თირკმლები - ბუნებრივი ფილტრი - კვირის პალიტრა

თირკმლები - ბუნებრივი ფილტრი

თირკმლები ორგანიზმის ფილტრია. მათში ყოველდღე 35-ჯერ გაივლის სისხლი, რომელიც ამ დროს იწმინდება მიკრობებისგან, ვირუსებისგან, ტოქსინებისა და წიდებისგან. შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდთან ერთად, ხოლო სასარგებლო ნივთიერებები - ცილები ორგანიზმში რჩება. თირკმლებს სხვა ფუნქციებიც აქვს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ტუტემჟავურ წონასწორობას. თუმცა, არასწორი კვება, მავნე ჩვევები და სხვა ნეგატიური ფაქტორები აფერხებს თირკმლების მუშაობას. თირკმლებმა ნორმალურად რომ იმუშაოს, საჭიროა მისი გაწმენდა - დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 1,5 ლ წყალი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, ბაქტერიებისა და მარილების დროულად გამოყოფას. სვით სასმელი წყალი, კომპოტი, მწვანე ჩაი, მცენარეების ნაყენი, მორსი. თირკმლებისთვის ასევე სასარგებლოა შარდმდენი თვისების მქონე პროდუქტები: საზამთრო, ნესვი, მარწყვი, კიტრი, შავი მოცხარი. A  ვიტამინის შემცველი მწვანე, წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული, თევზი. მარილიანი, მწარე და ცხარე საკვების მიღება უნდა შეზღუდოთ.

უარი თქვით მკაცრ დიეტაზე, რადგან ამ დროს თირკმლების მუშაობა არასრულფასოვანია, ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი. იწვევს შარდის შეკავებას, რაც ხელსაყრელ გარემოს უქმნის ინფექციების წარმოქმნას. თუკი წონაში დაკლება გსურთ, შეეცადეთ, გახდეთ ნელა, თანდათანობით, იმოძრავეთ მეტი, რაც ასევე სასარგებლოა თირკმლებისთვის. სირბილი, ცურვა, ტანვარჯიში აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის სისხლის შესქელებას და აქედან გამომდინარე - თირკმლების დაავადებას.

თირკმლების დაავადებას იწვევს ავადმყოფობის წარმომქმნელი ინფექციები, რომლებიც ორგანიზმში სწრაფად მრავლდებიან. ქრონიკული ინფექციის კერად შეიძლება იქცეს კბილების კარიესი, რესპირატორული დაავადებები, კანის ანთება და ა.შ.

არცთუ იშვიათად ეს ინფექციები, რომლებიც სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში მოძრაობენ, მოკალათდებიან ხოლმე თირკმლებში. თირკმლების დაავადება შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანმა დიაბეტმა, ათეროსკლეროზმა და მცირე მენჯის ანთებითმა დაავადებებმა.

თირკმლების დაავადების სიმპტომებია: წელის ტკივილი, შარდის ფერის შეცვლა, დილით სახის შეშუპება, მადის დაკარგვა, გადაღლილობის შეგრძნება. პირველი სიმპტომებისთანავე სასურველია, მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოიკვლევს და დიაგნოზის დასმის შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას.