თავი გტკივათ? - კვირის პალიტრა

თავი გტკივათ?

ძალიან ბევრისთვის ნაცნობია ეს აუტანელი შეგრძნება. სპეციალისტების აზრით, 100 კაციდან მხოლოდ ხუთს სტკივა თავი სერიოზული დაავადებების გამო, დანარჩენ შემთხვევაში მისი გამომწვევი მიზეზი ბანალურია და ადვილად იკურნება. აი, ყველაზე ხშირად რა იწვევს ამ უსიამოვნო შეგრძნებას:

გრძელთასმებიანი დიდი, ტევადი და მძიმე ჩანთის ტარება, რომელიც არათანაბრად აწვება კისერსა და მხრებს, იწვევს წელის ტკივილს, ამას კი მოჰყვება თავის ტკივილი.

გირჩევთ: ჩანთიდან ამოალაგეთ ყველაფერი, რაც ზედმეტია, მონაცვლეობით - ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მხარზე ან ხელზე გადაიტანეთ, თუ ჩანთას გრძელი თასმა აქვს, უმჯობესია გადაიკიდოთ ირიბად, მკერდზე, ასე მთელ სხეულზე სიმძიმე თანაბრად განაწილდება.

თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს მხედველობის გაუარესება და არასწორად შერჩეული სათვალე. თუ ბოლო ხანებში უფრო ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

გირჩევთ: დიდხანს ნუ უყურებთ ტელევიზორს და ნუ იმუშავებთ კომპიუტერთან. კომპიუტერთან მუშაობის დროს ხშირ-ხშირად შეისვენეთ. სხვათა შორის, ასევე ძაბავს თვალებს თანამედროვე ფორმაციის 3D ფილმების ყურება. ამ ფილმების ყურებისას იხმარეთ სპეციალური სათვალე. თუ იგრძენით, რომ თვალები დაგეღალათ, რამდენიმე წუთით დახუჭეთ.

თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოებამ.

ალბათ, ყველას ჰქონია შემთხვევა, როდესაც, შუადღისას, მუშაობისას, უცბად ასტკივებია თავი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნაკლები წყლის და ბევრი ყავის სმა, რომელიც ძლიერი შარდმდენია. წყლის დეფიციტის დროს უარესდება ორგანიზმის სისხლით მომარაგება, მათ შორის, თავის ტვინისაც.

გირჩევთ: ყოველთვის თან ატარეთ არაგაზირებული წყლიანი ბოთლი და ნელ-ნელა სვით დღის განმავლობაში. სხვათა შორის, თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს რაციონში ზოგიერთი სასარგებლო ნივთიერების, კერძოდ, მაგნიუმისა და თუთიის უკმარისობა. ამიტომ ნუ გაგიტაცებთ მკაცრი დიეტები, პირიქით, თქვენი კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ბალანსირებული. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მიიღოთ ექიმის მიერ შერჩეული ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა პროდუქტმა. ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს გემოს გამაძლიერებელ გლუტამატ ნატრიუმს, რომელსაც შეიცავს მაიონეზი, ჩიფსები, კრეკერი, კონსერვები, პელმენები, ძეხვეული, სწრაფი მომზადების წვნიანები.

გირჩევთ: საკვები პროდუქტების შეძენისას გაარკვიოთ, აწერია თუ არა "გემოს გამაძლიერებელი", "გემოს დანამატი".

ვისაც შაკიკი აწუხებს, შეიძლება თავი აატკივოს სუნამომ, ტუალეტის წყალმა, შამპუნმა, ლოსიონმა, ხმაურმა და კაშკაშა სინათლემ.

გირჩევთ: შეეცადეთ თავი შეიკავოთ არომატიზებული საშუალებების გამოყენებისგან, თავი აარიდეთ ხმაურიან ადგილებს და კაშკაშა სინათლეს.

ხშირად თავის ტკივილის მიზეზი ხდება ემოციური და სტრესული მდგომარეობა, გადაღლილობა, ზურგისა და კისრის კუნთების დაძაბულობა, რასაც იწვევს ერთ ადგილას, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ჯდომა.

გირჩევთ: თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს, სიბრაზესა და არასასურველ ფიქრებს, კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად ადექით, გაიარეთ, დაისვენეთ.

დაბოლოს, თავი დაანებეთ ყველაზე მავნე ჩვევას - სიგარეტის მოწევას.