ზღვა, მზე და კანი... - კვირის პალიტრა

ზღვა, მზე და კანი...

წვიმიან დღეებს დარები მოჰყვა და ჩვენც ზღვისკენ ვიჩქარით, მაგრამ უკან არცთუ იშვიაAთად  პრობლემებით ვბრუნდებით. როგორ ვებრძოლოთ ზღვაზე დასვენების თანმხლებ დაავადებებს და როგორ დავიცვათ კანი მზისგან, ამის თაობაზე ექიმი-დერმატოლოგი მაკა გოგსაძე გვესაუბრება:

- უპირველესად იმას გავიმეორებ, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა და გარუჯვა ყველას კანზე უარყოფითად მოქმედებს, ხოლო მასზე მიმდინარე თუნდაც მსუბუქი და ხანმოკლე ანთებითი პროცესის დროს, დაავადების საბოლოოდ გასვლამდე, დაზიანებული კერები მზისგან აუცილებლად უნდა იყოს დაფარული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანთებითი ვარდისფერი ან წითელი კერების ადგილზე ხანგრძლივი პიგმენტური (ყავისფერი) ლაქები გაჩნდება. ჩვეულებრივად კი, მზეს აქტიურ საათებში უსათუოდ უნდა მოვერიდოთ. გარუჯვა რეკომენდებულია მხოლოდ დღის 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან. არასწორი ნამზეურის შედეგია კანის ნაადრევი გამოშრობა, ნაოჭები და ალერგიული რეაქციები. მზის მიმართ მომეტებული მგრძნობელობით გამოწვეული დაავადებების სია მრავალფეროვანია.

- საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მზე ჭორფლზე.

- ჭორფლი, ზოგადად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ზღვის გარეშეც აქტიურდება. ამ შემთხვევაში ფოტოდამცველი კრემი გვიშველის. ალერგიის თავიდან ასაცილებლად სასურველია, იგი დერმატოლოგმა შეარჩიოს. რაც შეეხება მზის ალერგიებს, მათი პირველი ნიშნები მზეზე გასვლიდან რამდენიმე წუთში იჩენს თავს. იწყება კანის ქავილი, წვრილი გამონაყარი, კანისა და ლორწოვანის შეშუპება. მათ მკურნალობას ზოგჯერ თვეები სჭირდება, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი - ყოველი მზეზე გასვლა ალერგიას ამძიმებს და საჭიროა მკურნალობის თავიდან დაწყება. ამიტომ მათ, ვისაც კანის დაავადებები აქვთ, ეს უსათუოდ უნდა გაითვალისწინონ და ზღვაზე დასვენების წინ დერმატოლოგს მიმართონ - ზოგჯერ მზის სხივები ყველა შემთხვევაში საზიანოა. მსუბუქი დამწვრობის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ცივი წყლის ან რბილ პირსახოცში გახვეული ყინულის კომპრესი. M

ზღვაზე დამსვენებლებში კანის ჩირქოვან დაავადებებსაც ვხვდებით... უმთავრესად სტრეპტო-სტაფილოდერმიას, რომლით დაინფიცირება პირდაპირ პლაჟზე ხდება ჰიგიენური წესების არასათანადოდ დაცვის გამო. ამიტომაც არ არის მიზანშეწონილი ზღვის ნაპირზე საფენისა და საზღვაო ფეხსაცმლის გარეშე ყოფნა. მომცრო ზომის ჩირქოვანი გამონაყარი ბრილიანტის მწვანეთი უნდა დამუშავდეს და წყალს 1-2 დღით მოვარიდოთ.

- თუმცაღა, ზღვაზე დამსვენებლებს ყველაზე მეტად სოკოსი ეშინიათ.

- სოკოს ნესტიანი ადგილები უყვარს და ზღვაზეც შეიძლება გავრცელდეს. ამ ინფექციისთვის კომფორტული ადგილებია ფეხის ტერფი, განსაკუთრებით თითებს შორის არეები, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლების ქვედა ნაოჭები და იღლიის ფოსო. ამ ზონებში სიწითლის, აქერცვლის, ქავილის შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ სოკოვან დაავადებაზე და მივმართოთ დერმატოლოგს. თვითმკურნალობა, მიუხედავად დაავადების ცნობადობისა, დაუშვებელია, რადგან სხვადასხვა სოკო-პარაზიტს სხვადასხვა მკურნალობის კურსი სჭირდება. არსებობს ისეთი სოკოს სახეობაც, რომელიც ტანზე ყავისფერი ლაქებისა და პაპულების ფორმით ვითარდება და მასზე ნამზეური თეთრ ლაქებად რჩება. ინფექციის ეს ფორმა ისეთი გადამდები არაა, როგორც კანის სხვა სოკოვანი დაავადება, მაგრამ აჭრელებული კანი უსიამოვნოდ გამოიყურება და ხანგრძლივი (1-1,5 თვე) მკურნალობა სჭირდება. არსებობს სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ამისთვის ზღვიდან ამოსვლისთანავე უნდა გამოვიცვალოთ საცურაო კოსტიუმი. სველი ტანსაცმლის ტანზე გაშრობა არა მარტო დერმატომიკოზების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების განვითარებასაც. გარდა ამისა, ისარგებლეთ მხოლოდ საკუთარი პლაჟის ფლოსტებით. აუცილებელია ყოველი მზისა და ზღვის აბაზანის მიღების შემდეგ შხაპის მიღება და კანის კარგად გამშრალება, განსაკუთრებით თითებს შორის არეებისა და სხეულის ბუნებრივი ნაოჭების.

- ზღვის სარგებლიანობაზეც აუცილებლად ვთქვათ ორიოდ სიტყვა...

- უპირველესად იმით შეგვიძლია დავიწყოთ, რომ მზე მეტად დადებითად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, - განსაკუთრებით, ჩვენს სტრესულ გარემოში. ყოველდღიურად მიღებული 15-წუთიანი მზის აბაზანები საჭირო რაოდენობის D ვიტამინით ამარაგებს ორგანიზმს, რაც ასე სჭირდება მას ზამთრის სუსხიანი დღეების განმავლობაში. ზღვის წყალი მდიდარია მინერალებით. იგი ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტებს და მატებს მათ ბზინვარებას. ზოგიერთი კანის დაავადების სამკურნალოდ - წყლისა და მზის სხივების დოზირებული პროცედურები აუცილებელია. დოზირებული მზე აუმჯობესებს კანის სისხლის მიმოქცევას, კვებავს მას და ზრდის მის დამცველობით-ბარიერულ ფუნქციას. ეს კი ხელს უწყობს კანის წინააღმდეგობის გაზრდას სხვადასხვა ინფექციის მიმართ. ცურვა აჯანსაღებს სხეულს, ამკვრივებს კუნთებს და სიცოცხლის სტიმულს მატებს ადამიანს, რომელსაც წინ შრომის მთელი წელიწადი ელის.