რა ვნებს თვალებს? - კვირის პალიტრა

რა ვნებს თვალებს?

თვალები ბარომეტრივით რეაგირებს ფიზიკურ დაღლილობაზე, ძილის უკმარისობასა და ამინდის ცვლილებაზეც კი. მაგალითად, კონიუნქტივიტის მიზეზი შეიძლება გახდეს სიცივე, რომელსაც ახასიათებს მომატებული ცრემლდენა, ქავილი... თუ ხშირად გემართებათ კონიუნქტივიტი, ქუჩაში გასვლის წინ თვალებსა და ცხვირში ჩაიწვეთეთ ექიმის დანიშნული ანტიჰისტამინური წვეთები, საღამოს თვალებზე დაიდეთ სველი ჩაის პაკეტები ან ჩაიში დასველებული მარლის ტამპონები.

გამათბობელი ხელსაწყოები და ჰაერის დაბალი ტენიანობა ხელს უწყობს რქოვანას შრის სითხის აორთქლებას, იწვევს სიმშრალეს, ქავილსა და თვალების შეწითლებას. ამ სიმპტომების დროს სვით მეტი წყალი (დღეში 2 ლ), დაატენიანეთ ოთახში ჰაერი ტრადიციული ან ულტრაბგერითი დამატენიანებლით. კომპიუტერთან მუშაობისას და ტელევიზორის ყურებისას არ დაგავიწყდეთ თვალების ხშირად დახამხამება. თვალების სიმშრალის დროს სასურველია ჩაიწვეთოთ ე.წ. ხელოვნური ცრემლი (იყიდება აფთიაქში). მათი გამოყენება შეიძლება არა მარტო დიდი მხედველობითი დატვირთვის დროს, არამედ საკუთარი ცრემლის სითხის უკმარისობის დროსაც.

ნაკლები სინათლისას თვალები რომ არ დაგეძაბოთ და დაგეღალოთ, იზრუნეთ სამუშაო ადგილის განათებაზე, დაარეგულირეთ მონიტორის კონტრასტულობა და გამოსახულება. ყოველ საათში ერთხელ აუცილებლად დაასვენეთ თვალები (დახუჭეთ და მოადუნეთ). ავარჯიშეთ თვალები: მონაცვლეობით 5-5 წამი გაიხედეთ შორს; დაატრიალეთ თვალები წრიულად, მზიან ამინდში თვალები დაიცავით ულტრაიისფერი სხივებისაგან მზის სათვალით.

მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ვიტამინები და მინერალები. ხშირად ჭამეთ თვალებისთვის აუცილებელი A, C და F  ვიტამინების შემცველი პროდუქტი (ტკბილი წიწაკა, სტაფილო, შავი მოცხარი, ღვიძლი, ხორბლის ღივი, ვირთევზა, მცენარეული ზეთი). თვალებისთვის ძალიან სასარგებლოა მოცვი, მის წვენს შეიცავს თვალის თითქმის ყველა პრეპარატი.