ნესვი გემრიელიც და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

ნესვი გემრიელიც და სასარგებლოც

გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარე ნესვი არა მარტო ძვირფასი და დიეტური საკვებია, არომატული და გემრიელია, მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. უხვად შეიცავს შაქარს, სახამებელს, C ვიტამინს, ცილებსა და კაროტინს. ნესვის რბილობის 95% წყალია, შეიცავს შაქარს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმებს, A, B, C, P ვიტამინებსა და კაჟს, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას: რკინა ააქტიურებს სისხლის შედედებას, ამიტომ სასარგებლოა მისი მიღება ანემიის დროს, ქალბატონებისთვის - კრიტიკულ დღეებში. ნესვი ოქროსაც შეიცავს. ნესვის რბილობი სეროტონინის - "ბედნიერების ჰორმონის" - წყალობით აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას", ხსნის დეპრესიას.

ვიტამინები და ნიკოტინის მჟავა, რომელსაც ნესვი შეიცავს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს. C და U ვიტამინები ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, წმენდს ორგანიზმს. ასე რომ, ნესვი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას.

ნესვი არარეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულებისათვის; "მძიმე" შაქრის გამო, მასზე უარი უნდა თქვან მსუქნებმა. 2-3 ნაჭერზე მეტი ნესვის ჭამა უარყოფითად მოქმედებს ნაწლავებზე. ნესვი არ დააყოლოთ საჭმელს, როგორც დესერტი, მიირთვით მოგვიანებით, 2-3 საათის შემდეგ.

ნესვს იყენებენ კოსმეტიკაშიც. მისი რბილობისგან ამზადებენ მკვებავ და მატონიზებელ ნიღბებს კანისა და თმისთვის, თვე-ნახევრის შემდეგ კანი დაიბრუნებს სიმკვრივეს, აქვს მათეთრებელი თვისება (ებრძვის ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს).

ნესვის წვენისა და მინერალური წყლის (1:1) ნარევით გაიწმინდეთ მშრალი სახის კანი. ასევე აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას ნესვის თესლი (მიიღეთ დღეში 2-5 გ, თაფლთან ერთად).

დაჭყლეტილი რბილობი წაისვით სუფთა თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა გახდება რბილი და შეიძენს ბზინვარებას.

თანაბარად რომ გაირუჯოთ, საკმარისია, ყოველდღე მიიღოთ 300 გ ნესვი და 1-2 საათი გაატაროთ მზეზე.