არ გაგიტაცოთ მკაცრმა დიეტამ - კვირის პალიტრა

არ გაგიტაცოთ მკაცრმა დიეტამ

თითქოსდა ეს ძალიან ადვილია: ნაკლები ენერგია მივიღოთ საკვებისაგან და მეტი დავხარჯოთ. ეს მართლაც ასეა. ცნობილია, რომ 1 გ ცხიმი ორგანიზმს მატებს 9 კკალ ენერგიას. მაგალითად, თუ ადამიანი დღე-ღამეში არ მიიღებს 600 კკალ-ს, მარაგი 70 გ-ით შემცირდება, პირიქით, თუ ზედმეტს მივიღებთ - "მარაგი" იზრდება.

დიეტოლოგები უპირველესად, გვირჩევენ, წონაში დასაკლებად რაციონის ბალანსირებასა და ჰიპოკალორიული დიეტის დაცვას - კალორიების თანდათანობით შემცირებას. მაგალითად, პირველ თვეს 600 კკალორიამდე შემცირებას. ამის მიხედვით ორგანიზმში იქმნება ენერგიის დეფიციტი და ადამიანი იკლებს 2 კგ-ს. იტყვით, ეს ცოტააო. მაგრამ 10 თვეში ხომ ის 20 კგ-ს მიაღწევს.

ძალიან დაბალკალორიული დიეტები (დღე-ღამეში 800 კკალორია) შეიძლება დაიცვათ მხოლოდ ექიმის კონტროლით. ასეთ დიეტებს ბევრი უკუჩვენება აქვს: სისუსტე, გადაღლილობა, გულისრევა, პირღებინების შეგრძნება, დიარეა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარება...

გარდა ამისა, ორგანიზმი ასეთი დიეტის დროს სულ შიმშილს გრძნობს და იწყებს ენერგიის დაზოგვას, ამიტომაც წონაში დაკლება ძალიან ნელა მიმდინარეობს და ასეთი დიეტის შეწყვეტის შემდეგ ადამიანი წონაში ძალიან სწრაფად იმატებს. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია - ჰიპერკალორიული დიეტა - კალორიების თანდათანობით შემცირება. ამ დროს უმტკივნეულოდ მიმდინარეობს კვების სტერეოტიპის ცვლილება, რასაც მოჰყვება კარგი შედეგი - დააკვირდით, რომ სხეულის მასა იცვლებოდეს ცხიმის ხარჯზე, კუნთები კი იგივე რჩებოდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ შემადგენლობით (ჩართულია ყველა კვებითი ნივთიერება) ბალანსირებული დიეტით: ცილები, რომლის წყაროა რძის პროდუქტები, ხაჭო, კვერცხი, კაკალი, პარკოსნები, თევზი, ქათამი, ინდაური, ბოცვერი; აუცილებლად მცენარეული ზეთები, მათ შორის ზეითუნის. ნახშირწყლები უნდა შეადგენდეს რაციონის 50-60%-ს (ფაფები, მაკარონი). ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ორგანიზმს უზრუნველყოფენ ენერგიით და დიდხანს კლავს შიმშილის გრძნობას.

რადგანაც, ტვინში წყურვილისა და მადის ცენტრები გვერდიგვერდ არის, შიმშილის დათრგუნვის მიზნით, შეეცადეთ, მეტი სითხე მიიღოთ. რა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭება სუფთა წყალს, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დაბალკალორიული და უალკოჰოლო სასმელები. არ გაეკაროთ ალკოჰოლს, მათ შორის ლუდს, არ მოსწიოთ სიგარეტი, მარილი შეზღუდეთ, რადგან ის ხელს უშლის ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. დიეტოლოგები გვირჩევენ - არ გაგიტაცოთ მკაცრმა დიეტამ - სწორად იკვებეთ!