ბრუქსიზმი - ღამის მავნებელი
07-10-2013
ბრუქსიზმი - ღამის მავნებელი
ბრუქსიზმი (ძილში კბილების კრაჭუნი) ძალიან ბევრს აწუხებს. განასხვავებენ დღისა და ღამის ბრუქსიზმს, დღისა - შეიძლება აკონტროლოს ადამიანმა, ღამისა კი ვერა.

მეცნიერების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბრუქსიზმი აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სტრესს განიცდიან, დღისით მიღებული ემოციები, გაღიზიანება, სიბრაზე და დაძაბულობა, ღამითაც არ ქრება - ის ადამიანის კონტროლს აღარ ემორჩილება და იწვევს ბრუქსიზმს...
თუმცა სტრესები ერთადერთი მიზეზი არ არის, ის შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა თანკბილვამ, ცუდმა ბჟენმა ან პროთეზმა. ყველა ეს პრობლემა იწვევს
საღეჭი კუნთების არათანაბარ დატვირთვას, რომელიც ღამით სპონტანურად იკუმშება.

ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ბრუქსიზმი აწუხებს, გარდა იმისა, რომ ამის შესახებ ახლობლები ეუბნებიან, მას თან ახლავს ბევრი სიმპტომიც: ხშირად იღვიძებს თავატკივებული, სტკივა სახის კუნთები, ცხვირის ნესტოები, კისერი და მხრები.

ბრუქსიზმმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების რყევა, მინანქრისა და
დენტინის ცვეთა, კბილების მტვრევა, ამიტომაც ამ პრობლემას დროზე უნდა მიხედვა.
ბრუქსიზმის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე, თუ ყველაფერში დამნაშავეა სტრესები, რეკომენდებულია რელაქსაციური მეთოდები (ფეხით სეირნობა, თბილი აბაზანები,M დამამშვიდებელი მუსიკა, მედიტაცია) და აუცილებლობის შემთხვევაში ნევროპათოლოგის ან ფსიქოთერაპევტის დახმარება.

თუ ბრუქსიზმის მიზეზი არასწორი თანკბილვაა ან ცუდი ბჟენი, დაგეხმარებათ სტომატოლოგი.
ხშირად ბრუქსიზმი აწუხებთ ბავშვებს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ მას ჭიებით დაავადება იწვევდა. მედიცინაც არ უარყოფს ამ მოტივს, რადგან ბევრ პარაზიტს შეუძლია დათრგუნოს ნერვული ქსოვილების ფუნქციონირების ხელის შემწყობი ვიტამინი B12 და გამოიწვიოს საღეჭი კუნთების სპაზმი.
ასე რომ, თუ თქვენი ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს, მიზეზი შეიძლება ჰელმინთებიც იყოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით