ცხენი - ბუნებრივი ფსიქოთერაპევტი - კვირის პალიტრა

ცხენი - ბუნებრივი ფსიქოთერაპევტი

პოთერაპია (ცხენით მკურნალობა) ერთ-ერთი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა ცხენით სვლის ზოგადგამაჯანსაღებელ თვისებაზე. ამტკიცებდა, რომ ცხენი ეხმარებოდა დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

ცხენით სეირნობისას ბავშვი შიშსა და ტკივილს კი არ განიცდის, არამედ ემოციურ აღფრთოვანებას, რაც ნებისმიერ მკურნალობას ხდის ეფექტიანს

დღეს დაავადებათა სია, რომელთა მკურნალობისთვის იპოთერაპია გამოიყენება, მუდმივად იზრდება. ამ მეთოდის უკუჩვენება ძალიან იშვიათია, თანამდევი ეფექტი საერთოდ არა აქვს. მაგალითად, იპოთერაპია ეფექტიანია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევების, ნერვული სისტემისა და სხვა ბევრი დაავადების დროს. ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, ტონუსს მატებს კუნთებს. ეს მეთოდი გამოიყენება სკოლიოზის, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტი: ცხენი წარმატებით ხსნის სტრესს, ის ითვლება ნამდვილ ბუნებრივ ფსიქოთერაპევტად!

ცხენთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ცხენით სეირნობისას ბავშვი შიშსა და ტკივილს კი არ განიცდის, არამედ ემოციურ აღფრთოვანებას, რაც ნებისმიერ მკურნალობას ხდის ეფექტიანს. მოძრაობს ყველა კუნთი, ეს კი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ცხენით სიარული ტონუსს მატებს კუნთებსა და სისხლძარღვებს, ამაგრებს სასუნთქ სისტემას, ავითარებს კოორდინაციას, აუმჯობესებს ტანადობას.