ყვავილები სილამაზის სამსახურში - კვირის პალიტრა

ყვავილები სილამაზის სამსახურში

ბევრი ყვავილი არა მარტო ახარებს თვალს, ამაღლებს გუნება-განწყობილებას, არამედ გვჩუქნის თავის სილამაზეს და გვეხმარება ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში.

არც ერთი მცენარე არ არის ისე გამოყენებული კოსმეტოლოგიაში, როგორც ვარდი. მისი ფურცლების ექსტრაქტს აქვს დამარბილებელი და შემკვრელი თვისება, ვარდის ზეთი გამოიყენება ნებისმიერი სახის კანის მოსავლელად. ის კურნავს აკნეს,  აღადგენს მოდუნებული სახის კანის ელასტიკურობას.

კალენდულას (გულყვითელას) ყვავილებს აქვს ბაქტერიოციდული და დამამშვიდებელი თვისებები. იცავს კანს ანთებისგან, ამაგრებს სისხლძარღვებს. განსაკუთრებით აფასებენ კალენდულას თვისებებს ცხიმიანი და პრობლემური სახის კანის მქონე ქალბატონები. ყოველდღე უნდა გაიწმინდოთ სახე სპეციალურად დამზადებული ნაყენით.

შროშანის სურნელოვანი და ნაზი ყვავილების ნაყენი მსუბუქად ჭიმავს და არბილებს კანს. ხელს უწყობს ნაკაწრებისა და იარების შეხორცებას, ამშვიდებს კანს და ასტიმულირებს ახალი უჯრედების ზრდას. ნაყენი თვითონაც შეგიძლიათ მოამზადოთ: მომინანქრებულ ჭურჭელში 2ს/კ შროშანის ყვავილების ფურცლებს დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი, თავდახურული 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და გადაასხით ბოთლში. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2 დღისა.

თმას ბრწყინვალება მოემატება, თუ გადაივლებთ ცაცხვის ყვავილის ნაყენს.

გვირილის ნაყენი ოქროსფერს აძლევს თმას: 100გ გამხმარ ყვავილებს დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და დაისველეთ თმა მზა ნაყენით.

ღიღილოს ნაყენს იყენებენ სებორეას სამკურნალოდ. გთავაზობთ რეცეპტს: 2 ს/კ ღიღილოს ყვავილებს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. თავდახურული გააჩერეთ 2 საათი. თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.

თავშავას ნაყენის თავზე გადავლების შემდეგ თმა ხდება რბილი და აბრეშუმისებრი. ბეგქონდარას ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი ამაგრებს თმას.