დაუბანელი ხელების დაავადება - კვირის პალიტრა

დაუბანელი ხელების დაავადება

დაუბანელი ხელების დაავადება“- სხვანაირად ასე ეძახიან დიზენტერიას, რომლის შემთხვევები მატულობს განსაკუთრებით ზაფხულსა და შემოდგომაზე. შემთხვევათა მატება უმეტესად გამოხატულია ბავშვებში, მიზეზი მარტივია: წელიწადის ამ დროს ნაკლებად არის დაცული ჰიგიენური პირობები, ბუნებაში მოთამაშე ბავშვები არად დაგიდევენ ხელების დაბანას და ხშირად გაურეცხავ პროდუქტებს მიირთმევენ. თუმცა დიზენტერიამ ასაკი ნაკლებად იცის, იგი ასევე ვრცელდება მოზრდილი ასაკის მოსახლეობაშიც, უფრო ხშირად იქ, სადაც არ არის დაცული პირადი და კვების ჰიგიენის წესები. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა არის დიზენტერია და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგ მარინა ლაშქარაშვილს ვესაუბრებით:

დიზენტერიის გამომწვევი შჰიგელლა-ს გვარის ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში იოლად ხვდება. მიკრობი პირის ღრუდან უფრო ხშირად დაბინძურებული საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის საშუალებით იჭრება ორგანიზმში. შიგელას გადაცემაში არანაკლები მნიშვნელობა აქვს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს (უპირველესად, ჭურჭელი, სათამაშოები) და ბუზების ფაქტორს. ბუზებს ადვილად გადააქვთ დიზენტერიის ბაქტერია ექსკრემენტიდან სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე (ბუზების სხეულზე დიზენტერიის ბაქტერიები ორიდან ხუთ დღემდე ცოცხლობენ).

დიზენტერიის გამომწვევი ბაქტერიები გარემოში ნაკლებად გამძლენი არიან, მაგრამ ხელშემწყობ პირობებში მათი გამძლეობა მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგიერთ საკვებ პროდუქტში მრავლდებიან კიდეც: რამდენიმე თვე შეუძლიათ გაძლონ სიბნელესა და ნესტიან ნიადაგში, 1-2 კვირამდე - საკვებ პროდუქტებში, წყალში - რამდენიმე საათიდან 7 დღემდე, რძესა და რძის პროდუქტებში ცხოველმყოფელობას დიდხანს ინარჩუნებენ და შეუძლიათ გამრავლდნენ კიდეც. დიზენტერიის ბაქტერიები მგრძნობიარენი არიან მზის სხივებისადმი, რომელთა მოქმედებით 30 წუთში იხოცებიან. ვერ უძლებენ გათბობას, 60 გრადუსზე ერთ საათში იღუპებიან, ხოლო 100 გრადუსზე - მაშინვე. დიზენტერიის ინკუბაციური პერიოდი 1-7 დღეა, საშუალოდ 2-3 დღე. მიმდინარეობის მიხედვით დაავადება შეიძლება განვითარდეს მწვავე და ქრონიკული ფორმით. მწვავე ფორმით მიმდინარეობისას გამოიხატება ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ლოკალიზდება მუცლის ქვედა ნაწილებში. ავადმყოფს აწუხებს ჭინთვები. აქვს მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ გულისრევა და ღებინება. ხშირად შეიძლება დაერთოს სისხლიან-ლორწოიანი დეფეკაცია. ქრონიკული ფორმით (შეიძლება გახანგრძლივდეს წლების განმავლობაში) ავადობისას, თუ ნათელი პერიოდია, ყოველთვის აღინიშნება ყრუ ტკივილი მუცელში, შებერილობა, ნაწლავთა აშლილობისა და ყაბზობის მონაცვლეობა, ხოლო თუ რეციდიული (გამწვავება) ფორმით განვითარდა, გამოიხატება მოვლითი ტკივილი მუცლის არეში, ჭინთვა, ტემპერატურა უფრო მეტად ნორმის ფარგლებშია, განავალი ხშირად ფაფისებურია, სისხლიან-ლორწოიანი, ზოგჯერ კი ჩირქიანი.

დიზენტერიის კლინიკური ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. მკურნალობის დაგვიანებამ ან თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის სახიფათო გართულებები.

დიზენტერია ყველა შემთხვევაში, კლინიკური ნიშნების გარდა, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით უნდა დადასტურდეს. მკურნალობის ეფექტიანობის მიზნით, სასურველია, მკურნალობა წარიმართოს იმ ანტიბიოტიკით, რომლისადმი მგრძნობიარე იქნება ამ დაავადების გამომწვევი შჰიგელლა-ს ბაქტერია.

- როგორია პროფილაქტიკური ღონისძიებები?

- ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

- წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია, იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

- არ გამოიყენოთ სასმელად აუდუღარი წყალი, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

- სასურველია, წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრის გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;

- შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის

შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

- ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

- გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად; საკვების მოსამზადებლად; სასმელების დასამზადებლად; ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად; სათამაშოების გასარეცხად; ხელების დასაბანად;

- მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს.

- მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული - თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;

- არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;

- სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;

- მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით გაირეცხოს გამდინარე წყლით.

კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავოთ კვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. ავადმყოფს აუცილებლად უნდა დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები), ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს.

დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.