მელანინის "ოინები" - კვირის პალიტრა

მელანინის "ოინები"

ჩვენი კანის ელფერი დამოკიდებულია მასში შემავალი მუქი ფერის პიგმენტზე - მელანინზე და რაც უფრო მეტია ეპიდერმისის უჯრედებში მელანინი, მით მუქი კანი აქვს ადამიანს. სწორედ მელანინი იცავს კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან - შთანთქავს მას, მაგრამ, ზოგჯერ კანის ნაწილზე ეს პიგმენტი იკარგება და ამ დროს ჩნდება თეთრი ლაქა - ეს არის ვიტილიგო.

უმეტეს შემთხვევაში, ვიტილიგო უჩნდებათ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს. მსოფლიოში ეს დაავადება აქვს მოსახლეობის 1-2%-ს (ახასიათებს მემკვიდრეობითობა). ვიტილიგოს განვითარების მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა მედიკოსებმა აღმოაჩინეს ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მის განვითარებას, როგორიცაა: აუტოიმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემის დარღვევა, ფარისებრი, სასქესო და თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცია. სტრესული სიტუაციები, ტრავმებითა და გარუჯვის შედეგად კანის დაზიანება, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება, ინტოქსიკაცია, მოწამვლა, ვირუსული დაავადებები.

ვიტილიგოს მკურნალობა ხანგრძლივია და ზოგჯერ არცთუ სასურველია შედეგი. თუმცა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრე, კანზე პირველი თეთრი ლაქის გაჩენისთანავე დავიწყოთ მკურნალობა.

დღეს ვიტილიგოს მკურნლობის ყველაზე ეფექტიანი საშუალებები არსებობს: ფოტო და ლაზეროთერაპია; სისტემური თერაპია; ქირურგიული მეთოდები. ამ მეთოდებით მკურნალობას ერთვის მკურნალობის თერაპიული მეთოდებიც: იმუნომოდულატორები და ვიტამინები, კორტიკოსტეროიდები - მალამოებისა და კრემების სახით.

ექიმები გვირჩევენ: ვიტილიგოს დროს თავი შევიკავოთ მზეზე დიდხანს ყოფნისგან, აუცილებელია მზის დამცავი კრემის გამოყენება, ატარეთ ნატურალური ქსოვილის თავისუფალი ტანსაცმელი (უნდა ფარავდეს თეთრ ლაქებს), არ დაუშვათ ვიტილიგოს ადგილების გახეხვა და დაზიანება. თავი აარიდეთ სტრესებს, ძლიერ ემოციურ დატვირთვას...