გავააქტიუროთ ტვინი - კვირის პალიტრა

გავააქტიუროთ ტვინი

როგორ გავააქტიუროთ ბავშვის ტვინი გამოცდების წინ, ისე რომ ის არ "გადაიწვას"? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

- არსებობს თუ არა ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი სპეციალური პროდუქტი?

- კიც და არაც. ტვინის მუშაობა მართლაც ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვჭამთ. ამიტომაც ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული:

ცხიმები - ტვინის 60% ხომ ცხიმებისაგან შედგება. ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელსაც ყველაზე უხვად შეიცავს ზღვის თევზი, კრევეტები, კაკალი და მზესუმზირა. თუ ასეთი პროდუქტი იშვიათად ხვდება თქვენს მენიუში, მაშინ დაგეხმარებათ აფთიაქის ვიტამინები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შეიცავენ ომეგა-3-ს და თუთიას.

- ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების ცხოველური ცილები გვამარაგებენ ამინომჟავებით - ტრიფთოპანითა და თიროზინით, რომლებიც "მეხსიერების ვიტამინებს" წარმოადგენენ.

- ნახშირწყლები ტვინს ამარაგებს ენერგიით - გლუკოზა ხომ ნეირონების საწვავია, რომელსაც რუხი ნივთიერება მოიხმარს ძალიან სწრაფად - საათში 6 გ-ს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შოკოლადს მივეძალოთ, მართალია, "საწვავს" ნელა აწვდის ტვინს ბურღულეული და ბოსტნეული, სამაგიეროდ, ყოფნის დიდხანს.

შინაგან დამცველ ძალებს ბუნებრივად გაამაგრებს დღეში 80-100 გ ახალი კენკრა: ჟოლო, მარწყვი, მოცვი, მაყვალი ან 50-50 გ შტოში და შავი მოცხარი.

B ჯგუფისა და  A, C, E ვიტამინების გარეშე შეუძლებელია კონცენტრირება და ინფორმაციის ათვისება. ტვინს ამ ვიტამინებით ეხმარება კაკალი, ხილი, ბოსტნეული, ხორცი და რძის პროდუქტები.

დასკვნა: მართალია, გონებისთვის სპეციალური საკვები არ არსებობს, მაგრამ სწორად ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება - ინტელექტუალური წარმატებების საწინდარია.

- სწორი სტრატეგიაა, რომ გამოცდებისთვის მზადებისას დილიდან საღამომდე წელში გაუმართავად მაგიდასთან ვიჯდეთ?

- არა. ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც შინიდან სკოლამდე და პირიქით, ფეხით ან ველოსიპედით დადიან, უკეთესად სწავლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მანქანით ან ავტობუსებით მიჰყავთ, ხოლო ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოსწავლეები, რომლებიც კვირაში 3-4-ჯერ ვარჯიშობენ, სწავლაში ლიდერობენ.

გასამხნევებლად სრულიად საკმარისია 5 წუთით თავის მოძრაობა. გონებრივი შრომის ეფექტიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ტვინის სისხლით მომარაგებაზე. თავის მარჯვნივ, მარცხნივ და წინ დახრა, კისრის ტრიალი, ხშირად გვეხმარება არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ვარჯიშები მოძრაობის კოორდინაციისთვის

ცნობილია, რომ ტვინის მარცხენა სფერო პასუხს აგებს ლოგიკაზე, მარჯვენა კი - შემოქმედებაზე. ნახევარსფეროების ჰარმონიული მუშაობისათვის საკმარისია 10-15 წუთი დილის ვარჯიში, რომელშიც ჩართულ იქნება ცეკვის ილეთები, ხელებისა და ფეხების ტრიალი, რხევა სხვადასხვა მიმართულებით.

ცურვა, სირბილი აძლიერებს სისხლის მოძრაობას მთელ სხეულში და მათ შორის, თავშიც. ამ დროს ეს დატვირთვა ზეგავლენას ახდენს ტვინის სტრუქტურაზე: იქმნება ახალი ნეირონები, რომლებიც უფრო სწრაფად ფუნქციონირებენ. დაუჯერებელია, მაგრამ სირბილი მართლაც მოქმედებს გონებაზე, სხვათა შორის, ფიზიკური დატვირთვა გვეხმარება სტრესების გამკლავებაში.

დასკვნა: გამოცდებისთვის მომზადების პერიოდში აუცილებლად ივარჯიშეთ: ყოველდღიური ვარჯიში და სეირნობა ეხმარება ბავშვს წარმატებით სწავლაში.

- გამოცდების წინ დავიძინოთ თუ ვისწავლოთ საგანი?

- არა. ეს აბსოლუტურად უაზრობაა, რადგან ფიზიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ძილის დროს მიმდინარეობს ნასწავლის განმტკიცება. ტვინი ისვენებს და ემზადება მეორე დღისთვის, რათა დასვენებულმა ენერგიულად დაიწყოს მუშაობა და, რაც მთავარია, დაცული უნდა იყოს დღის რეჟიმი: ყოველ საათში ერთხელ - აქტიურად უნდა დაისვენოს 10-15 წუთი.

გამეორება - ცოდნის დედაა. დამტკიცებულია, მასალა რომ დაიმახსოვროთ, უნდა გაიმეოროთ. ოპტიმალური სქემაა: პირველი გამეორება - საათი, საათ-ნახევრის შემდეგ, მეორე - საღამოს, მესამე - მეორე დღეს. გამეორების დროს ნუ შეეცდებით მთელი მასალის გამეორებას, არამედ გაიმეორეთ თქვენ მიერ ჩამოწერილი საკითხები, კონსპექტები.

დასკვნა: მეხსიერების გასამყარებლად საჭიროა სავარჯიშო სისტემა, რომლის ძირითადი პუნქტებია: სწავლისა და დასვენების მონაცვლეობა, გამოცდების წინ ძილი აუცილებელია.