რა ზრდის მხედველობის დაქვეითების რისკს - კვირის პალიტრა

რა ზრდის მხედველობის დაქვეითების რისკს

სწავლის დაწყებასთან ერთად ბავშვების ნაწილს მხედველობის პრობლემები უჩნდება. რა იწვევს მხედველობის დაქვეითებას და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, ამ საკითხზე სასაუბროდ ვეწვიეთ ოფთალმოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, მარინა რამაზაშვილს:

- თვალის პრობლემები ნაწილობრივ მემკვიდრეობითია.  მაგალითად, ასტიგმატიზმი, სიელმე. ხშირად თვალის პრობლემები ბავშვებში არ მჟღავნდება, მათი თვალი ახალგაზრდაა, ძლიერი კუნთები აქვს და აკომპენსირებს მხედველობის ნაკლს, ან ბავშვს ჰგონია, რომ ასე უნდა ხედავდეს და არ ჩივის. ხშირად ბავშვი ტელევიზორს  ახლოდან უყურებს, ან გვერდიდან აკვირდება საგანს, ან სწორად არ ზის... ეს იმის მაუწყებელია, რომ აუცილებელია მისი ოფთალმოლოგთან მიყვანა.

არის შემთხვევა, რომ ბავშვი იბადება სიელმის გარეშე, მაგრამ ვირუსული ინფექციის ან აცრის შემდეგ უცებ გამოვლინდება ხოლმე. ამას ვირუსული დაავადება ან აცრა არ იწვევს. ბავშვის ტვინი აკონტროლებდა თვალის მდგომარეობას, რომელიც უკვე მზად იყო სიელმისთვის, როგორც კი ეს კონტროლი შესუსტდა, სიელმე გამოვლინდა.

- ძირითადად მხედველობის პრობლემები სასკოლო ასაკში იჩენს ხოლმე თავს.

- ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემა და პატარა ასაკში არ მჟღავნდება, როგორც კი საჭირო გახდება დიდხანს კითხვა, დაფაზე დაწერილის დანახვა, ეს უეცრად გამოაჩნდებათ. საერთოდ, ჯობია სკოლაში წასვლამდე ბავშვის მხედველობა შემოწმდეს და გაირკვეს, აქვს თუ არა მას ანატომიურად მხედველობის ნაკლი, სჭირდება თუ არა პლუსი ან მინუსი ნომრის სათვალე. მშობლებმა უნდა იცოდნენ და ჩაუტარონ მარტივი ტესტი შვილებს, მაგალითად, სხედან მანქანაში, წინა მანქანის ნომერს მშობელი კარგად ხედავს, სთხოვოს ბავშვს, წაიკითხოს ეს ნომერი, ან მორბენალი სტრიქონი წააკითხოს. ჯერ ცალი თვალი აუხვიეთ და მეორით წააკითხეთ კედელზე დაკიდებული კალენდრის რიცხვები, მერე მეორე თვალით. თუ ბავშვი ვერ კითხულობს, აუცილებლად სჭირდება დახმარება. ასეთივე ტესტი თამაშ-თამაშით შეიძლება ჩაუტაროთ ბავშვს, განსაკუთრებით ბიჭებს, დალტონიზმთან დაკავშირებით - ნახეთ, არჩევს თუ არა ფერებს ერთმანეთისგან...

გაითვალისწინეთ, სათვალე შეიძლება მოიხსნას ზრდასრულ ასაკში, ექსიმერულ-ლაზერული კორექციის შემდეგ. ლაზერით სწორდება რქოვანას დეფექტი და შესაძლებელია ადამიანმა სათვალე (ან ლინზები) აღარ ატაროს.

- არსებობს აზრი, რომ ჯანმრთელი თვალი კომპიუტერთან დიდხანს და არასწორი ჯდომით ზიანდება.

- ჩვენი თვალი ბუნებრივად განსაზღვრულია შორს ყურებაზე. როდესაც ახლოს ვუყურებთ რამეს, მაგალითად, ვკითხულობთ მონიტორზე, ან ვთამაშობთ კომპიუტერში, თვალის კუნთებს ვძაბავთ. წარმოიდგინეთ, რომ ბურთს ხელს უჭერთ დიდი ხნის განმავლობაში, ბურთი იცვლის ფორმას და "გრძელდება"... თვალზე მუდმივად შემოჭერილი კუნთის სარტყელი ცვლის თვალის ფორმას, "აგრძელებს" მას, რაც, შესაბამისად, მინუსი ნომრის გაჩენის საფუძველია.

2000 წელს შევამოწმე თბილისის რამდენიმე სკოლა. თვალის სპაზმი I-IV კლასის მოწაფეთა 20-25%-ს აღმოაჩნდა. 2006 წელს შემოწმებული ბავშვების უკვე 40%-ს ჰქონდა სპაზმი, 2012 წელს კი ბავშვების 60-65%ს.

სკოლებში ნეტბუქების ხმარების წინააღმდეგი ვარ. თვალის პრობლემა რომ არ გაჩნდეს, გაკვეთილის განმავლობაში მხოლოდ 10-15 წუთი შეიძლება დაეთმოს ნეტბუქში ყურებას. თვალს ასვენებს და ნორმალურ მდგომარეობას უბრუნებს შორს გახედვა. ამიტომ ახლო ყურების მერე აუცილებელია ბავშვებმა შორს გაიხედონ.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ ცოტა მაინც შეამციროს მავნე ზეგავლენა შვილის თვალზე?

- მნიშვნელობა აქვს, როგორ დადგამთ კომპიუტერს. კარგია, თუ ის ფანჯარასთან დაიდგმება. ფანჯარაში გახედვა ბუნებრივად გადაიტანს მხედველობას ახლოდან შორ მანძილზე და ეს თვალის დაძაბულობას შეამცირებს. ნახევარ საათზე მეტი არ შეიძლება არც კომპიუტერთან ბავშვის ჯდომა, არც ტელევიზორთან. კატეგორიულად მავნეა სიბნელეში ტელევიზორის ყურება, ან კომპიუტერთან ჯდომა, არ შეიძლება ბნელ ოთახში მობილურ ტელეფონზე თამაში ან მესიჯების წერა. მოზრდილობაში ამის გამო გლაუკომის შემთხვევები გაიზრდება.

- დაბოლოს, თუ ბავშვს არა აქვს ჩივილი მხედველობის გამო, მაგრამ აქვს რომელიმე სხვა დაავადება, რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომელი მათგანია საშიში მხედველობისთვის?

- თუ ბავშვს აქვს დიაბეტი, აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს ოფთალმოლოგმა. ბავშვები, რომლებსაც აქვთ რევმატიზმი, ან მომატებული რევმატიული სინჯები, ასევე საჭიროებენ ყურადღებას. სისტემური დაავადების შემთხვევაში, ან მაშინ, როცა ოჯახის რომელიმე წევრს, ან ახლო ნათესავებს, აქვთ მხედველობის პრობლემა, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე. ოფთალმოლოგთან მისვლა საჭიროა ინფექციების გადატანის შემდეგაც.