თუ ორგანიზმს "შია" - კვირის პალიტრა

თუ ორგანიზმს "შია"

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს, მაშინვე ვიწყებთ აბების მიღებას. სინამდვილეში, ესა თუ ის ორგანო მიგვანიშნებს, რომ "შია". და თუ ამ "შიმშილს" მოვკლავთ, დაავადება უწამლოდ გაივლის.

ჩვენი ორგანიზმი რთული სისტემაა, შედგება 50 მილიარდი უჯრედისგან, ზოგიერთი იბადება, ზოგიერთი კი კვდება. ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ნელდება. ამასთან, უჯრედების სიცოცხლე ბევრადაა დამოკიდებული კვებაზე. საკმარისია ჩვენს რაციონში გავითვალისწინოთ საჭირო ელემენტები, რომ გაუმჯობესდება გუნება-განწყობილება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რკინა - ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მისი დეფიციტი იწვევს გაღიზიანებას, უღონობას, თავის ტკივილს. მას შეიცავს ღორის ღვიძლი, ძროხის თირკმლები, გული და ღვიძლი, გაუცრელი ფქვილი, ატმის ჩირი, კვერცხის გული, კაკალი, პარკოსანი, სატაცური, შვრიის ღერღილი, ვაშლი, წიწიბურა, ასკილი.

კალციუმი - უზრუნველყოფს გულისცემის ნორმალურ რიტმს. მისი დღეღამური ნორმაა - 1 - 1,5გ. ცნობისთვის: მისმა სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ჰიპერტროფიკული ართრიტი, კუნთების სისუსტე, ძნელდება მოძრაობის კოორდინაცია, ხერხემლისა და ფეხების ძვლების დეფორმაცია...

კალციუმს შეიცავს ყველი, ხაჭო, ბრინზა, ზღვის მცენარეები, თევზი, რძე, შვრია, ფეტვი, ქერის ბურღული, ისპანახი, ოხრახუში, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორცი და სუბპროდუქტები.

კალიუმი - საჭიროა გულის ნორმალური მუშაობისთვის. მისი უკმარისობა იწვევს კუნთების კრუნჩხვას, რასაც მოსდევს გულის შეფერხებულად მუშაობა. კალიუმის წყაროა ციტრუსები, ტომატი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პიტნა, მზესუმზირის თესლი, გარგარისა და ჭერმის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში. თუ დღეში ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, გული ადვილად გაუმკლავდება ვირუსებსა და სტრესებს.

მაგნიუმი - ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედისა და ქსოვილის ნორმალურად მუშაობისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი არღვევს გულის რიტმს, იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, უძილობას, ღამის კოშმარებს, ორგანიზმი ემსგავსება ბარომეტრს - მძაფრად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე, ადამიანი უმიზეზოდ ფორიაქობს. მაგნიუმს შეიცავს დაუმუშავებელი შვრია, ქერის ბურღული, მწვანე ბოსტნეული: ლობიო, მუხუდო, ოხრახუში (ფესვებიან-ღეროებიანად) წიწიბურა, ბანანი, ნუში.

ასევე სჭირდება ორგანიზმს თუთია, მით უმეტეს, მოხუცებულობაში. გარდა იმისა, რომ ის ამცირებს ღვიძლში ცხიმს, უნარჩუნებს კუნთებისა და ძვლების ქსოვილს ტონუსს, იცავს კაპილარებს დაზიანებისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას. თუთიის დღეღამური ნორმაა 12-16 მგ. თუთიით მდიდარია საფუარი, ხორბალი, ბრინჯისა და ჭვავის ქატო, მარცვლეული, კაკაო, ზღვის პროდუქტი, სოკო, ხახვი, კარტოფილი, რძე, ჟოლო, შავი მოცხარი, ხორბლის ღივი (შეგიძლიათ შეჭამოთ დღეში 1-3 ს/კ).

მნიშვნელოვანი ელემენტია ქრომი. მისი დღეღამური ნორმა მერყეობს 50-200 მგ-ს შორის. ის მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, აჩქარებს ინსულინის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს ნახშირწყლების ათვისებაში (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებულობაში). ქრომს შეიცავს კვერცხი, ხბოს ღვიძლი, ხორბლის ღივი, ლუდის საფუარი, სიმინდის ზეთი.

სილიციუმი (კაჟბადი) ჟანგბადის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია, მას შეიცავს თითქმის ყველა მცენარე. სილიციუმი აუცილებელია ეპითელიუმის და შემაერთებელი ქსოვილის, კანის, სისხლძარღვების კედლების, მყესების ელასტიკურობისთვის. კაჟბადიანი წყალი (წყალში ჩააგდეთ პატარა ნატეხი) ადამიანისთვის ნამდვილ ბალზამს წარმოადგენს. ბევრ სილიციუმს შეიცავს შვიტა. 1ს/კ შვიტას დაასხით 400 მლ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე მანამდე, სანამ წყალი არ განახევრდება. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 2-ჯერ.

სილიციუმის უკმარისობა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. პარაზიტებით დაავადებულ ორგანიზმში დიდი სისწრაფით ქრება სილიციუმის მარაგი, ამ დროს ორგანიზმი კარგავს დამცველ ძალას, ძნელად ხორცდება ჭრილობა, ქვეითდება მადა, იწყება სისხლძარღვების სკდომა და კანის ქავილი.

სილიციუმს შეიცავს პარკოსანი, სოკო, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანე ჩაი, ბოსტნეული, ზღვის წყალმცენარეები, ბურღულეული, ხორცი, სუბპროდუქტები.

თუ ორგანიზმი გოგირდის ნაკლებობას განიცდის, ჩქარდება გულისცემა, მაღლა იწევს არტერიული წნევა, იწყება ყაბზობა, ზოგჯერ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლებში სისხლის ჩაქცევა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. რადგან გოგირდი შედის ცილების შემადგენლობაში, მას შეიცავს ცილების შემცველი ყველა პროდუქტი.

სპილენძი ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესს. მისი უკმარისობა იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას, გულის კუნთების ატროფიას. სპილენძს შეიცავს მსხალი, მარწყვი, ხურტკმელი, მოცხარი, ციტრუსი, ვაშლი, პარკოსანი, სოკო, შოკოლადი, ყავა, ლუდის საფუარი, ბოსტნეული, ბურღულეული, ხაჭო, ხორცი, კვერცხი.