პერტესი - ვერაგი დაავადება - კვირის პალიტრა

პერტესი - ვერაგი დაავადება

რატომ ეწყება სრულიად ჯანმრთელ პატარას სახსრის მიდამოს ტკივილი და კოჭლობა?

მშობლისთვის ნამდვილად შოკია, როცა შვილს ჯანმრთელობა სერიოზულად უზიანდება. მაგრამ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაუწყოს მკურნალობა, რათა ყველაფერი კეთილად დასრულდეს. ვერაგ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება პერტესი - მენჯ-ბარძაყის ძვლის თავის ერთი ან ორმხრივი ასეპტიკური ნეკროზი, როცა სრულიად ჯანმრთელ პატარას უცებ ეწყება სახსრის მიდამოს ტკივილი და კოჭლობა. მიუხედაობის შემთხვევაში, დაავადება მძიმე ინვალიდობით სრულდება. ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებზე ექიმი-პედიატრი შორენა გახოკია გვესაუბრება.

- პერტესი რთულია არა მხოლოდ შედეგებით (მიუხედაობის შემთხვევაში!), არამედ იმითაც, რომ დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორთან. არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა ამ სენით დაავადებულ და-ძმებს ვმკურნალობდი. ბედნიერებაა, რომ დროული მკურნალობით დაავადება სრულად იკურნება.

ამ სენს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სამმა სხვადასხვა ექიმმა თითქმის ერთდროულად აღმოაჩინა, მედიცინაში სწორედ მათი სახელით, ლეგ-კალვე-პერტესის დაავადებად იცნობენ და მას საფუძვლად უდევს არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა ბარძაყის ძვლის თავში. დაავადება ოთხი სტადიით ვითარდება და მათგან პირველი არის ბარძაყის ძვლის თავის სუბქონდრალური ნეკროზი. ამ დროს პატარას მოულოდნელად ეწყება მუხლის ტკივილი, რასაც თან კოჭლობაც ერთვის. ეს პერიოდი 2-3 თვე გრძელდება, თუმცა რენტგენით გადაღებისას არანაირი პათოლოგია არ ფიქსირდება. მერე ტკივილიც უკვალოდ ქრება და კოჭლობაც. შესაბამისად, ჩავლილ ტკივილს მშობელიც ივიწყებს და სწორედ ამას შეჰყავს ექიმები შეცდომაში. ისმება მცდარი დიაგნოზი (მაგალითად, რევმატიზმი), იწყება არასწორი მკურნალობა და დაავადებაც რთულდება. დაავადების მეორე საფეხური კი უკვე უფრო რთულია, - ტკივილი ძლიერდება და მუხლიდან მენჯ-ბარძაყში გადადის, იწყება დუნდულასა და ქვედა კუნთების განლევაც, რადგანაც სისხლით არა მხოლოდ ბარძაყის ძვლის თავი ვეღარ იკვებება, არამედ კუნთებიც. ამას ბავშვის ძლიერი კოჭლობა მოჰყვება და უკვე რენტგენით გადაღებისასაც ჩანს, რომ ბარძაყის ძვლის თავი გაბრტყელებულია. ეს სტადია უკვე ძალზე საშიშია.

მესამე სტადიაში კი ბავშვს სახსარი სტკივა არა მხოლოდ სიარულისას, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. უჭირს სახსრის მოხრა, გაშლა, ფეხის შებრუნება. პროცესის გამწვავებას კი შეიძლება მოჰყვეს ქვეამოვარდნილობაც, ანუ ფეხი შეიძლება საერთოდ ამოვარდეს სახსრიდან. ამ დროს კეთდება ოპერაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ამართლებს. წარმატებული ოპერაციის დროს გამოყენებული იმპლანტანტი 7-10 წელიწადში უსათუოდ უნდა გამოიცვალოს. ანუ თუ ოპერაციას გავუკეთებთ 17 წლის მოზარდს, სიცოცხლეში იმპლანტანტი დაახლოებით 6-7-ჯერ უნდა გამოიცვალოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დანაშაულად მიმაჩნია იმ სპეციალური სანატორიუმის დახურვა, რომელშიც ამ სენით დაავადებულ ბავშვებს დაახლოებით ორი წელიწადი კონსერვატორული მეთოდით, არაოპერაციულად ვმკურნალობდით და სრულიად განკურნებულებს ვუშვებდით. ეს ორი წლის წინ მოხდა. მაშინ ამ სანატორიუმში მყოფი ბავშვების მშობლებმა და ექიმებმა ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

- არაოპერაციული მეთოდით როგორ ხდება პერტესის დაავადების განკურნება?

- ტრადიციული მეთოდებით. დაავადების მეოთხე სტადიაზე პაციენტებს სახსრის დატვირთვას ვუზღუდავდით - დაავადების სიმძიმის მიხედვით წოლით რეჟიმს ვუნიშნავდით, დანეკროზებული ადგილების აღდგენას ვიწყებდით ფიზიოპროცედურებით და მკურნალობის პროცესში ვრთავდით მედიკამენტებს, მასაჟებს, ვარჯიშებს, ცურვას... ასე რომ, 2 წლის შემდეგ ბავშვებს უკან სრულიად გაჯანსაღებულებს ვუშვებდით. ასეთი ბავშვი არა ათეულობით, არამედ ასეულობით გვყავს. არასოდეს დამავიწყდება გერმანელი ექიმების გაოცება, როცა ჩვენი მკურნალობის მეთოდებს გაეცნენ - ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცოდითო. არ იცოდნენ იმიტომ, რომ ჩვენ დაახლოებით 2 წელიწადი ვუნიშნავთ წოლით რეჟიმს ბავშვებს, უცხოეთში კი ასეთი ხანგრძლივობის წოლითი რეჟიმი ბავშვთა უფლებების დარღვევად ითვლება.

სამწუხაროდ, პერტესით დაავადებულთა მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს და შვილისთვის მკურნალობის თითოეული კურსის ჩატარება მშობელს დაახლოებით 3 000 ლარი უჯდება. ამ დაავადების განსაკურნებლად კი სულ ცოტა, ხუთი კურსი მაინც არის საჭირო... ასე დავდექით იმ განსაცდელის წინაშე, როცა მატერიალურად შეჭირვებულ მშობელს არჩევანის გაკეთება უხდება შვილის დაინვალიდებასა და ყველაფრის გაყიდვას შორის. ამიტომაც ვიბრძვით  პერტესის დაავადების სამკურნალო დაწესებულების აღსადგენად და იმისთვის, რომ მკურნალობა კვლავ უფასო გახდეს.