უხილავი საშიშროება... - კვირის პალიტრა

უხილავი საშიშროება...

ბუნებამ იზრუნა ჩვენი ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვაზე - ამ მტერთან საბრძოლველად ფხიზელი და სწრაფი მოქმედების იმუნური სისტემა მოგვცა. ნივთიერება ლიზოციმს, რომელსაც ნერწყვი შეიცავს, ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. ძალიან სწრაფად სპობს მიკრობებს კუჭის წვენი. სუფთა ხელის კანზე მიკრობების რამდენიმე კოლონა რომ "დათესოთ", 1-1,5 საათის შემდეგ ყველა დაიღუპება. ჭუჭყიან ხელებზე კი იცოცხლებენ და ძალიან სწრაფადაც გამრავლდებიან. ორგანიზმში მოხვედრილ ამ ძლიერ და საშიშ "არმიას" დამცველი იმუნური სისტემა ვერ გაუმკლავდება... ამიტომ საჭიროა ხელები კარგად დაიბანოთ!

სწორედ ხელების დაბანით გაუმკლავდნენ შავ ჭირს, ქოლერას და სხვა სასიკვდილო ეპიდემიებს. მაგრამ XXI საუკუნეშიც, ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, ავადმყოფობენ. ჭუჭყიანი და ჰაიჰარად დაბანილი ხელებით ვრცელდება გრიპი, კუჭ-ნაწლავის ინფექციები, ჰეპატიტები, მწვავე რესპირატორული, კანისა და სხვა დაავადებები.

დაიხსომეთ! ყოველთვის დაიბანეთ ხელები ტუალეტის, ცხოველებთან კონტაქტის, საკვების მომზადების წინ და ჭამის შემდეგ, ასევე როდესაც დააცემინებთ და დაახველებთ ხელებში, ჭრილობისა და ნაკაწრის დამუშავების წინ და შემდეგ, ნაგავთან შეხების შემდეგ, ლინზების დამაგრების წინ და შემდეგ.

გასაპნული ხელები ენერგიულად და კარგად დაიბანეთ 15-20 წუთი მაინც, ამ დროს დაავადების გამომწვევი ვირუსებისა და ბაქტერიების 90% იღუპება.

შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ, რადგან ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, რომ ჭუჭყიან ხელებზე სახლდება 68 ათასი მიკროორგანიზმი, მშრალზე - 140.

იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ არის წყალი და საპონი, ხელების გასაწმენდად გამოიყენეთ მადეზინფიცირებელი საშუალებები, რომელიც 60% სპირტს შეიცავს. თუმცა ძალიან ჭუჭყიანი ხელების გასასუფთავებლად მათ გამოყენებას აზრი არა აქვს, ამ დროს აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები წყლითა და საპნით.