - კაკალთან, ყველი - ხორცთან. ამ დროს კუჭში გამოიყოფა წვენი მაღალი მჟავიანობით, რომელიც ხელს უშლის კომპონენტების სრულფასოვან გადამუშავებას.

მაგრამ ზოგიერთი პროდუქტი ერთმანეთისთვის არის "შექმნილი". მაგალითად, იდეალური წყვილია ლობიო და სიმინდი. ლობიო - მცენარეული ცილის წყაროა, რომელიც კუნთების "საშენი" მასალაა. მას ამაში ეხმარება სიმინდი, რადგან ის წმენდს ორგანიზმს და გამოდევნის ცხიმს. დიეტოლოგები გვირჩევენ, წონაში დასაკლებად წყალში მოხარშული სიმინდის ფაფის ჭამას.

ღორის ხორცს ორგანიზმი ნელა ითვისებს, გირჩევთ, მიირთვათ ბოსტნეულსა და წვნიანთან ერთად, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ცილების გადამუშავებაში და აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.

მწვანე ჩაის თუ დაამატებთ ლიმონს, გაზრდით მასში არსებული ანტიოქსიდანტების ეფექტიანობას.

ცნობისთვის: მწვანე ჩაის არ ერწყმის შაქარი, ამიტომ მიირთვით უშაქროდ.

თუ ორგანიზმის გაწმენდა გსურთ, მთელი დღე მიირთვით მხოლოდ იოგურტი (კეფირი ან მაწონი) და ვაშლი.

ომეგა-3-ით მდიდარი ორაგული, სპაგეტთან ერთად, ორგანიზმს მატებს ენერგიას და კონცენტრირების უნარს.

დიეტოლოგები არ გვირჩევენ სოსისის მირთმევას, მაგრამ თუ მაინცდამაინც თავს ვერ შეიკავებთ, მიირთვით მდოგვიანი.

კარტოფილი და ხაჭო ორგანიზმს ამდიდრებენ ცილებით, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

მანგო მდიდარია ჩ ვიტამინით, ნუში კი - E და B ვიტამინებით. მათი ერთად მიღება ამაგრებს იმუნიტეტს. მანგოს შეცვლა შეგიძლიათ მარწყვით.