მრავალფეროვანი დიეტა - კვირის პალიტრა

მრავალფეროვანი დიეტა

ზაფხულში შეგიძლიათ ნამდვილი "ვერნისაჟი" მოაწყოთ, ცისარტყელას ყველა ფერის ხილბოსტნეული თქვენს სუფრაზეა. მათი მონაცვლეობით მიღება დაგეხმარებათ კარგი ტანადობის შენარჩუნებაში.

თეთრი დღე

რაციონი: ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი, პირშუშხა, კამა, ყაბაყი, პატისონი, ნიახური, სოკო, ხურტკმელი, თეთრი მოცხარი. ეს პროდუქტი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას; სოკო მდიდარია ცილებითა და მინერალებით (კალიუმი, სპილენძი, რკინა).

მენიუ: საუზმე - დილით ნიახურისა და ვაშლის სალათა

სადილი - შემწვარი ყაბაყი ნივრითა და ოხრახუშით

ვახშამი - ქამა სოკოს ჟულიენი, ყველთან ერთად შებრაწული პატისონი, ნიახურის წვენი, ერთი მუჭა ხურტკმელი.

მოყვითალო - ნარინჯისფერი დღე

რაციონი: გარგარი, ატამი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მსხალი, ვაშლი, ალუჩა, ნესვი, ქლიავი, ქაცვი, ტკბილი წიწაკა, თალგამი, სიმინდი, სტაფილო, გოგრა. ეს პროდუქტი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს მხედველობას.

მენიუ:

საუზმე - ხილის სალათა

სადილი - გახეხილი სტაფილო ნივრითა და ნიგვზით. მოხარშული გოგრა, დესერტი - ერთი მუჭა კენკრა - სეზონის მიხედვით.

ვახშამი: ბრინჯისა და ბოსტნეულისსატენიანი წიწაკა, ქაცვის ჟელე და ახალგამოწურული სტაფილოსა და გარგარის წვენი.

წითელი დღე

რაციონი: პომიდორი, წითელი წიწაკა (მწარეც და ტკბილიც), საზამთრო, ბოლოკი, ალუბალი, ბალი, მარწყვი, ჟოლო.

ეს პროდუქტები შეიცავს კაროტონოიდებს, ანტიოქსიდანტებსა და ლიკოპენს, რომლებიც ადამიანს იცავს კიბოსგან.

მენიუ: საუზმე - რძისა და მარწყვის კოქტეილი.

სადილი - ბოლოკის სალათა, მოხარშული თევზი, მოხრაკული პომიდორი (ჩილი).

ვახშამი - ჟოლოიანი ხაჭო და ბლის კომპოტი.

მწვანე დღე

რაციონი: სალათის ფოთლები, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, ბროკოლი, ისპანახი, მჟაუნა, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ლობიო, ავოკადო, კიტრი, ცუკინი, კივი, ყურძენი, ხურტკმელი.

ეს პროდუქტი ეხმარება ორგანიზმს კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის, ფოსფორის ათვისებაში, ფოლიუმის მჟავას სიუხვის გამო სასარგებლოა ფეხმძიმეებისთვის.

მენიუ: საუზმე - ყურძნის წვენი და რევანდის ნამცხვარი.

სადილი - სალათა (მწვანილი, კიტრი, ზეითუნის ზეთი), ქათმის ფილე, მოხარშული ბროკოლი.

ვახშამი - ყველთან ერთად შემწვარი ცუკინი, კივი ან ყურძნის პატარა მტევანი.

იისფერი დღე

რაციონი: თავხვეული კომბოსტო (წითელი), ხახვი, ჭარხალი, იისფერი ჯიშის კარტოფილი, ბადრიჯანი, მოცვი, შავი მოცხარი, მაყვალი, ქლიავი, ყურძენი, ლურჯი მოცვი. ეს ხილ-ბოსტნეული მდიდარია ანტოციანებით, აუმჯობესებს მხედველობას.

მენიუ: საუზმე - რძის, ნაყინისა და მოცვის კოქტეილი. სადილი - კომბოსტოს სალათა, ბორშჩი და შემწვარი ბადრიჯანი.

ვახშამი - მოცხარის ჟელე ან კომპოტი.