იანვრისთვის ღორის გრიპის მეორე ტალღა დაგვატყდება - კვირის პალიტრა

იანვრისთვის ღორის გრიპის მეორე ტალღა დაგვატყდება

"მზად ვართ, დავეხმაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მედიკამენტებითა და ლაბორატორიით"

ექიმები აღარ მალავენ, რომ ახალი კალიფორნიული გრიპის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით. ეს ვითარება დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ხუთი გარდაცვლილი, ათი მძიმე, 800 ლაბორატორიულად დადასტურებული და ათასობით დაუდასტურებელი ინფიცირების შემთხვევა - ასეთია დღევანდელი რეალობა. იანვრისთვის ეპიდემიოლოგები H1N1-ის გავრცელების მეორე ტალღას ელოდებიან.

შოთა ცანავა (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე): - ლაბორატორიულად დადასტურებული 800-ზე მეტი შემთხვევაა უკვე გამოვლენილი, მაგრამ დაავადებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია. ყველა ინფიცირებული არ მიმართავს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და სამედიცინო დაწესებულებას. შეიძლება ითქვას, ვირუსის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით. დაავადების შემთხვევათა უმეტესობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ბოლო მონაცემებით, ათი პაციენტია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში და აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამ ათი პაციენტიდან ორი ორსულია. უმეტეს შემთხვევაში გართულების მიზეზი პაციენტის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც დროულად მიმართა ექიმს, მაგრამ დაავადება იმის გამო გართულდა, რომ ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, ენდოკრინული, ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები. ასეთი დაავადების მქონენი გრიპით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

- ბრძანებთ, რომ გრიპის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა?

- ვვარაუდობთ, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ ბოლო დროს შეინიშნება, რომ ავადობის ზრდის ტემპი ეცემა. თუმცა არ არის გამორიცხული, გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყოს, რომელიც ალბათ ნაკლები სიძლიერისა იქნება, ვიდრე პირველი. შესაძლოა, ეს მეორე ტალღა იანვარში ან ცოტა უფრო გვიან დაიწყოს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, პაციენტები თუ დროულად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, თუ შევასრულებთ იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უკეთესი შედეგები გვექნება.

- ამ დროისთვის რამდენი კაცი დაიღუპა ახალი ვირუსით?

- ლაბორატორიულად დადასტურდა ხუთი კაცის გარდაცვალება. ვითარება ქვეყანაში სრულად კონტროლდება, გვაქვს ანტივირუსული პრეპარატების მარაგი...

- მაგრამ პრობლემებია ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. საავადმყოფოები გადატვირთულია და ახალი პაციენტის მიღების შესაძლებლობა არა აქვთ...

- გრიპით ინფიცირებულ ყველა პაციენტს არ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. უნდა მოათავსონ თუ არა პაციენტი საავადმყოფოში, ამას ექიმი წყვეტს. სამედიცინო სისტემა ქვეყანაში გამართულად მუშაობს და მერწმუნეთ, მაქვს ამის თქმის საფუძველი. ექიმი აუცილებლად მოახდენს მძიმე და გართულებული მდგომარეობის მქონე პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

- გრიპით ინფიცირებულთა შორის ბევრია მცირეწლოვანი ბავშვი. ამას ელოდით?

- რა თქმა უნდა, ველოდით, რადგან ახალი გრიპი უფრო მეტად მცირეწლოვან ბავშვებში ვრცელდება. ამასთანავე, ღორის გრიპის ვირუსი იშვიათად გვხვდება ხანდაზმულებში. ეს ამ გრიპის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.

- აქამდე გრიპის გავრცელების ეპიცენტრი უმეტესად თბილისი იყო. ბოლო  დღეებში კი ავადობის შემთხვევები სხვა რეგიონებშიც გამოვლინდა...

- ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ახლა შემთხვევათა რიცხვი რეგიონებშიც იზრდება. ახალი გრიპის ვირუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. სამწუხაროდ, არა გვაქვს ინფორმაცია, ინფიცირების შემთხვევების რა რაოდენობაა აღნუსხული იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ ვიცით, რომ დაავადების შემთხვევები იქაც ბევრია. სხვათა შორის, მათ არც H1N1 გრიპის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა აქვთ. ადგილობრივი ექიმები და ეპიდემიოლოგები იმასაც ვერ ამბობენ, რა ვირუსია გავრცელებული აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იქ ანტივირუსული პრეპარატების სიმცირეა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ვთავაზობთ დახმარებას როგორც გრიპის ლაბორატორიული კვლევის, ასევე მედიკამენტებისა და დაავადების ეპიდემიოლოგიური მართვის თვალსაზრისით. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა აფხაზეთიდან ზუგდიდში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ ახალი გრიპის ვირუსით ინფიცირებული პაციენტი. თბილისის შემდეგ, გრიპით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარასა და ქუთაისშია.

- მოქალაქეები ზამთრის კურორტებზე მიემგზავრებიან. რამდენად რეკომენდებულია, ფაქტობრივად, ეპიდემიის დროს ქალაქიდან გასვლა?

- მთავარია ინფიცირებულებთან კონტაქტს მოვერიდოთ. სხვა მხრივ არც კურორტზე გამგზავრებაა საშიში და არც დედაქალაქში დარჩენა. გაკაჟება და დასვენება პირიქით, ამ ტიპის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილიც კი არის.