ოკუპაციური მედიცინა, ანუ ჩვენ ერთად ვართ!
28-10-2013
ოკუპაციური მედიცინა, ანუ ჩვენ ერთად ვართ!
იქნებ ბევრმა არ იცის, მაგრამ ამ ბოლო დროს მედიცინაში ახალი დარგი გამოჩნდა -  ოკუპაციური თერაპია. მის შესახებ ბევრ ჩვენგანს ჯერჯერობით არაფერი გაუგია, ამიტომ მათ, ვინც ტერმინ "ოკუპაციურში" იქნებ საშიშროებასაც ხედავდეს, ვეტყვით, რომ აქ არაფერია საშიში! ეს ხუმრობით, ისე კი "ოკუპაციური თერაპია" მედიცინის ისეთივე კეთილშობილური დარგია, როგორიც ზოგადად მთელი მედიცინა, მით უფრო მათთვის, ვისთვისაც ის საგანგებოდ Eშეიქმნა, - ამ მედიცინის მიზანია ფიზიკური, გონებრივი თუ სოციალური მიზეზებით შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების სპეციალური მეთოდებით
მკურნალობა. ოკუპაციური თერაპია ყველანაირად ცდილობს,  ამ ადამიანებს დამოუკიდებლობის მიღწევაში მაქსიმალურად დაეხმაროს, რათა მათ თავად, საკუთარი ხელით შეძლონ ჩაცმა, დავარცხნა, დაბანა, ჭამა... როდესაც ოკუპაციური თერაპევტები ამას აღწევენ, იმაზე მუშაობასაც იწყებენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებაშიც ჩართონ და მეტიც, დამოუკიდებელიც გახადონ. ვესაუბრებით ოკუპაციურ თერაპევტს ნინო ჭინჭარაულს:

- ზოგადად მედიცინის კეთილშობილება და შესაძლებლობები დამყარებულია დიდ მოთმინებასა და შრომაზე. არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებთან საბრძოლველად ექიმის მოთმინების გარეშე არაფერი გამოვა. შესაძლოა ოკუპაციური თერაპევტები ცოტა სპეციფიკურად განსხვავებულ გარემოში მუშაობენ, მაგრამ ექიმის მიზანი, ნებისმიერ გარემოში ადამიანს სიხარული მიანიჭოს, ყოველთვის შეუცვლელია.

- კერძოდ, სად მუშაობენ ოკუპაციური თერაპევტები?
- ბევრგან. ისეთ პაციენტებთან, სადაც მათი ძირითადი როლი ამ პაციენტისათვის ოპტიმალური, მოსახერხებელი პოზისა და ჯდომის უზრუნველყოფა ან მოტორული  უნარ-ჩვევების  გაუმჯობესებაა; სადაც ადამიანებს სჭირდებათ დამოუკიდებლად კვების უნარების განვითარება. ვმუშაობთ ხანდაზმულებთან, ინსულტგადატანილ, შეზღუდული მხედველობის ან დემენციის მქონე ადამიანებთან, მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებთან. ოკუპაციური თერაპევტები ახდენენ სასწავლო, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს ადაპტაციას კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, რათა მათ წარმატებულად შეძლონ სასურველი საქმიანობა. ასეთი ადამიანები კი, გვერწმუნეთ, ჩვენში არც ისე ცოტანი არიან. ჩვენში ჩვენი პროფესიის თერაპევტები პირველად 2001-2003 წელს მოამზადეს, ხოლო 2006 წლიდან  პროფესიის სწავლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დაიწყო.

- არასოდეს უკითხავთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესიაო?
- უკითხავთ და მე ვპასუხობ, რომ ჩემი პროფესია იმაზე მეტად რთული არ არის, რაც სხვა ნებისმიერი. ამავე დროს, როცა ვხედავ, როგორ უმჯობესდება იმ ადამიანის ცხოვრების უნარი, რომლისთვისაც მუშაობ და ამ დროს როგორ ძლიერდება მისი ოჯახი, როგორ იმედიანად და მედგრად იბრძვიან შენთან ერთად, რომ ამ ადამიანს მომავალი ჰქონდეს, ის სირთულეც დავიწყებას ეძლევა, რაც შეიძლება იყოს ჩვენს პროფესიაში.

- ჩემი აზრით კი, თქვენი პროფესია საკმაოდ რთულია... ერთი წამით წარმოვიდგინე, როგორ მიდის ოკუპაციური თერაპევტი ისეთ ადამიანთან, რომელსაც, მაგალითად, მხოლოდ ცალი ხელის მოძრაობის უნარი აქვს, როგორ ცდილობს ასწავლოს ყველაფერი, რაც უნარშეუზღუდავ ადამიანებს აქვთ...

- ამასთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა გარკვევით შემიძლია, - როცა ჩვენთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობს და ჩვენსავით იბრძვიან ამ ადამიანის ოჯახის წევრები, რომლებსაც ის უყვართ, მერწმუნეთ, სასწაულის მიღწევაც შეიძლება.

P.S. რადგან ამ პროფესიაზე პირველად ვწერთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უცნობი ოკუპაციური თერაპევტის ჩანაწერი შემოგთავაზოთ:

"კარგად მახსოვს, როცა ოკუპაციური თერაპიის შესწავლა დავიწყეთ, მეორე კვირასვე გვითხრეს, - ახლა პაციენტებს უნდა შეხვდეთო და სხვადასხვა დაწესებულებაში გაგვგზავნეს. მე უნარშეზღუდული ადამიანების სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში წავედი (ამ ცენტრში პაციენტებს აქვთ ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები, ბევრი საერთოდ ვერ გადაადგილდება, ბევრი ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ საუბრობს. ზოგიც მოძრაობს, მაგრამ ინტელექტუალური განვითარების დონე 2 წლის ბავშვისა აქვს). ეს იყო ჩემი პირველი პროფესიული შოკი - რა უნდა გავაკეთო ადამიანთან, რომელსაც მხოლოდ ერთი კუნთი უმუშავებს და გარდა ამისა, სრულიად უინტელექტოა?

სიმართლე გითხრათ, დავფიქრდი, ღირს კი ამ პროფესიის შესწავლა? სანამ დროა, იქნებ ჯობს პროფესია გამოვიცვალო? მაგრამ პირველ ემოციას არ ავყევი და კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი.
ახლა კი ვიცი, წარმატებით რომ ვიმუშაო, მხოლოდ ოკუპაციური თერაპიის თეორიისა და პრაქტიკის ცოდნა არ მყოფნის, საჭიროა შევავსო ჩემი პროფესიული ინსტრუმენტების ყუთი, რომელიც ოთხი განყოფილებისგან შედგება. იმისათვის, რომ გავიგო, გავაანალიზო და დავგეგმო თერაპიის პროცესი, საჭიროა თითოეული "უჯრა" გამოვიყენო. ეს "უჯრები" კი ნიშნავს, რომ ჩვენ ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ ზოგადი თეორიები - თეორიები ფსიქოლოგიიდან (ოჯახის ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია), ფიზიოლოგია, ანატომია, ფსიქიატრია, ნევროლოგია და ა.შ. ხედავთ, რამდენია?

ჰოდა, ძალიანაც კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ მრავალფეროვან და მოქნილ პროფესიას დავეუფლე, რაც მთავარია, ეს პროფესია ვარ მე, იმიტომ, რომ ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ, ბევრი რამის სწავლა შემიძლია და რაც ვისწავლე, შემიძლია, თავისუფლად გამოვიყენო".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით