იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი ცვლის რამდენიმე ფინჯან ყავას, რომლის ძირითადი ინგრედიენტებია კოფეინი და შაქარი. კოფეინი გვავსებს ენერგიით და სიმწარემ რომ არ შეგვაწუხოს, ვამატებთ შაქარს, არცთუ ცოტას - 120 გ-მდე, არადა, დღეღამური ნორმაა 2 მგ; სასმელი მაღალკალორიული ხდება, ზედმეტი შაქარი კი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე...

არც მაღალი კონცენტრაციის ყავაა უსაფრთხო. ამაღლებს არტერიულ წნევას, იწვევს უძილობას, გაუწყლოებას, გაღიზიანებას... მართალია, კოფეინი ენერგიას გვმატებს, მაგრამ თუ დიდი დოზით მივიღებთ +- წაგვართმევს. ერთი ფინჯანი ყავის ეფექტი სულ 1-2 საათი გრძელდება, ენერგეტიკული სასმლისა - 4-5 საათი და თან ორგანიზმი გაძლიერებულად მუშაობს.

საგულისხმოა, რომ კოფეინის დიდმა დოზამ მიჩვევა იცის. სხვათა შორის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელები გათანაბრებულია ძლიერმოქმედ წამლებთან და მათი შეძენა მხოლოდ აფთიაქში შეიძლება.

ექსპერტთა მოთხოვნით, 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ენერგეტიკული სასმელების მიღება კატეგორიულად ეკრძალებათ, 18 წლამდე ასაკისთვის - არარეკომენდებულია, ხოლო მოზრდილებმა და ახალგაზრდებმა უნდა დალიონ მხოლოდ ერთი ქილა. რადგან ეს სასმელები ბევრ კოფეინს შეიცავს, მასთან ერთად არ შეიძლება ყავის და სპირტიანი სასმელების დალევა. ალკოჰოლი აძლიერებს კოფეინის ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აიძულებს გაძლიერებულად მუშაობას. რადგან კოფეინი შარდმდენია, ენერგეტიკული სასმელების მიღება არარეკომენდებულია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის დროს - შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება. კოფეინი ორგანიზმიდან გამოდის 3-5 საათის შემდეგ, ამ ხნის განმავლობაში არ შეიძლება იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც აძლიერებს მის ზემოქმედებას. დღეში საკმარისია 1-2 ქილა ენერგეტიკული სასმლის მიღება.