დავიოკოთ მადა - კვირის პალიტრა

დავიოკოთ მადა

უზომოდ ჭამის სურვილი - დაავადების დასაწყისია. მას მოთმინებითა და დიდი მონდომებით უნდა ვებრძოლოთ, დავიცვათ ექიმი-დიეტოლოგების რჩევები:

ჭამის შემდეგ დიდხანს ნუ იჯდებით მაგიდასთან. დანაყრებას იგრძნობთ ჭამიდან 20 წუთის ან მცირე ხნით ჰაერზე გასეირნების შემდეგ;

არასოდეს ჭამოთ ფეხზე მდგარმა - ამ დროს ბევრად მეტს შეჭამთ. თავი აარიდეთ ყოველგვარ, განსაკუთრებით, ხანმოკლე დიეტებს, რადგან დიეტის შემდეგ მაინც აღიდგენთ დაკარგულ წონას;

აუცილებლად ისაუზმეთ, რადგან ის ხელს უწყობს ცხიმების წვას;

საუზმეზე აუცილებლად მიირთვით მარცვლეულის: შვრიის, ხორბლისა და ჭვავის ღივი. B ვიტამინი, რომლითაც მდიდარია მარცვლეული, ხელს უშლის შინაგან ორგანოებში ცხიმის დაგროვებასა და ორგანიზმში სითხის შეკავებას;

შვრიის ფანტელი სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს და ეხმარება გახდომაში. მას ნელა ამუშვებს კუჭი და დიდხანს ვერ გრძნობთ შიმშილს;

მაძღრად ჭამის მოყვარულები სამჯერადიდან ხუთჯერად კვებაზე უნდა გადახვიდეთ. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, ჭამეთ ვაშლი, დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი ან იოგურტი - ისინი აქრობენ შიმშილის გრძნობას. ვაშლის რბილობთან ერთად შეჭამეთ კურკებიც - შეიცავს იოდის დღეღამურ ნორმას;

ყოველთვის უნდა იქონიოთ რამდენიმე ვაშლი, კომბოსტოს ფოთლები, სტაფილო. დაღეჭეთ ნელა და კარგად - მაშინ ჭამის დროს ნაკლებს შეჭამთ;

დალიეთ 1/2 ჩ/ჭ ნედლი ოხრახუშის ნახარში და ჭამა ორი საათით დაგავიწყდებათ. ასევე მოქმედებს პიტნის ნაყენი;

მადას ადვილად "მოატყუებთ" ლეღვისა და ქლიავის ნაყენით. 0,5 კგ ნაყოფს დაასხით 3 ლ წყალი, ხარშეთ მანამ, სანამ წყალი არ დაიკლებს 2,5 ლ-მდე. ჭამამდე მიირთვით ხილი და ნახარში დააყოლეთ;

შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა ყველიანი ან ბოსტნეულიანი მაკარონი;

ბოსტნეულის დღეღამური ნორმაა 300 გ (ნედლი, მოხარშული, ჩაშუშული);

შიმშილის გრძნობას ამცირებს ჭამამდე 1 ჩ/ჭ პომიდვრის წვენი ან მინერალური უგაზო წყალი;

სალათებს დაამატეთ მცენარეული ზეთი ან ახალი კეფირი;

ხშირად მიირთვით უცხიმო წვნიანი;

ვახშმად, დაძინებამდე 2 საათით ადრე, მიიღეთ ბოსტნეული ხორცთან ერთად;

მადის მტერია ნიორი. დაჭყლეტილ 3 კბილ ნიორს დაასხით 1 ჩ/ჭ ოთახის ტემპერატურის წყალი. ერთი დღე-ღამის შემდეგ სვით თითო ს/კ ძილის წინ, ან გადაყლაპეთ 1 კბილი ნიორი. ის კლავს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს და თან "ათვინიერებს" მადას;

ყოველდღე, დილაობით, დადექით ღია ფანჯარასთან, ფეხები გადგით მხრების სიგანეზე, ხელები დაიწყვეთ თავზე და 10-ჯერ ძალიან ღრმად ჩაისუნთქეთ;

უზმოზე დალიეთ ოთახის ტემპერატურის ღამენათევი წყალი, რომელშიც ოქროს ან ვერცხლის კოვზი იდება.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, 2 თვე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი ორგანიზმი შემცირებული ულუფებით დაკმაყოფილდეს.