ჭარხლის სიკეთე - კვირის პალიტრა

ჭარხლის სიკეთე

ჭარხალი უმიც და მოხარშულიც გემრიელია, ამასთან მკურნალიც. საკვებად გამოდგება მისი როგორც ბოლქვი, ისე ღეროები და ფოთლები. ჭარხალი სასარგებლო ნივთიერებების წყაროა - შეიცავს ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ნატრიუმის მარილს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ბეტანინსა და ბეტაინს, რომელიც აუმჯობესებს ცხიმის ცვლას და ღვიძლის მუშაობას, ამაგრებს კაპილარებს და სისხლძარღვების კედლებს. აქვეითებს სისხლში ქოლესტერინს.

ბოლო ხანებში მეცნიერებმა ჭარხალში აღმოაჩინეს U ვიტამინი, რომელსაც მხოლოდ კომბოსტო შეიცავს. ეს ვიტამინი ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულის შეხორცებას, აქვს ანტიალერგიული თვისება.

მკურნალები გვირჩევენ: იმუნიტეტის გასაძლიერებლად 2 ს/კ მსხვილად გახეხილ ჭარხალს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ და სვით თითო ს/კ ნაყენი 3-5-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ანგინის დროს:

1 ჩ/ჭ გახეხილ ჭარხალს დაამატეთ 1 ჩ/კ ძმარი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ მარლაში და წვენი გამოივლეთ პირსა და ყელში ჭამის შემდეგ.

არანაკლებ სასარგებლოა ჭარხლის წვენი. თუმცა ახალგამოწურული წვენი 1 საათი მაინც უნდა გააჩეროთ, დაამატოთ წყალი და ისე მიიღოთ, არა მთელი ჭიქა, არამედ თითო ს/კ დღეში, რათა კუჭი მიეჩვიოს წვენს და თანდათანობით გაზარდოთ 3 ს/კოვზამდე (მაქსიმუმ ნახევარ ჭიქამდე). გახსოვდეთ, ერთბაშად ერთი ჭიქის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, სლოკინი, კუჭის აშლილობა.

თუ დაიცავთ რეკომენდაციებს, ჭარხლის წვენი ძალიან სასარგებლოა ღვიძლის პრობლემების დროს, ის აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და ხელს უწყობს ნაღვლის წარმოქმნას. საჭიროა მიიღოთ თითო ს/კ წვენი ჭამამდე 20 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.

ხალხური მედიცინით - რეკომენდებულია ჰიპერტონიკებისთვის თაფლიანი ჭარხლის წვენი.

ქალბატონებმა კრიტიკულ დღეებში და მის შემდეგ სასურველია მიიღონ 50 მლ წვენი 2-3-ჯერ დღეში. ხოლო რინიტისა და ჰაიმორიტის დროს ცხვირში ჩაიწვეთეთ ჭარხლის წვენი.