მწერებით გადამდები დაავადებები ძალიან საშიშია... - კვირის პალიტრა

მწერებით გადამდები დაავადებები ძალიან საშიშია...

მწერებით გადამდები დაავადებები მასობრივ ხასიათს იძენს. ეს ის "ახალი" დაავადებებია, რომელთა იდენტიფიკაცია ბოლო ათეულ წლებში მოხდა. მათ  მიეკუთვნება არცთუ მარტივი ყირიმ-კონგოს, ნილოსის და დენგეს ცხელებები, რომლებიც უკვე ჩვენშიც დაფიქსირდა. მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება 2009 წელს აღირიცხა თბილისის შემოგარენში, ახლა კი სულ უფრო მეტად გვხვდება.

მწერებით გადამდებ დაავადებებზე მოგვითხრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ექიმი-სპეციალისტი გიორგი ბაბუაძე:

- ბატონო გიორგი, რატომ ხდება, რომ ასეთი "უცხო" დაავადებები ჩვენში ძალზე სწრაფად ვრცელდება?

- დედამიწა "დაპატარავდა" - ადამიანები ყველგან ადვილად დადიან და დაავადებათა გავრცელებას სწორედ ეს კონტაქტები იწვევს. ამიტომაცაა აუცილებელი მათი აღწერა, - როცა ვიცით, რასთან გვაქვს საქმე და ექიმს დროზე მივმართავთ, დაავადებასთან ბრძოლა ადვილია. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მაღალი ტემპერატურით, შოკით და სისხლჩაქცევებით ვლინდება და მრავალი ორგანოს მძიმე დაზიანებას იწვევს. ეს დაავადება გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩინეთში, ინდოეთში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში; თბილისის შემოგარენში გამოვლენის შემდეგ კი ასპინძაში, ხაშურსა და კასპშიც დაფიქსირდა.

ადამიანების დაინფიცირება ხდება ტკიპა ჰიალომას ნაკბენით. დაავადება იწყება შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით - 39-400С-მდე, კუნთების, სახსრების, თავის, წელის და მუცლის ძლიერი ტკივილებით, ხშირი ღებინებით. სახე, ლორწოვანი გარსი, კისერი და გულმკერდის ზედა ნაწილი ჰიპერემიულია. დაავადების დასაწყისში პერიფერიულ სისხლში შეინიშნება ცვლილებები. ეს ფაზა ძირითადად 7-8 დღე გრძელდება. 1-2-დღიანი რემისიის შემდეგ იწყება ჰემორაგიული ფაზა და 2-6 დღე გრძელდება. აღინიშნება სისხლჩაქცევები წელის და დუნდულების არეში, მძიმე ფორმების დროს - სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭიდან, საშვილოსნოდან, ნაწლავებიდან და ფილტვებიდან. პაციენტი ფერმკრთალია, გამოეხატება აკროციანოზი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისას შესაძლებელია კრუნჩხვები და კომა. გამოჯანმრთელების პერიოდი 1-2 თვე გრძელდება. სუსტიმუნიტეტიანი პაციენტების სიკვდილიანობა 10-40%-ია. დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ტკიპებთან ბრძოლა.

- ნილოსის ცხელება ახსენეთ, ეს რაღას ნიშნავს?

- ამ ინფექციური დაავადებით უმთავრესად ფრინველები და ადამიანები ავადდებიან დაინფიცირებული ჩულეხ-ის გვარის კოღოებით. მექანიზმი აქაც იგივეა - კოღო კბენს დაავადებულ ორგანიზმს და დაავადება სხვა ორგანიზმში ასევე კბენით გადააქვს. თუმცა ნილოსის ცხელება სისხლის გადასხმით, ორგანოთა ტრანსპლანტაციით, დედიდან ბავშვზე ორსულობისას, მშობიარობისას და ძუძუთი კვებისასაც გადადის. ზოგჯერ დაავადებისას ტემპერატურის აწევამდე ხდება საერთო სისუსტის, ოფლიანობისა თუ დაღლილობის გამოვლენა. დაავადებათა 20%-ს კი ცხელება სხვა სიმპტომებთან ერთად - თავის ტკივილი, ართრალგია, ღებინება, დიარეა ან გამონაყარი - აღენიშნება. საქართველოში ამ ცხელებამ იფეთქა 1989-91 წლებში აფხაზეთში, დაფიქსირდა 600-მდე შემთხვევა. ვაქცინა ამ დაავადებისათვის ჯერჯერობით არ არსებობს. საუკეთესო პრევენციული მეთოდი ამ შემთხვევაშიც კოღოების გამრავლების ადგილების ლიკვიდაციაა.

- დენგეს ცხელებაც ასეთივე საშიშია?

- იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ როგორც ჯანმრთელობისათვის გლობალური საფრთხის შემცველ დაავადებად არის კლასიფიცირებული. ძირითადად გვხვდება აზიის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ნაწილებში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ენდემურ კერებში ყველაზე ხშირად ბავშვები და ტურისტები ავადდებიან. საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული.

დაავადების გადამტანი კოღო Aedes aegipty da Aedes albopictus-ის რეზერვუარი ქალაქში ადამიანია, ხოლო ჯუნგლებში - მაიმუნი, თუმცა თავად ამ უკანასკნელს არ უვითარდება დენგეს ჰემორაგიული ცხელება. კოღო ვირუსს იღებს გადამტანის კბენისას და შემდეგ ავრცელებს. დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც ინფიცირება დაავადებული დონორის ორგანოების ტრანსპლანტაციით და ინფიცირებული დედით ნაყოფზე გავრცელებულა.

დაავადება მწვავე ცხელებით იწყება (ტემპერატურა 410С-მდე), რომელიც 5-7 დღე გრძელდება. აღინიშნება საერთო სისუსტე, პაციენტს უჭირს სიარული და მუხლის სახსრის მოხრა, აქვს გულისრევა და პირღებინება. შეიძლება აღინიშნოს სისხლდენა ღრძილებიდან ან კუჭიდან. ავადობის მე-3-4 დღეს ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, გამონაყარი ცხრება და იქერცლება. 1-4 დღის შემდეგ ცხელება შეიძლება განახლდეს. პერიფერიულ სისხლში აღინიშნება ცვლილებები. მკურნალობისას ლეტალობა 3%-ს შეადგენს, მკურნალობის გარეშე - 50%-ს.